Accessibility links

ყელიდან დაწყებული სიტიტვლე, ჩოხები და რევოლუცია


ავტორი: ქეთი ბარამიშვილი

„უწინ ქალების სიტიტვლე ყელიდან იწყებოდა, ეხლა ფეხებიდან იწყება... სტილთა სხვაობა აქაა მოქცეული... ყელიდან დაწყებული სიტიტვლე რომანტიზმის ხაზი იყო,რომელიც სენსუალობაში გადადიოდა უმჩნევად... დღეს სიტიტვლე ფეხებიდან იწყება და ღმერთმა იცის რაში გადადის... დღეს ეპოქის ნიშანი ეს ტიტველი კანჭებია და ტიტველი მუხლები. აფიშებზე - ტიტველი კანჭები, ჟურნალებში - ტიტველი კანჭები. ყველგან ქალის ფეხები: პაპიროსის კოლოფზე, წიგნის ყდაზე, საცვლების რეკლამაზე... არ არის ეს დროის ნიშანი?..“

გრიგოლ რობაქიძე, ფალესტრა

დღეს ისევ სხვა დროა. ხელოვნური ინტელექტის და მსოფლიო გლობალიზაციის დრო. ქალთა ემანსიპაციას და ჯაზის ეპოქას, შლაქსებიანი ჯინსების და ფლეიბოის თაობას წლები გვაშორებს. ჩვენთან კი მხოლოდ ახლა იქმნება „თავისუფალი სექსის“ პათოსური, რევოლუციური განწყობა. მთელი ნახევარი საუკუნის დაგვიანებით, ვიდრე ბობოქარ დასავლეთში და უფრო ჩუმად, როგორც ეს ჩვენი ერის მოკრძალებულობას შეეფერება.

ქართული საზოგადოების ნაწილი ისევ დუმს. ნაწილი - ხმაურობს. ზოგი ხმამაღლა, ზოგიც „უმჩნევად “, მაგრამ აკრძალული ხილი გემრიელია. ის ყველგანაა - სახლებში, ქუჩებში, მანქანებში... და ერთნაირი თავხედური „სენსუალურობით“ დაიარება ქალაქის გარეუბნებში, ღამის კლუბებში, კინოთეატრებსა თუ ინტერნეტსივრცეში. ჩასაფრებულია სამსახურსა თუ აქვე, მეზობლად მდგარ შენობებში და უკვე მსჯელობის საგანია სკოლის კედლებსა თუ აუდიტორიებში.

ტაბუ მაინც ტაბუა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სტიგმებით და სტერეოტიპებით გარემოცულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ ტაბუდადებულ თემებსაც ხომ აქვთ არსებობის უფლება. იმ დოზით მაინც, რა დოზითაც, ერთდროულად, განყენებულიც არის და აქტუალურიც.

გააჩნია ათვლას საიდან დავიწყებთ: ევროპელობიდან, რწმენიდან თუ ტრადიციებიდან. ლიბერალიზმი - ეს ევროპაა. კონსერვატიზმი - ტრადიცია და მორალი - ეს უკვე რწმენის ნაწილია. მთავარი მაინც პიროვნული თავისუფლებაა, როგორც უნივერსალური ღირებულება. სწორედ პიროვნული თავისუფლების სხვადასხვაგვარად გააზრებული შეხედულებები მოდის წინააღმდეგობაში არაერთგვაროვნად განწყობილი საზოგადოების დოგმებთან.

ლიბერალები თვლიან, რომ თავისუფლება ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, სექსშიც, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის ამოსავალი წერტილია. ისინი პრაგმატულად აზროვნებენ, ლოიალურად არიან განწყობილები სექსუალური უმცირესობების მიმართ. ეყრდნობიან რა მეცნიერულ საფუძვლებს, იზიარებენ ზიგმუნდ ფროიდის, ალფრედ კინზის დავილჰელმ რაიხის თეორიებს, კარგად იცნობენ კაპიტალისტური კულტურის ინდუსტრიას, დასავლურ ღირებულებებს და ამდენად, მიაჩნიათ, რომ სექსი არა მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენაა, არამედ კულტურაც. ამიტომ მისი უარყოფა ისეთივე დანაშაულია, როგორიც პიროვნული თავისუფლების უარყოფა. ხოლო მისი შეზღუდვა ისეთივე მავნებელია, როგორც ადამიანის ნების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ლიბერალებს ემიჯნებიან კონსერვატორები, რომლებისთვისაც ტრადიციული ფასეულობები, ოჯახის კულტი და ზნეობრივი ნორმები ადამიანის პიროვნული განვითარების უმთავრესი კრიტერიუმია. კონსერვატორებისთვის მენტალურად მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ეწინააღმდეგება ქართველის ღირსებას და საფრთხეს უქმნის ოჯახის ერთობას. შესაბამისად, თავისუფალი სექსის თუ ლგბტ-ს პოპულარიზაცია ხელს უწყობს გარყვნილების ლეგალიზაციას და პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქართულ ტრადიციულ მსოფლმხედველობაზე. მათთვის პიროვნების თავისუფლება ისეთი მთავარი ღირებულებაა, რომელიც საკუთარი თავის ფლობის, საკუთარ თავზე მაღლა დგომის ანუ ინსტიქტების დონეზე დაყვანილი სურვილების დათრგუნვის პრინციპებს ეფუძნება.

ეკლესია ამბობს, რომ მხოლოდ დაქორწინებულთა სარეცელია ნაკურთხი. სხვა დანარჩენი მრუშობა, სიძვის ვნება დამანკიერი ქმედებაა. „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (კორინთელთა, თავი 6, მუხლები 9-10). ეკლესიისთვის არსებობს მკაცრად დაწესებული ზღვარი სექსუალურ ნორმასა და პათოლოგიას შორის. სიყვარული და ვნება ახალი სიცოცხლის დაბადებით ოჯახის გაერთიანებას და წყვილების ერთმანეთის ცხონებაში დახმარებას უნდა ემსახურებოდეს და ამდენად, პიროვნული თავისუფლებაც ქრისტიანულ სულიერ-ზნეობრივ საწყისებზე გადიოდეს.

„ტიტველი კანჭები... ტიტველი მუხლები.. ეს დროის ნიშანია“...

ჩვენ დროში ახლა ნიშანი ჩოხებია. ჩოხებში ქალები... ჩოხებში ფანატიკოსები... ჩოხებში მოძალადეები... ჩოხებში სექსუალური უმცირესობები...გააჩნია ქარი საიდან დაუბერავს. დასავლეთიდან, წარსულიდან, წაღმა თუ უკუღმა. ვისთვის ეს სიძლიერის სიმბოლოა, ვისთვის სიწმინდის. ვისთვის უბრალოდ, ატრიბუტი და ვისთვის - რევოლუციური განაცხადი.

ერთი კია, „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“. რევოლუციებიც, ჯამლეტას და ჯონდოს ამბებიც, სამაგალითოდ ნაღალატევი მეუღლეებიც და ნამუსის მოსაწმენდი ჯვრისწერებიც, უცოდველების ნასროლი ქვებიც და ფარისეველი მორალისტებიც. თითქოს არაფერი გვიკვირს და ყველა ჯერზე, მაინც გაოცებულები ვრჩებით. გვაოცებს ხოლმე აკრძალული ხილივით ქურდულად მოპარული და ჩუმად გასინჯული სხვების პირადი„სენსუალური“ ცხოვრება. ერთნაირი თავხედური მიმზიდველობით რომ ჩასაფრებულა ქალაქის ქუჩებში, მანქანებში, ღამის კლუბებში... და ასეთივე თავხედურად ვნებიანი ინტერესით შემოუვლია აქვე, მეზობლად მდგარი შენობები, სამსახურები, ინტერნეტსივრცე თუ კინოთეატრები.

„მარტო სიტიტვლე ბევრს არ ნიშნავს... ხოლო სიტიტვლე ცეკვასთან - ეს კი ყველაფერია“....

ვინ იცის, ყელიდან დაწყებული სიტიტვლე ჯობია თუ ფეხებიდან? სიტიტვლე ცეკვასთან, ცეკვა მხოლოდ ჩოხებში თუ ჩოხები კომბლებით? როდის რა არის მართებული და როდის რა არა?სინამდვილეში, სად გადის ზღვარი ღირსების შელახვასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის? გარყვნილებასა და ზნეობას შორის? ლიბერალიზმსა და რადიკალიზმს შორის? იქნებ თავისუფალი სექსის არჩევანშიც ისეთივე გზაგასაყარზე ვდგავართ, როგორი გეოგრაფიული მდებარეობაც გვხვდა წილად. იქნებ ევოლუციით და არა რევოლუციით? ანდა გარდაუვალია, ღმერთმა იცის რაში გადასული, ეპოქალური და თან „უმჩნევი“ ქართული სექსუალური რევოლუცია.

ანდა გადავგვარდებით, ანდა გადავრჩებით, ანდა გავმრავლდებით.

ვინ იცის.

„ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა სიტიტვლეში... მაგრამ არა სრულ სიტიტვლეში... ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ქალები სავსებით გატიტვლდნენ... მაშინ ვინღა მიეკარება მათ?.. არა, ჰერრ უნგარ?.. ჰა, ჰა, ჰა“...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG