Accessibility links

სოციალური მუშაკების პროტესტი


სოციალური მუშაკების პროტესტი
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:22:40 0:00

,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი, წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს და სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს. ქეთევან ხუციშვილი თავადაც სოციალური მუშაკი იყო და იმ მიზეზების გამო მოუწია სამსახურის დატოვება, რასაც დღეს უკვე სისტემაში დასაქმებულები აპროტესტებენ. "დილის საუბრების" სტუმარი აღწერს ვითარებას, როცა საჭიროების მქონე მოქალაქეების რაოდენობასთან მიმართებით ძალიან ცოტანი არიან სოციალური მუშაკები და მათ ხელთ არის უკიდურესად მწირი ინსტრუმენტები, რითაც უნდა პასუხობდნენ მოქალაქის საჭიროებას. ქეთევან ხუციშვილი მაგალითად ასახელებს ფაქტს, რომ თბილისის მთელ მოსახლეობაზე სააგენტოს დასაქმებული ჰყავს ერთი ფსიქოლოგი. სოციალური მუშაკების გადატვირთულობის აღწერისას კი ამბობს, რომ იმდენად დიდია მიმართვიანობა, სოცმუშაკი განცხადებების გაცნობასაც კი ვერ აუდის, არათუ დროულად რეაგირებას. ამას გარდა, სოციალურ მუშაკს თავად უწევს ბენეფიციართან მისასვლელი და ხშირად მისი ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა, რაც მისი ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ: "სოციალური მუშაკები მიუთითებენ სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე, კერძოდ კი, სათანადო მომსახურებების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც მუდმივი საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების - ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესები. სოციალური მომსახურების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები". აღნიშნული პრობლემების დღის წესრიგში დაყენების მიზნით, სოციალური მუშაკები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 8 თებერვალს 15:00 საათზე, შეიტანენ წერილს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე. სოციალური მუშაკების ძირითადი მოთხოვნაა ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური მომსახურებების ჩამოყალიბება და აღნიშნულის პარალელურად სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა. წერილის შეტანის შემდგომ, სოციალური მუშაკები ადგილზე გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს სხვადასხვა უწყების მიმართ. მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები უახლოეს მომავალში გაიფიცებიან.

XS
SM
MD
LG