Accessibility links

ღია წერილი საქართველოს მართლმსაჯულებას


ავტორი: თამაზ გაბისონია

პატივცემულო საქართველოს მართლმსაჯულებავ,

მოვითხოვ, განიხილოთ ჩემი სარჩელი ჩემი უფლებების დარღვევის შესახებ თქვენი - საქართველოს მართლმსაჯულების, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

სარჩელი ეხება თქვენი ჩემთან დადებული ხელშეკრულების თქვენი მხრიდან დარღვევას - ჩემი, როგორც ფარული ექსპერტის ვინაობის გამომჟღავნებას, რაზედაც, როგორც კანონით აღმოჩნდა, არავინ აგებს პასუხს.

მოკლედ მოგახსენებთ განსახილველი საქმის ვითარებას.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს სასამართლომ (ზუსტად - თუ რომელმა, ეს შეგიძლიათ თავად დაადგინოთ, მე არ მაინტერესებს, ისევე, როგორც - სხვა თარიღები, სახელები და სათაურები) დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთი დოქტორანტის სარჩელი, სადაც იგი მოითხოვდა იმ ფარული ექსპერტების გამომჟღავნებას, რომლებმაც მის სამეცნიერო პროექტს გამარჯვებისთვის არასაკმარისი ქულები დაუწერეს.

ეს ექსპერტები ვიყავით მე და ერთი უცხოელი მეცნიერი.

თქვენ დაუკმაყოფილეთ მომჩივანს სარჩელი და გაამჟღავნეთ ჩემი ვინაობა, რითაც დაარღვიეთ ჩემთან დადებული ორმხრივი კონფიდენციალობის შეთანხმება.

ზემოაღნიშნულმა დოქტორანტმა (რომელთანაც დღემდე ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნე) ამ დავის მისთვის სასარგებლო შედეგი გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, დამასახელა და გამაკრიტიკა ჩემი საექსპერტო დასკვნის ცალკეულ მუხლებში. მათ შორის იყო ჩემი კოლეგის - მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის კომპეტენციის ჩემი მხრიდან შეფასება (ამ შეფასებას ანკეტაში ფონდი ითხოვდა), რომელიც დადებითი იყო, მაგრამ მცირე ხარვეზზე მიანიშნებდა.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ უშუალოდ ამ ფეისბუქ-პოსტზე ჩემი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

საბოლოოდ, ამ „გამომჟღავნების“ შედეგად მე მომადგა სხვადასხვა სახის ზიანი, კერძოდ:

ფეისბუქის კომენტარებიდან გამომდინარე აშკარა გახდა, რომ ზოგიერთ პიროვნებას ჩემს შესახებ შეექმნა შთაბეჭდილება, როგორც ანტიქართველზე, ადამიანზე, რომელიც ხელს უშლის ქართულ საქმეს და ახალგაზრდა მეცნიერის წინსვლას (სხვათა შორის - ჩემს ყოფილ სტუდენტს კონსერვატორიის ბაკალავრიატში);

გამიფუჭდა პიროვნული ურთიერთობა ჩემს ძველ მეგობართან - იმ კოლეგასთან, რომლის შეფასებაც გამომიქვეყნეს. ამ ურთიერთობის ნაწილობრივ აღსადგენად მომიწია ბოდიშის მოხდის საკმაოდ დამამცირებელი პროცედურის გავლა;

მივიღე საკმაოდ ძლიერი სტრესი, რამაც გარკვეულწილად გამიუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა - მაქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები;

რუსთაველის ფონდის მუშაობაში ამ პროცესმა გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. თანამდებობა დატოვა ხელმძღვანელმა. ამასთან, ამ წელს საგრანტო კონკურსების გადადება, ჩემი აზრით სწორედ „ექსპერტთა გამომჟღავნების“ პროცესს უნდა უკავშირდებოდეს. შედეგად გამიცდა ორი გრანტის სავარაუდო დაფინანსება - კონფერენცია ნანკინში და სიმპოზიუმი ლიმერიკში;

საინტერესოა, რომ სახელმწიფომ ამ ფაქტის შემდეგ სასწრაფოდ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სამეცნიერო ფარულ ექსპერტთა ვინაობის გამჟღავნება ამჯერად სრულიად შეუძლებელია. ასე, რომ გამომჟღავნებულები დავრჩით მხოლოდ მე და ის უცხოელი ექსპერტი (რომელსაც იქ ეს პერიპეტიები,როგორც ჩანს დიდად არ აღელვებს. ის არც დაუსახელებია საჯარო სივრცეში არავის).

ასევე საინტერესოა შემდეგი - ყველაზე აბსურდული ამბავიც: როგორც გავიგე, პროცესში ჩართული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რომელმაც ჩემი საწინააღდეგო მხარე დაიჭირა (ვიცი ამ პროცესის ერთ-ერთი მცოდნე იურისტისგან. თუ ვცდები, ბოდიშს ვიხდი).

ამ თემის შესახებ ვესაუბრე სხვადასხვა იურისტს - მსურდა, აღმედგინა ჩემი შელახული უფლებები. საპასუხოდ მეუბნებოდნენ, რომ დავას ამ მიმართულებით აზრი არ ჰქონდა. საბოლოოდ მივაგენი უფრო კვალიფიციურ იურისტებს, რომლებმაც იმედი მომცეს, რომ შევძლებდი ჩემი უფლებების აღდგენა-დაცვას, ოღონდ ამისთვის უნდა დავადასტურო ფაქტობრივად, რომ მე ზიანი მომადგა იმ პუნქტების შესაბამისად, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი.

მაგრამ:

მე არ ვაპირებ ჩემი ყოფილი სტუდენტის პოსტის იმ კომენტარების დათვლას, სადაც მე არასახარიბიელოდ ვარ წარმოდგენილი;

არ ვაპირებ ჩემი ნაწყენი კოლეგისთვის ხელწერილის ჩამორთმევას, ან სასამართლოზე დაბარებას, რათა დაადასტუროს, რომ ჩემზე გაბრაზდა;

არ ვაპირებ ექიმის ცნობის მოძიებას, რომელიც დაადასტურებს, რომ იმ დროსაც გული მაწუხებდა;

არ ვაპირებ გულდასმით გამოვიკვლიო, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეს სასამართლო პროცესი ჩემი სამეცნიერო პროექტების გრანტებით დაუკმაყოფილებლობაში.

ამ საბუთების შეკრებაზე მე არ დავიმატებ სტრესულ სიტუაციებს და მეჩოთირება კიდეც - ჩემ მიერ ერთგვარად საკუთარ სახელზე გადამეტებულად ზრუნვად აღიქმება. იმედიც მაქვს, რომ ეს ქმედებები არც მომავალში დამჭირდება. აღნიშნული სხვადასხვა სახის ზიანი, ერთად აღებული, ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე შემდეგი:

თქვენი მხრიდან ჩემდამი მოყენებული ყველაზე დიდი ზიანი მორალური ხასიათისაა: მე დღემდე მტანჯავს უსუსურობის გრძნობა ყველასთვის საცნაური უსამართლობის წინაშე - სახელმწიფომ დამიდო ხელშეკრულება, დაარღვია იგი და ჩემი რეაბილიტაციისათვის თითქოსდა მე ვარ ვალდებული რაღაცა ვამტკიცო!

მე მოვითხოვ:

საჯაროდ აღიაროთ, რომ ჩემი მიმართებით ჩაიდინეთ დანაშაული იურიდიული თვალსაზრისით, რადგან დაარღვიეთ ხელშეკრულება. ის, თუ რანაირად ამართლებთ ამ დანაშაულს, მე არ მაინტერესებს.

საჯაროდ აღიაროთ, რომ ჩემ მიმართ ჩაიდინეთ მორალური სახის დანაშაული - გარდა ხელშეკრულების დარღვევისა, არათუ საჯაროდ არ მოუხდია ვინმეს ბოდიში, არცერთი სახელმწიფო მოხელე არ დამკავშირებია და წუხილი არ გამოუთქვამს აღნიშნული კაზუსის გამო.

მსგავს რეგულაციებს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არ ითვალისწინებს?

მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღოთ შესაბამისი კანონმდებლობა, რათა ამ მხრივ კვლავაც ამორალურ პოზიციაზე არ დარჩეთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG