Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი ჩვენია: რუსეთი განრისხებულია Google-ის „შეცდომის“ გამო


Google-ის ოფისი მოსკოვში.
Google-ის ოფისი მოსკოვში.

მაშინ, როცა რუსეთში Google-ს დაბლოკვით ემუქრებიან, ბევრის აზრით, ტექნოლოგიური გიგანტი შესაძლოა დაჰყვეს კრემლის მხრიდან ზეწოლას, ცენზურა გაუწიოს მის საიტზე გავრცელებულ მასალებს.

7 თებერვალს რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ Google-მა რუსეთში თავისი საძიებო სიტემის შედეგების ცენზურა დაიწყო ქვეყნის საკომუნიკაციო სფეროს გავლენიან მაკონტროლებელ უწყებასთან, „როსკომნადზორთან“ დაპირისპირების შედეგად. უწყების ერთ-ერთმა ანონიმმა წარმომადგენლმა განაცხადა, რომ აშშ-ში დაფუძნებული კომპანია ბლოკავს რუსეთში შავ სიაში შეტანილი ვებსაიტების 70 პროცენტს.

„როსკომნადზორის“ წარომადგენელმა ვადიმ ამპელონსკიმ 7 თებერვალს რია ნოვოსტის განუცხადა, რომ „ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს Google-თან და ამჟამად ეს დიალოგი გვაკმაყოფილებს“.

ამასობაში რუსეთის სახელმწიფო დუმის უშიშროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარიოვმა, Google-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ასევე 7 თებერვალს თქვა, რომ კომპანია განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს, რათა რუსეთში თავის რუკებზე ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად წარმოადგინოსო.

რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმი 2014 წლის მარტში მიიტაცა მას შემდეგ, რაცსაპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორებულ იქნა პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. მოსკოვმა იქ ჯარები გაგზავნა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც უკანონოდ ცნო, სულ მცირე, ასმა სახელმწიფომ.

პისკარიოვის სიტყვებით, Google-ის დირექტორმა მთავრობასთან ურთიერთობების საკითხებში, მარინა ჟუნიხმა, მოსკოვში მასთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ „არასწორი ინფორმაცია“, რომელიც რუსეთში შეიძლება დაინახოს ზოგიერთმა მომხმარებელმა, ტექნიკური შეცდომის ბრალია და რომ ამის გამოსწორება „მის პრიორიტეტს წარმოადგენს“.

როცა რუსეთში Google Maps-ზე ყირიმს ეძებთ, ნახევარკუნძული წარმოდგენილია, როგორც რუსეთის ტერიტორია. ყოველ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ასეა. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ზოგჯერ ის მოჩანს, როგორც „სადავოდ“ მარკირებული ტერიტორია.

ეს არათანმიმდევრულობა გახდა მიზეზი Google-სა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მთლად უკანასკნელი დაპირისპირებისა, რომელიც 25 იანვარს დაიწყო. მაშინ რუსეთის ერთ-ერთმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ Google-ი არასწორ მარკირებას უკეთებს ყირიმს თავის რუკებზე, როცა მათ რუსეთში ხსნიან. პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ კანონმდებელთა თანახმად, Google-ი არ იცავს რუსეთის კანონს და მათ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოგვეპოვება ეს საშუალებები და გამოვიყენოთ ისინი,“ თქვა ვოლოდინმა პარლამენტის სხდომაზე. „თორემ [მიწის] სხვა ნაწილსაც მოგვაშორებენ და სხვა ქვეყანას მიაკუთვნებენ.“

ამის საპასუხოდ, საძიებო კომპანიის გიგანტმა ტასს-ს განუცხადა, რომ რუსეთში ზოგიერთმა მომხმარებელმა შესაძლოა ყირიმი უცხო ტერიტორიად მონიშნული იხილოს, მაგრამ კომპანიის რუსეთის განყოფილება მზადაა დაიცვას რუსეთის კანონი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია, რათა ობიექტური მონაცემები ვაჩვენოთ, როცა საქმე გვაქვს სადავო ტერიტორიებთან,“ მოჰყავს ტასს-ს კომპანიის განცხადება.

მაგრამ სახელმწიფო დუმის დეპუტატები ამან ვერ დაარწმუნა.

რუსეთის ფედერაციის ქვედა პალატის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ ყურადღებით შეისწავლის რუსეთში Google-ის საქმიანობის კანონიერებას.

„ერთი კვირა გავიდა და შევნიშნეთ, რომ ვითარება არ შეცვლილა,“ თქვა პისკარიოვმა თავის განცხადებაში და დასძინა, რომ Google-ს ერთთვიანი ვადა ეძლევა შეცდომის გასასწორებლად. ამის შემდეგ კანონმდებლები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ კომპანიის წინააღმდეგ შემდგომი ზომებისთვისო.

Google-მა არ უპასუხა რადიო თავისუფლების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ამ თემაზე.

7 თებერვალს რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა ცნობა, რომელშიც კომპანია სიტყვასიტყვით იმეორებს 25 იანვარს ტასს-ისთვის მიცემულ განმარტებას.

ცვლილებების მოთხოვნათა მკვეთრი ზრდა

თუკი ზემოთქმული სიმართლეა, მაშინ Google-ის მიერ საძიებო სისტემის შედეგების ცენზურა უახლესი ეტაპია რუსეთის მთავრობასა და მსოფლიოს უდიდეს საინტერნეტო საძიებო კომპანიას შორის ხანგრძლივ ბრძოლაში. აქამდე Google-ი უარს ამბობდა, რუსეთის მოთხოვნების შესაბამისად მოეხდინა მონაცემთა მანიპულაცია.

2018 წლის ივლისში რუსეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, 700 000-მდე რუბლით შეიძლება დაჯარიმდნენ საძიებო სისტემები, რომლებიც „როსკომნადზორის“ შავი სიის მიხედვით არ გაუწევენ ცენზურას საკუთარ კონტენტს.

Google-მა მას შემდეგ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო და დეკემბერში კომპანია 500 000 რუბლით (10 600 აშშ დოლარით) დააჯარიმეს კანონდარღვევისთვის.

მიმდინარე წლის დამდეგს „როსკომნადზორმა“ გამოაქვეყნა ოფიციალური გაფრთხილება, რომ ვებსაიტი შეიძლება დაიბლოკოს რუსეთში.

გამჭვირვალობის შესახებ თავის უკანასკნელ ანგარიშში, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა სახის კონტენტის მოხსნა სთხოვეს მთავრობებმა, Google-ი აღნიშნავდა ასეთი მოთხოვნების რიცხვის მკვეთრ ზრდას რუსეთში.

2018 წლის პირველ ნახევარში 19 192 ასეთი მოთხოვნა მიიღეს რუსეთის ხელისუფლებისგან, რაც ექვსთვიან მონაკვეთში მიღებული მოთხოვნების (25 534) 75%-ზე მეტს შეადგენს. მათი თითქმის სამი მეოთხედი ეხებოდა კონტენტს YouTube-ზე, ვიდეოების გასაზიარებელ საიტზე, რომლის მფლობელიც არის Google-ი.

უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა იყო, როცა უკრაინამ 6 თებერვალს „როსკომნადზორს“ ბრალი დასდო, რომ ის ზეწოლას ახორციელებს YouTube-ზე და მოითხოვს, საიტიდან აიღოს ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებენ ყირიმელ თათარ აქტივისტს ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც 2014 წლის მარტში წაართვა რუსეთმა უკრაინას.

თავის განცხადებაში „ამნესტი ინტერნეიშნელი“ აცხადებს, რომ „იუტუბმა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და წინ აღუდგეს რუსეთის მთავრობის მხრიდან ცენზურის მოთხოვნებს. YouTube-ის დეკლარირებული ღირებულებები შეიცავს გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვას და დღეს ჩვენ მათ მოვუწოდებთ უერთგულოს ამ ღირებულებებს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG