Accessibility links

ღია წერილი ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, ბატონ გაგა ჩხეიძეს


ავტორი: გიორგი სიხარულიძე

ბატონო გაგა,

სანამ უშუალოდ თქვენ მოგმართავდეთ, მინდა ვთქვა, რომ ეს წერილი და, ზოგადად, ჩემი პოზიცია გამარჯვებულ რეჟისორებსა და მათ პროექტებს არ უპირისპირდება. პირიქით, შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ორივეს პირადად მივულოცე გამარჯვება და წარმატებებიც ვუსურვე. მე არასოდეს წავსულვარ ჩემი კოლეგების წინააღმდეგ და ამის გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. შესაბამისად, მათი პროექტების გამარჯვების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვი კინოცენტრის ბოლო ორი კონკურსის ჩატარების მეთოდებზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წერილი სამომავლო რეფორმების ჭრილში განიხილოთ.

ჩემი პროექტი, „პანოპტიკონი“, კინოცენტრში პირველად 2019 წლის ივნისში შემოვიტანეთ. მე მოხარული ვიყავი, რომ თქვენ ჟიურის წევრებად საღად მოაზროვნე ადამიანები დანიშნეთ, მათ შორის ისინი, ვისაც დიდ პატივს ვცემ და ვის საქმიანობასაც თვალყურს სულ ვადევნებდი და კვლავ ვადევნებ.

ამ კონკურსში ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. შეფასებებში იყო რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა, რომელიც უპრობლემოდ მივიღე, თუმცა იყო ასევე ქულასა და კომენტარს შორის რადიკალური სხვაობები, მაგალითად მოვიყვან ჟიურის ერთ-ერთი წევრის არგუმენტს რეჟისორის შეფასების გრაფაში: „რეჟისორის ხედვამ, წინა ნამუშევარმა და, განსაკუთრებით, მასთან საუბარმა დამაიმედა, რომ ეს ახალგაზრდა წარმატებით გაუძღვება პროექტს“. ქულების რაოდენობა კი 7-დან მხოლოდ 4-ია.

ჟიურის სხვა წევრი წერს: „საინტერესო კინემატოგრაფიული ხედვა, გადმოცემა, პროფესიონალიზმი“. ქულების რაოდენობა კი - ისევ 7-დან მხოლოდ 4.

ამ კონკურსში დამარცხების შემდეგ, ჩვენ ხმის ამოუღებლად გავაგრძელეთ პროექტის დამუშავება და ახალი პარტნიორებისა და საერთაშორისო ფონდებში საწარმოო გრანტების ძიება. ამ მიზნით, სცენარი შევიტანეთ საფრანგეთის CNC - Aide aux Cinémas du Monde-ის კონკურსში და მოვიგეთ დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ბიუჯეტის 50 %-ის წარდგენის შემთხვევაში. ამის შემდეგ, როცა კინოცენტრმა უკვე 2020 წელს ახალი კონკურსი გამოაცხადა, პროექტი ხელახლა შემოვიტანეთ.

ამჯერადაც თქვენ ჟიური, ერთი შეხედვით, კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტეთ. მიუხედავად იმისა, რომ “პანოპტიკონის“ პრეზენტაციისას ამომწურავად ვისაუბრე სცენარზე, პერსონაჟებზე, რეჟისორის ხედვაზე, ფილმის სტილსა და ატმოსფეროზე, ჟიურის მხოლოდ ორი შეკითხვა გაუჩნდა, რომელიც პროექტთან არსებით კავშირში არ იყო:

1) აპირებთ თუ არა ფილმის სათაურის შეცვლას?

2) აპირებთ თუ არა ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან იმავე მსახიობების დაკავებას?

ჟიურის ანონიმური შეფასებების წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მათი არგუმენტაცია ამჯერად კიდევ უფრო შემაშფოთებელი და არალოგიკურია. მაგალითად, კომისიის ერთი წევრი წერს: „რეჟისორის ხედვა მკაფიო და ნათელია. წინა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მიღებული გამოცდილების დახმარებით, მას დეტალურად აქვს გააზრებული მომავალი პროექტის ფორმა, სტილი და გამოსახულება“. ქულების რაოდენობა კი - 10-დან მხოლოდ 6.

კომისიის სხვა წევრის შეფასებაში წერია: „პერსპექტიული რეჟისორია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორი ფილმის გადაღება სურს. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტორიც, რომ რეჟისორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა და ამუშავებს იმ ამბავს, რომელსაც კარგად იცნობს“. ქულების რაოდენობა - 10-დან მხოლოდ 7.

აღნიშნულ ფორმაში ჟიურის წევრების საყურადღებოდ გარკვევით წერია: „გთხოვთ, წერილობით წარმოადგინოთ თქვენ მიერ მინიჭებული ქულის არგუმენტაცია. ტექსტის მოცულობა შეზღუდული არ არის“. როგორ ავხსნათ ის, რომ ჟიურის წევრები მიწერენ მხოლოდ და მხოლოდ დადებით კომენტარებს, მაგრამ, ამავე დროს, მაფასებენ დაბალი ქულით? რატომ არ არის ჩემი 6-ქულიანი და 7-ქულიანი შეფასებების არგუმენტები გადმოცემული, როგორც ეს მითითებაში წერია? რა შეიძლება ამას ეწოდოს - ზერელე დამოკიდებულება, არაკომპეტენტურობა თუ დისკრიმინაცია? როცა კომენტარებში არ არის არც ერთი კრიტიკული შენიშვნა, ხოლო ქულა ასეთი დაბალია, ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი?

უსაფუძვლოა რეჟისორის დაბალი ქულით შეფასება იმის გამო, რომ სცენართან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გაკეთდა და პირიქით. მაგალითისთვის მომყავს კომისიის ერთ-ერთი წევრის რეჟისორის შეფასება, რომელმაც ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მხოლოდ წინა ნამუშევრები გაითვალისწინა (არ არის ნახსენები მოტივაცია, ხედვა, ვიზუალური მხარე, ატმოსფერო/სტილი). გრაფაში, სადაც რეჟისორის შეფასების არგუმენტაცია უნდა მოეყვანა, ისევ სცენარზე გააგრძელა საუბარი: „რეჟისორის წინა ნამუშევრები კარგ დონეზეა შესრულებული. დარწმუნებული ვარ, კარგი სცენარის არსებობაში რეჟისორი გაართმევს თავს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სცენარის მზადყოფნის საკითხი დგება რეჟისორის წინაშე“. ქულების რაოდენობა - 7-დან მხოლოდ 3. თუ ჟიური სცენარის მისამართით არსებული კრიტიკის გამო რეჟისორსაც დაბალ ქულას დაუწერს, მაშინ რა აზრი აქვს შეფასებების ორ ნაწილად დაყოფას?

სამწუხაროდ, ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ კონკურსის გარკვეულ ეტაპებზე ვაწყდებით სრულ განუკითხაობასა და არაპროფესიონალიზმს. აშკარაა, რომ თქვენ არ ხელმძღვანელობთ შეფასებების ლოგიკური კრიტერიუმებით, რაც პირდაპირ აისახება ჟიურის შეფასებებზეც. როგორც ჩანს, ჟიურის წევრებს არ უტარდებათ ტრენინგი, ან, თუ იმართება რაიმე სახის მოსამზადებელი შეხვედრა, ის ფუნდამენტურად შესაცვლელია. ვისი პასუხისმგებლობაა გასცეს კონკრეტრული ინსტრუქციები და შემდგომ განაგრძოს კონკურსის მიმდინარეობასა და შედეგებზე დაკვირვება, თუ არა თქვენი?!

მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის წევრებიდან ზოგი წარმატებითაც კი მოღვაწეობს საკუთარ სფეროში, ეს ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მათ აქვთ პროექტების შეფასების კვალიფიკაცია ან უნარი. ზოგიერთის ჟიურის საქმეში ჩაუხედაობა კითხვებითაც გამოაშკარავდა. პირველ გასაუბრებაზე ერთ-ერთმა წევრმა მკითხა: „რატომ შეიტანე სცენარი კანის კინოფესტივალის რეზიდენციაში და შემდგომ ტორინო სკრიპტ ლაბზე, ასე რაში არ ხარ დარწმუნებული?“ ალბათ, ავტორის გადმოსახედიდან ეს ჭკვიანური და ჩამჭრელი კითხვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ამ საკითხთან დაკავშირებით მან მხოლოდ საკუთარი არაკომპეტენტურობა გამოავლინა. ეს შემთხვევა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს ადამიანი ძირითადად დოკუმენტური კინოს დისციპლინაში მუშაობს, სადაც სცენარის განვითარება და, ზოგადად, სცენარის ცნება არსებითად განსხვავდება მხატვრული კინოსგან. მხატვრული კინოს განვითარებაში გამოცდილი ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია, რომ ეს ორი პლატფორმა სცენარის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ რეპუტაციასა და მკაცრ სელექციაზე. მხატვრული კინოს კონკურსისთვის შესაფერისი ჟიურის შერჩევა კი ისევ და ისევ თქვენი პასუხისმგებლობაა.

თქვენ კინოცენტრის დირექტორად მოხვედით იმ დაპირებით, რომ გააგრძელებდით ფუნდამენტურ რეფორმებს, მაგრამ ამ ორი კონკურსის შედეგი ცხადყოფს, რომ სათანადო რეფორმები არათუ არ ჩაგიტარებიათ, არამედ სიტუაცია კონკურსიდან კონკურსამდე გაუარესდა და სისტემატური ხასიათი მიიღო. როგორც კინოცენტრის დირექტორს, თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა არგუმენტებით დაასაბუთებს კომისია კონკურსის შედეგებს, ასეთი არაადეკვატური შეფასებები კი ქვეყნის მთავარ კინოდაწესებულებას არ შეეფერება!

აუცილებელია შეფასების მეთოდების შემუშავება პროფესიული კრიტერიუმებისა და ინდუსტრიაში მოღვაწე გამოცდილი ადამიანების მეშვეობით. საჭიროა ყოველი კონკურსის წინ შერჩეულმა კომისიამ მიიღოს კონკრეტული ინსტრუქციები, რათა კარგად გაერკვეს შეფასების კრიტერიუმებში. ასევე აუცილებელია შემუშავდეს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც შეფასდება ჟიურის აქტივობა, მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ პროექტები არ უნდა ფასდებოდეს კომისიის გემოვნების მიხედვით. არ შეიძლება ჟიურის წევრი მაძლევდეს დაბალ ქულას იმის გამო, რომ, როგორც ამას „არგუმენტაციაში“ წერს, მე ფილმის გადაღებას „კლასიკურად“ ვაპირებ. პირველ რიგში ,„კლასიკურის“ რა დეფინიციას გულისხმობთ? რატომ არის კლასიკური ავტომატურად ცუდი? დაბოლოს, ეს არის გემოვნების საკითხი და არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას. ქულების არგუმენტაცია არ უნდა ხდებოდეს ზერელე და ბუნდოვანი კომენტარებით, მაგალითად: “მას გაცილებით, გაცილებით მეტი შეუძლია“, ან ფილმში არის „გააზრებული დრამატურგია, კარგი დიალოგები (თუმცა აქა-იქ ზედმეტად ნატურალისტური და ბინძური, რამაც შეიძლება გაგაღიზიანოს)“ - ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საგანგაშოა იმით, რომ აქ უკვე ცენზურასთან მიახლოებული ელემენტები შეინიშნება.

მეტსაც გეტყვით, ბოლო კონკურსში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სცენარიც და რეჟისორის მომზადებაც 10-დან 10 ქულით შემიფასა და არგუმენტად ორივე გრაფაში ერთი და იგივე კომენტარი, უბრალოდ, დააკოპირა: „სცენარის შეფასების ხუთივე კომპონენტი საინტერესოა და კარგადაა წარმოდგენილი“ და ისევ „რეჟისორის შეფასების ხუთივე კომპონენტი საინტერესოა“. ეს ცხადყოფს, რომ არ მიმდინარეობს ჟიურის შეფასებების მონიტორინგი. შესაბამისად, შექმნილია გარემო, რომელიც ამგვარ განუკითხაობას ახალისებს.

თქვენი პოზიცია ძალზე საპასუხისმგებლოა და სწორედ თქვენ გევალებათ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ შერჩეულ კომისიაზე პასუხს თქვენვე უნდა აგებდეთ. კინოცენტრის დირექტორს ჟიურის არაადეკვატური და არაპროფესიული შეფასებების კომისიის წევრებისთვის გადაბრალება არ შეეფერება, ამით თქვენ მათაც ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში და თქვენს, როგორც მმართველის, ლეგიტიმაციას ძირფესვიანად შეარყევთ.

როდესაც კინოცენტრის დირექტორად დაინიშნეთ, ჩვენს კინოინდუსტრიაში გაჩნდა იმედი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა და თქვენ იქნებოდით ის ადამიანი, რომელიც დიდ რეფორმებსა და წინსვლას გაუძღვებოდა. ბევრს ჯერ კიდევ აქვს თქვენი იმედი, ამიტომ გთხოვთ ამაზე კარგად დაფიქრდეთ და მიიღოთ სათანადო ზომები, რათა შემდეგი კონკურსისთვის ეს ჩავარდნები მაქსიმალურად გამოსწორდეს.

კონკურსის გამარჯვებულებს კი კიდევ ერთხელ ვულოცავ და დიდ წარმატებას ვუსურვებ. მე გავაგრძელებ მათ გულშემატკივრობას.

პატივისცემით,

გიორგი სიხარულიძე

ფილმოგრაფია - მოკლემეტრაჟიანი ფილმები:


„თევზი, რომელიც ჩაიძირა“ – (საქართველო, 2014, ეროვნული კინოცენტრისგან დამოუკიდებლად)

მსოფლიო პრემიერა: კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია.

„წითელი ვაშლები“ – (სომხეთი, საქართველო, 2016, ეროვნული კინოცენტრისგან დამოუკიდებლად)

მსოფლიო პრემიერა: ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია.

„მამული“ – (საქართველო, 2017, ეროვნული კინოცენტრისგან დამოუკიდებლად)

მსოფლიო პრემიერა: სანდენსის კინოფესტივალი ოფიციალური სელექცია.

„ახალი წელი“ – (საქართველო, 2018, ეროვნული კინოცენტრისგან დამოუკიდებლად)

მსოფლიო პრემიერა: ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG