Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი მეორე ტურის შესახებ - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ოქტომბერს


არჩევნები 2021: სად, როდის და რატომ ჩატარდება მეორე ტური?

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია.

როგორც მერის, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს - ამ შემთხვევაში, 30 ოქტომბერს.

ამჯერად ბიულეტენებზე მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება - ისინი, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა აიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 თვითმმართველ თემში ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

გამონაკლისია თიანეთი, სადაც მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ პარტიის „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მეორე ტურის შესახებ? გაიგე აქ.

არჩევნები 2021 - ბოლო სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისია განაგრძობს ხმების დათვლას. თუმცა უკვე ცნობილია, როგორ გადანაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში, ასევე სად იქნება საჭირო მეორე ტურის გამართვა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ:

  • საარჩევნო უბნების 91,37%-ის დათვლის შედეგებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული წესით "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა ხმების 47,25% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 30,61%, ხოლო "საქართველოსთვის" - 7,67%.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ცესკოს თანახმად, პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტიამ „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“.
  • პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ, მათ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა ამომრჩეველს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. ჯერ უცნობია სხვა პარტიების პოზიცია.
  • არჩევნების მეორე დღეს წინასწარი შეფასება გააკეთა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ. ალბერტ იონსონის, მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „ზოგადად კარგად იყო მართული“, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე და ეს პერიოდი ხასიათდებოდა „თანმიმდევრული ბრალდებებით, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას“.

„მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან" - სააკაშვილმა მელიას წერილი მისწერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი მისწერა გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

წერილში ის მელიას გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს „სასწაულია“, რომელსაც არავინ ელოდა.

„ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!“, - წერს სააკაშვილი მელიას.

ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ საჭიროა ყველა ოპოზიციური, უბრალოდ ჯანსაღი ძალის გაერთიანება და ყველა წყენის დავიწყება.

„არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ. ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

დღეს რუსთავის ციხესთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები „თავისუფლების მარშს“ გამართავენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა იწყება

დღეს, 4 ოქტომბერს, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა იწყება. სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, მათ უფლება ეძლევათ, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში. განათლების მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სასწავლებლებმა თავად უნდა მიიღონ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ სწავლების როგორც დასწრებული, ისე ონლაინ ფორმატი.

განათლების სამინისტროს თქმით, სკოლები სწავლის განახლებისთვის მზად არიან. „ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - ამბობს სამინისტრო.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

„პანდორას არქივი“: გამოქვეყნდა მონაცემები მსოფლიო ლიდერთა ოფშორებში გადამალულ სიმდიდრეზე

ათობით გამოცემამ კვირას გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ემყარება მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვას ოფშორული კომპანიებისა და მათი რეალური ბენეფიციარების შესახებ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (ICIJ) ერთი წლის წინ ანონიმური წყაროსგან მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფშორული რეგისტრატორების შიდა დოკუმენტები, რომლებსაც ჟურნალისტებმა უწოდეს „პანდორას არქივი“. დაახლოებით 12 მილიონი დოკუმენტის გამოძიებაზე 117 ქვეყნის 600 ჟურნალისტი მუშაობდა.

როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, ოფშორული კომპანიების ბენეფიციარები ან ოფშორული კომპანიების საშუალებით მიღებული უძრავი ქონების მფლობელები იყვნენ და არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები, მათ შორის, „სბერბანკის“ თავმჯდომარე გერმან გრეფი და პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

ძნელია ზუსტად განსაზღვრა, თუ რა მოცულობის თანხებია გადამალული ოფშორებში, მაგრამ, ICIJ-ის მონაცემებით, შეფასება მერყეობს 5,6 ტრილიონიდან 32 ტრილიონ დოლარამდე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, „საგადასახადო თავშესაფრის“ გამოყენების გამო მსოფლიო მთავრობები წელიწადში 600 მილიარდი დოლარის გადასახადებს კარგავენ.

წაიკითხე მეტი.

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ქაბულში მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ქაბულში მდებარე იდგა ხის მეჩეთის ახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. თალიბების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰედის თანახმად, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მეჩეთში მისი დედის გამოსამშვიდობებელი ლოცვა აღესრულებოდა.

ოფიციალური ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და კიდევ ორი - დაიჭრა. მაგრამ Tolo News-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ დაიღუპა 8 და დაიჭრა - 20 ადამიანი.

მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ადგილობრივი მედიის თანახმად, მეჩეთთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ თალიბები ბრძოლაში ჩაებნენ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან.

წაიკითხე მეტი.

8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილის გზა პრეზიდენტობიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელსაც ამჟამად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს დილით თქვა, რომ 8-წლიანი დევნილობის შემდეგ, უკვე საქართველოშია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბრის საღამოს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2004-2013 წლებში იკავებდა. მეორე ვადის დასრულების შემდეგ მან პოლიტიკური კარიერა უკრაინაში განაგრძო, თუმცა ბოლომდე არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკური სცენა.

ვარდების რევოლუციის ლიდერსა და პრეზიდენტად ორჯერ არჩეულ სააკაშვილს ახლა პატიმრობა ორ საქმესთან დაკავშირებით აქვს მისჯილი და ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით:

  • 2018 წელს მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.
  • ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
  • 2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG