Accessibility links

ღია პასუხი ღია წერილს: პოლემიკა „პანოპტიკონის“ გარშემო და სიბრაზის დეფიციტი ქართულ კინოში


ავტორი: ნინო ძანძავა

კინოცენტრის მიერ 2020 წლის თებერვალში ჩატარებული სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის შედეგებს კინემატოგრაფისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ბუნებრივია, განაწყენებულები და კრიტიკული კომენტარების ავტორები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვა. მათი ნაწილი მოითხოვს საპროექტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების შეცვლას, ხოლო პროექტების განხილვაში მონაწილე კომისიის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, საქმის არაკომპეტენტურად შესრულების გამო.

კინორეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა სცენარით „პანოპტიკონი“, ღია წერილი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის ადრესატი კინოცენტრის დირექტორია, როგორც სადებიუტო კონკურსის 2020 წლის კომისიის წევრს, პოლემიკაში ჩართვის სურვილი მეც გამიჩნდა.

წერილში დიდძალი კრიტიკა მიმართულია ჟიურის ე. წ. არაპროფესიონალიზმისკენ პროექტისთვის მინიჭებული ქულების არგუმენტირებისას. ასევე, მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, რომელთა შორის ჩემი შეფასებაც აღმოჩნდა, უფრო სწორად, შეფასების ნაწილი.

ის, რომ გაბრაზებული კინორეჟისორი შეფასებების მხოლოდ ნაწილს აქვეყნებს - ჟიურის კონკრეტული წევრების კონკრეტულ ამონარიდებს და არა სრულ შეფასებებს - წერილის დემაგოგიურ ხასიათზე მეტყველებს.

ავტორის აზრით, „შემაშფოთებელი“, „არალოგიკური“ და დაწერილ ქულასთან შეუსაბამოა რეჟისურის კომპონენტში გაკეთებული ასეთი შეფასება: „რეჟისორის ხედვა მკაფიო და ნათელია. წინა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მიღებული გამოცდილების დახმარებით, მას დეტალურად აქვს გააზრებული მომავალი პროექტის ფორმა, სტილი და გამოსახულება.“

ძალიან უცნაურია, რომ ადრესატს და თანაც კინორეჟისორ ადრესატს, ჩემს ბანალურ და ამავდროულად ღიად ირონიულ შეფასებაში მოყვანილი სიტყვები „მკაფიო და ნათელი“ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში ესმის. „მკაფიო და ნათელი“ ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ცნებები. მეორე წინადადება კი პირდაპირ მიემართება მის წინა მოკლემეტრაჟიან ფილმს სახელწოდებით „ახალი წელი“ (2018). ის მარტივად ამბობს, რომ გიორგი სიხარულიძის ახალი პროექტი ამ წინა ნამუშევრის გაგრძელების მცდელობას გავს, რომელშიც რეჟისორი იდენტური ფორმით, სტილითა და გამოსახულებით აპირებს იმავე თემაზე ლაპარაკს, რაც „პანოპტიკონშია“.

თუკი შეფასების ქულასა და ტექსტს ერთმანეთთან დავამონტაჟებთ, რაც იყო კიდევაც თქვენი მონა-მორჩილის მიზანი პროექტზე რეფლექსიის პროცესში, რეჟისორსა და პროდიუსერს ადვილად უნდა გამოეტანათ ლოგიკური დასკვნა, რომ კომისიის წევრმა, „ახალი წელი“ გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ რეჟისორი წინა ნამუშევართან დისტანცირებას არ ეწევა, პირიქით, მთავარი იდეური და ვიზუალური ხაზის გაგრძელებას აპირებს, შეიძლება უფრო განიერი და ანამორფული ობიექტივებით, მაგრამ იმავე ხედვით.

ქართველ კინომცოდნეებს ხან ღია კრიტიკას უწუნებენ და ხანაც მეტაფორულს. როგორც ქართული სიბრძნე ამბობს, - „ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო“.

ესეც ტექსტის ის ნაწილი, რომელსაც ღია წერილში მოხვედრის პრივილეგია არ ერგო:

„16 წლის ბიჭის მოწიფულობაში გადასვლის ისტორიის პარალელურად სცენარი კონცენტრირდება ისეთ თემებზე როგორიცაა რწმენა, რელიგიური ფანატიზმი და რადიკალური ჯგუფების ექსტრემიზმი. მოქმედება მძიმე სოციალურ გარემოში ვითარდება, სადაც ოჯახის დაშლის მნიშვნელოვანი წინაპირობა ეკონომიკური სიდუხჭირეა. რელიგიური კონსერვატიზმით შებოჭილი მთავარი პერსონაჟის მიერ საკუთარი სექსუალობის დათრგუნვა ნეგატიურ ემოციებსა და ქმედებებს იწვევს.

თემატური თვალსაზრისით სცენარი ძალიან აქტუალურია. ამავდროულად, სასურველი იქნებოდა უფრო კომპლექსურ და პოლიტიკურ ჭრილში ყოფილიყო წარმოდგენილი ფანატიზმის ხაზი, უფრო მეტ სიღრმეში წასულიყო პერსონაჟების მოტივაციების კვლევა.

დრამატურგიული და სტუქტურული გამართულობის პირობებში, სცენარს უჭირს შექმნას ძლიერი, ემოციურად დამუხტული ატმოსფერო, რომელიც სოციალურად და პოლიტიკურად მწვავე იქნებოდა.“

1950-იან წლებში ბრიტანულ ხელოვნებაში ახალგაზრდა გაბრაზებულები მოვიდნენ. ჩვენც გაბრაზებული წერილების წერას, გაბრაზებული კინო ვაკეთოთ ჯობია. რადგან საქმე ანდაზებზე და პოეზიაზე მიდგა, ბარემ ესეც იყოს: „ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG