Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ღირსეული გამარჯვებიდან” სამარცხვინო დამარცხებამდე


ავტორი: აკაკი მუმლაძე

(მოარული აზრების პირისპირ)

იმპერიულ რუსეთს ყოველთვის ეჭირა თვალი აფხაზეთზე, მაგრამ ადრე აფხაზობაში ქართული ცნობიერება ჭარბობდა, გადამწყვეტი სიტყვა კი მალარიამ თქვა – მშრალ ჰავას შეჩვეულმა რუსობამ აქ ფეხი ვერ მოიკიდა.

შემდგომში, იგივე რუსეთის წყალობით, კლიმატი საპირისპიროდ შეიცვალა – ჭაობებიც დაშრა და ქართული ცნობიერების წყაროც დაშთა – რუსეთში მოსწავლე აფხაზ ახალგაზრდობას მეცნიერებასთან ერთად სათანადო იდეოლოგიითაც აიარაღებდნენ. გაჩნდა აფხაზეთის დედასამშობლოდან მოწყვეტისა და რუსეთთან მიერთების იდეა, რომლის ფორსირებული ხორცშესხმა ხრუშჩოვიდან იწყება; პირველი ქვაკუთხედი ამ მიმართულებით კი აფხაზურ დამწერლობაში უკვე ხმარებული და მისთვის უფრო შესაფერისი ქართული ანბანის რუსულით შეცვლა იყო. ამას მოჰყვა ავტონომიის ხელმძღვანელობის სრული აფხაზიზაცია, აფხაზი ახალგაზრდობის მასიური დიპლომიზაცია და სამეცნიერო დახარისხიანება თბილისში - როგორც უმცროსი ძმების, მოსკოვში კი - როგორც ქართველებისაგან შევიწროებულების, მათი ავტონომიის ფარგლებში წინდაუხედავი აკუმულირებით. გადაიწერა აფხაზეთის ისტორია და აფხაზი ხალხის ყველა არსებული თუ არარსებული უბედურების მიზეზად ქართველი გამოცხადდა. დაიწყო აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისა და რუსეთთან მიერთების მოთხოვნების წამოყენება სხვადასხვა “გარნირებით”. “გარნირები” და “კანფეტები” უხვად რიგდებოდა, პრობლემა კი რჩებოდა. ასე გაგრძელდა საბჭოთა კავშირის შეზანზარებამდე. ახლა აფხაზური სეპარატიზმის რუს სულისჩამდგმელებს თავისი შეგირდებისათვის აღარ ცხელოდათ, და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რესპუბლიკები, და მათ შორის საქართველო, თავს აღწევენ მოსკოვის დიქტატს. შექმნილ სიტუაციაში თბილისს ჩამოდის ზომიერი ორიენტაციის აფხაზთა დელეგაცია ერთერთი პარტიული ლიდერის ფილიას ხელმძღვანელობით და მომავალ პრეზიდენტს [გამსახურდია] ეკითხება – რას მივიღებთ, მხარი რომ დაგიჭიროთ. ეს უკანასკნელი ჩვეული პირდაპირობით უცხადებს – ვერაფერს ვერ მიიღებთ, ავტონომიას დაკარგავთო; შემდეგ დამატებული ახსნა-განმარტება – რაც ჩვენ გვექნება, თქვენც იგივე გექნებათო საქმეს ვეღარ შველის, მით უმეტეს, რომ ამას წინ უძღოდა კატეგორიული გაფრთხილებები – ყველა არაქართველმა, კეთილი ინებოს და ქართული ისწავლოსო. თავი რომ დავანებოთ ამ მოთხოვნის მეთოდურ უაზრობას, აქ ძალით გაცხონე ბებიას ძლიერი უარყოფითი ფაქტორიც მოქმედებს, თორემ აფხაზთა უმრავლესობამ არცერთ ქართველზე ნაკლებად არ იცოდა ქართული. აღნიშნულმა ფაქტმა, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ორად გაყოფილ აფხაზთა ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებას, და რაც კიდევ უარესი, ამ უდროო მაქსიმალური ულტიმატუმის შემდეგ, თვითონ დავუთმეთ მათ დამღუპველი მაქსიმუმი – 28 საპარლამენტო ადგილი, ჩვენი 26-ის საწინააღმდეგოდ.

თავისთავად თავისუფლებისა და თუნდაც პატრონის არჩევის უფლება ყველასა აქვს, მით უმეტეს, როცა “ზედსიძე” თვითონ კისრულობს “საქორწილო” ხარჯებს, მაგრამ სხვისი მზითევითა და დედულეთის ამხელა სისხლის ფასად?! განა შენი “ბედნიერებისათვის” ყველაფერი უნდა იკისრო?! სამწუხაროდ, იკადრეს, იკისრეს და დღისით-მზისით, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაჟლიტეს, გაძარცვეს, გადაწვეს და ლტოლვილებად აქციეს აფხაზეთის მთელი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა.

საქმე რომ წახდება, დამნაშავეს ეძებენ და ისიც მხოლოდ განზე - აფხაზეთში რომ ჯარი არ შეგვეყვანა, არაფერი მოხდებოდაო. სულ სხვას ღაღადებენ ფაქტები: არ შეგვიყვანია 18-ში, სულ არ გვყოლია 89-ში, მაგრამ იგივე მოხდა. ჯარი ჩვენ არათუ არ უნდა შეგვეყვანა, პირველად და ისიც დაგვიანებით რომ შევიყვანეთ - აღარ უნდა გამოგვეყვანა. რომელ ავტონომიაში არ უყენია რუსეთს ჯარი? ანდა არ დგას ინგლისის ჯარი ჩრდილოეთ ირლანდიაში? დამოუკიდებლობა, პირველ ყოვლისა, ჯარი და საზღვარია. ჩვენი ჯარი, იგივე აფხაზი და ოსი წარმომადგენლებითურთ, ფსოუსთანაც უნდა მდგარიყო და როკთანაც, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე.

აფხაზეთი შევარდნაძემ გაყიდაო - აბსურდია. სამშობლოს გაყიდვა პირველი კაცის დონეზე არ ხდება. “აჰა მთელი და მომიტეხე პაწა?” სად არის აქ ლოგიკა?

მიამიტურად და ამაზრზენად ჟღერს ფრაზა – აფხაზებთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვქონდა და მშვენივრად ვცხოვრობდით მათთანო. კი, ბატონო, ვცხოვრობდით ერთ დროს, ჭირსა და ლხინს ვიყოფდით, და ასეც უნდა ვიცხოვროთ, თუ ამის საშუალება მოგვეცა, მაგრამ მეხსიერება გვღალატობს, თუ თავს ვიკატუნებთ? განა ძმური თანაცხოვრებისათვის ითითხნებოდა ლიხნის წერილები? ასეთ ცხოვრებას გავექეცით თეატრიდან, უნივერსიტეტიდან, სპორტიდან, პარლამენტიდან? ამისათვის შეიქმნა მონოეთნიკური აფხაზური გვარდია და კაბინეტიდან გამოაძევეს ლომინაძე? რამდენჯერ ველოდით ჩვენ დარბევა-აწიოკებას, რომლითაც უკვე აშკარად გვემუქრებოდნენ – მოიცადეთ, მალე დადგება თქვენი აღსასრული, ყარაბაღი მოგონილი იქნებაო?

აფხაზეთის რუსეთისათვის გადაცემა დაგეგმილი იყოო. აფხაზეთის ქართველებისაგან გაწმენდა და მისი რუსეთს მიერთება, რათქმაუნდა, დაგეგმილი იყო, მაგრამ არა მის მიერ, ვისაც ასე იოლად აბრალებენ ხოლმე, არამედ - მოსკოვისა და სოხუმის ბნელი ძალების მიერ.

თუ არა რუსი, აფხაზი ამ ომს არც დაიწყებდა, ვერც დაიწყებდა, და არც არაფერი ჰქონდა მას საომარი. თითქოს უბრალო დეტალებია, მაგრამ რიღას იმედით გვემუქრებოდა არძინბა, როცა მთელ აფხაზეთს, გუდაუთისა და ტყვარჩელის გარდა, ქართული ფორმირებები აკონტროლებდნენ? ანდა რა აცინებდა ნოდარ ხაშბას, როცა გაგრაში ლტოლვილების დაბრუნებაზე ეკითხებოდნენ, თუ არა ქვეტექსტი – დაიცადეთ, ჯერ კიდევ სადა ხართო? მოკლედ, ამ სცენარში ჩვენ მხოლოდ პროლოგი დავაჩქარეთ, ყველაფერი დანარჩენი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რასაც რუსი სამხედროებიც და თვით პასტუხოვიც არ მალავდნენ – ამ ომს არ მოგაგებინებთო.

ილუზიაა, ვითომ რომც გავერთიანებულიყავით, რუსს მოვერეოდით. რუსეთმა გემები აფხაზეთის ქართველებისაგან დასაცლელად შემოგვაშველა, თორემ სვანეთის მთებში ხალხის გადასარჩენად თითიც არ გაუნძრევია. რუსეთს რომ ნდომოდა, აფხაზეთიდან ჯარებს გაიყვანდა და ომიც ერთ დღეში დამთავრდებოდა. “უფროსმა ძმამ” ჩვენ იმ ორთვალაში შებმული სახედარივით გვაჩაქჩაქა, რომლის წინ მისთვის მიუწვდომელ მანძილზე სანუკვარი ბალახი – “დიდი ხელშეკრულება” იყო ჯოხით ჩამოფრიალებული, და იმდენი გვადევია ამ სატყუარასათვის, ახალ-ახალი პირობების წამოყენებით, სანამ აფხაზეთიდან არ გამოგვაძევა. მერე კი მოგვიგდო ეს ბალახი, მაგრამ მისი სასიკეთო გემო ჩვენ არ გვიგრძვნია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG