Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღორი, ნაძირალა - ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრაზე წარწერები გააკეთა


ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა და მას „ღორი“ და „ნაძირალა“ მიაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ხოშტარია ავრცელებს. დეპუტატი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი, თუ როდის დატოვებს საკრებულოს მანდატს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს შეურაცხყოფა ფეისბუკის პირად გვერდზე მიაყენა და რომლის გადადგომის მოთხოვნითაც, დღეს, 16 დეკემბერს, საკრებულოსთან აქცია გაიმართა.

ხოშტარიას თქმით, აბრაზე მან „დააწერა ის, რაც ეკუთვნის“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს საკრებულოში.

თბილისის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის დასასრულს, რომელიც საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო პირობა, რომ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას საზოგადოებას ხვალ გააცნობს. ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებები მისთვის მიუღებელია.

საკრებულოს თავმჯდომარისა და ალეკო ელისაშვილის შეხვედრას წინ უძღოდა დაძაბულობა საკრებულოს შესასვლელთან, საიდანაც შესვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, არც აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეებმა, თავის მხრივ, საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს დეპუტატის ზედ მიკრული სტიკერით იმის სიმბოლოდ, რომ ერეკლე კუხიანიძის ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა.

თბილისის საკრებულოს წევრმა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს.

საკრებულოს დეპუტატი სხვადასხვა დროს აკეთებდა გავრილოვის მხარდამჭერ და მედიის საწინააღმდეგო განცხადებებს ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG