Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა საჭიროებს ექსპორტის სტიმულირების ახალ სქემებს


ავტორი: ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე

გლობალური ეკონომიკური სამყარო გაურკვევლობასა და მზარდ საფრთხეებშია. სავაჭრო კონფლიქტები ციკლურად ასუსტებს მსოფლიო ეკონომიკურ აქტივობას. გაურკვევლობას იწვევს ცენტრალური ბანკების ქმედებები. კვლევები ცხადყოფს გლობალური ვაჭრობის მოსალოდნელ გაუარესებასა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებას. აღნიშნული მოცემულობის ფონზე, მოსალოდნელია სამუშაო ადგილების შემცირება, კომპანიებში ინოვაციის განვითარების შეფერხება, საინვესტიციო აქტივობის შენელება, მოსახლეობისათვის არსებობის საშუალებების მოკლება და ცხოვრების გართულება. პროგნოზით, მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 2019 წელს იქნება მხოლოდ 1.2% (პროგნოზი იყო 2.6%), ხოლო მსოფლიო ეკონომიკის ზრდა - 3.2% (IMF-ს პროგნოზი იყო 3.3% ).

მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო სურათი სტაბილურია. თუ გავაანალიზებთ ბოლო 5 წლის მონაცემებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ანალიზი აჩვენებს (2014 წელს იყო 11.4 მლრდ დოლარი) მკვეთრ შემცირებას. 2015-2016 წწ. საგარეო ვაჭრობის მოცულობა შემცირდა და 9.5 მლრდ - 9.4 მლრდ დოლარი შეადგინა (თანამიმდევრობის შესაბამისად). შემდგომ იყო სუსტი ზრდა და 2017 წელს საგარეო ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 10.7 მლრდ დოლარს. აღსანიშნია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა მკვეთრი ნახტომი და ვაჭრობამ 12.5 მლრდ დოლარი შეადგინა. დღეს კი (2019 წელს იანვარ-სექტემბრის მონაცემებით) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკამ აჩვენა 9.2 მლრდ დოლარის ბრუნვა.

2019 წლის სავაჭრო სტრუქტურაში ექსპორტის მოცულობა 11.1%-ით (წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით) გაიზარდა და შეადგინა 2 719.2 მლნ აშშ დოლარი. აღსანიშნია, რომ იმპორტი შემცირდა 3.3%-ით (წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებით) და 6474.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 16.3%-ით, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 23.2%-ით. ამასთან, იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებთან 1 667.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან - 1 704.7 მლნ აშშ დოლარს. მთლიანობაში, კვლავ შენარჩუნდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.

უცვლელია საექსპორტო სასაქონლო ჯგუფის სტრუქტურა, რომელიც მოიცავს: სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, მსუბუქ ავტომობილებს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, მედიკამენტებს, სპირტიან სასმელებს, აზოტოვან სასუქებს, დაუმუშავებელ ოქროს, მინერალურ და მტკნარ წყლებს. კვლავ სხვა ქვეყნებიდან შემოტანით ვაკმაყოფილებთ სამამულო საჭიროებებს ნავთობპროდუქტებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, მედიკამენტებზე, ხორბალზე, სიგარეტზე.

აღსანიშნია, რომ ექსპორტიორების პროდუქციის საბოლოო მყიდველსა და საბოლოო წერტილს წარმოადგენს: რუსეთი (371.1 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ აშშ დოლარი). მაღალი საიმპორტო აქტივობა გვაქვს თურქეთთან (1 138.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთთან (661.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთთან (647.2 მლნ აშშ დოლარი).

მიუხედავად აქტივობის არსებული ტემპისა, საზოგადოებაში სუსტია ეკონომიკური იმპულსები. გასათვალისწინებელია, რომ გლობალური ეკონომიკა აჩვენებს დაღმავალ ტრაექტორიას. ამიტომ, ამ მოცემულობის ფონზე ქვეყანა სასწრაფოდ საჭიროებს სავაჭრო-ეკონომიკური აქტივიზაციის ახალ სქემებს, გაახლებულ პროგრამებსა და ახლებურად მუშაობას.

ჯამში, ვაჭრობა უნდა განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტი ხალხის ცხოვრების კეთილდღეობის ზრდისთვის. ამისათვის აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • შემუშავდეს ექსპორტის სტიმულირების ახალი სქემები;
  • სტიმულირებული იქნას საექსპორტო პროდუქტების ასორტიმენტის ზრდა;
  • საგარეო ვაჭრობის ზრდის მიზნით გააქტიურდეს ეკონომიკური და ციფრული ეკონომიკური დიპლომატია;
  • თითოეული მეწარმის ძირითადი მიზანი უნდა გახდეს საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების მოვალეობა გახდეს ასეთი საექსპორტო პროდუქტის ბაზარზე გატანის ხელშეწყობა;
  • ჯამში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას თითოეულ ოჯახსა და თითოეულ კომპანიაზე მორგებული აქტივობის პროგრამები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG