Accessibility links

ყოფნასა და არყოფნას შორის


ეძღვნება ნელი დეიდას ხსოვნას

ავტორი: თეა კახაძე

ადამიანი მის ყოფნაში მთავრდება მკვდარი უჯრედებით დაბოლოებული ეპიდერმისით, დაახლოებით 2 კვ/მ-ს რომ იკავებს;

ადამიანი მის ყოფნაში მომითხრობს ფრინველზე, რომელსაც ნებისმიერი მნახველის თავზე ჰყვარებია მოკალათება და მას სახელად ჰქვია „რეგვენი“;

ადამიანი მის ყოფნაში მიყვება ჩანჩქერ აუგრაბისზე, სადაც ორი დაკარგული მეცნიერი მძიმე დაავადებებისგან განიკურნა;

ადამიანი მის ყოფნაში მიყვება როინზე, რომელიც ერთ დღეს მისი ხელის სათხოვნელად ეწვია ოჯახს. ზუსტად ამ დროს, გოგონას საჭირბოროტოდ, ქინქლას ფრენის ტრაექტორია აერია და მის ცხვირში შეფრინდა. პატარა მწერის პატარა ტრაგედია რამოდენიმე წამში, პომპეზურობის გარეშე, ლეტალურად დასრულდა. თუმცა, ამავე დროს,ამ ფაქტმა მნიშვნელობით შედარებით მცირე, მაგრამ ზომით დიდი გარდატეხა მოიტანა გოგონასთვისაც - როდესაც მან დაუპატიჟებელი პატარა სტუმრის უცერემონიოდ თავიდან მოშორება გადაწყვიტა, პოტენციური პატარძლისთვის შეუფერებელ საქციელში სწორედ მაშინ გამოიჭირეს.

დაახლოებით ამ დროს, განახევრებული სმენითა და ინტერესით, დაჭიმული ნერვებით თითებს ვაკაკუნებ კლავიატურაზე, ჩემი საქმის უფერულობამ გარშემო ყველაფერი გააფერმკრთალა,თუმცა ყოველთვის ასე არ ხდებოდა.

გიტარის ყიდვა მინდოდა მისთვის, თუმცა როგორც ყოველთვის, ამ დროს ჩემს გამოგონილ ქიმერებს დავსდევდი.

როცა მე და ჩემი მეგობარი მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს უზარმაზარი ცივილიზაციის ერთ მიყრუებულ კუნჭულში განვსჯიდით, ის ჩაგვერთვებოდა საუბარში და გვეტყოდა, რომ თურმე, ყველში თხის რძეს ურევენ, რასაც ადასტურებს რადიო „პირველი არხის“ ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეული პატივცემული სტუმარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაღიმებული შევხედავდით ერთმანეთს და ვერ ვგებულობდით, რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა იმას, თუ რითი გააკეთებდნენ ყველს - თხის, თუ საქონლის რძით? მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ჩემს მეგობართან მეტი საერთო იდეა და შეგრძნება მაერთიანებდა, ახლა ვხვდები, რომ ჩვენ ყველას ყოფნა გვაერთიანებდა, ყოფნა მჭიდრო ოთხკუთხა სივრცეში.

ერთ დროს ძაფების ქარხანაში ყველაზე მეტ ძაფს ყველაზე მჭიდროდ ახვევდა, ერთ დროს მსახიობსაც ჰგავდა, ერთ დროს სქელი, შავი თმა ჰქონდა, მკლავის სისხო ნაწნავებით, ერთ დროს სხვადასხვა კერძების რეცეპტებსაც აგროვებდა, ეს მანამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭივით მსხვრევადი ფსიქიკის ნანგრევებზე წარმოსახვის დიდი ბაობაბები არ ამოიზარდნენ, რომლებიც მუდმივად საშიშროებას უქმნიდნენ მის რეცეპტების წიგნებს, თარგებს, რადიოს, მის კანშიც გაიდგეს ფესვები და მწერების ლეგიონები მიუსიეს. ერთ დღეს მეც შემეშინდა ჩემი შიშის განსხეულების, არ ვისურვებდი, ჩემს ლოყებში მიმალული სული, რომ შთაენთქა. მოუთვინიერებელი ქაოსით ვუმკლავდები შიშს, თუმცა მას ჯერ არ უშვია ვარსკვლავი.

აღიარება მშობლისგან, ბებიისგან, მეგობრისგან ან უცხოსგან, გონივრული თუ უგუნური, ბაზისურ მნიშვნელობას გვანიჭებს; დედის თვალებში არეკლილი ახალფეხადგმული კვიცივით დავხტით და თავმომწონედ შევყურებთ ჩვენს ანარეკლს. როგორ მიამიტურადაც არ უნდა ჟღერდეს, პატარ-პატარა წითელი ხალიჩები ყველა ჩვენგანს სჭირდება საკუთარი მნიშვნელობის განსაცდელად, მაშინაც კი, როდესაც მის იგნორირებას ვახდენთ. როგორია ადამიანის ცხოვრება, რომელიც მხოლოდ მიტოვებული ცოლით, რიგითი თანამშრომლით, უნარშეზღუდულით, პენსიონერით, მძიმე ხასიათის ქალით, უსინათლო თვალებით, რადიოს მონოლოგებით შემოიფარგლა, რომელსაც მხოლოდ ნახევარი ყურით უსმენენ, უმეტესად, მხოლოდ ორი ადამიანი? მაგრამ განა მე ვგავარ „ფილოსოფიური ქვის“ ადეპტს? მე, რომელსაც ადგილი ვერსად მიპოვნია და დროსა და გარემოებებს გამოყოლილ მეხოტბეთა გარეშე, ახლაღა ვისახავ ცივილური ადამიანის მიზნებს.

ვეკითხები, მაწონს თუ შეჭამს? ის მტკიცე „არა“-ს მეუბნება, რადგან ძროხის რძით არ აკეთებენ და საჭმელად უვარგისია; ნაწილობრივ, ვთანხმდებით ამაზე.

მტკიცე „არა“-ს ვეუბნები მეც ჩემს სოციალურ ჭრილობებს, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში უხილავ, გაურღვეველ კედლად აღიმართა ჩემსა და მაგალითად, ჩემი ნათლიის შვილს შორის, რომელიც თავის ნათესავს იმ დროისთვის უახლეს ტექნოლოგიაზე ესაუბრებოდა. ჩემი „არა“ ხანდახან მაშინებს კიდეც და ჩემი ფსიქიკა რაღაც საშუალოზე შეჩერდა „ტროგლოდიტსა“ და ცივილურ ადამიანს შორის.

ფსიქოანალიზმა მგონი „სოციალურ ჭრილობებამდე“ მიმიყვანა და არა მამის ან საერთოდ ვინმეს დაუძლეველ ტრფობამდე. „სოციალურმა ჭრილობებმა“ ფრიგიდულ და ინდეფერენტულ ადამიანად მაქცია და შეიძლება ითქვას, ჩემ მიერ გაკეთებული ბევრი არჩევანი წინასწარ განსაზღვრა. სცენარი მრავალი მიმართულებით შეიძლებოდა განვითარებულიყო, მაგრამ არსებითი განსხვავება, მაგალითად, რომელიმე დაწესებულების ანალიტიკოსსა და უმიზნოდ მოფიქრალ ადამიანს შორის არცთუ დიდია, ორივეს ადგილი სოციალური „ბედისწერით“ განსაზღვრულია, რანგის მიუხედავად.

„სოციალურმა ჭრილობებმა“ ჩემი ემოციებიც დააფორმირა, ჩემი მეხსიერებაც და განა ამ მეხსიერებისა და განცდების მქონე მრავალი თეა ერთმანეთის იდენტურ გაგრძელებად არ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, ტომ კრუზის პერსონაჟივით ფილმში „Oblivion”?სან-ზონა, თბილისის ზღვა და რამოდენიმე ადგილი ქალაქის ცენტრიდან ერთ დღეს, რომ გამქრალიყო, განა არ შევხედავდი ვარსკვლავებს შიშით და ვიტყოდი - „როგორი ცარიელია ყველაფერი“?!

ადამიანი მის არყოფნაში მეტად ხელშსახებია და მეტ ადგილს იკავებს. ვერასდროს შეეხები ადამიანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შეგიძლია შეეხო მის მატერიალიზებულ სულს - ეძებ, ქექავ, მტვერს აცლი, კითხულობ, ათვალიერებ, ყუთებში ან პარკებში აწყობ, საკუჭნაოში შეინახავ, დაშლი, დაამტვრევ, გადაყრი, 3 დღე მაინც დაგჭირდება. ეს სული იმდენად მკაფიოა, კონკრეტული, ჩვენი ფსიქიკის, მეხსიერების ყველა არქივს იმდენად დეტალურადწარმოადგენს, რომ ამ დეტალებით რამოდენიმე სხვა ადამიანიც შეიძლებოდა აგვეწყო. ერთ დღეს მეგონა, მატერიის ამ უზარმაზარ გიგანტს სული ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ მისი ნაწილები ჯერ ადამიანებთან ერთად არსებობენ და შემდგომ მათთან ერთად კარგავენ დანიშნულებას; ეს მატერიაც, ისევე როგორც ადამიანები, ადამიანებით დასახლებული სივრციდან სხვაგან მიდიან, იქ, სადაც მხოლოდ მზე და ქარია.

და მაინც, როგორც ცივილური სამყაროს შვილმა მსურს, იცოდეთ მისი სახელი -თქვენთვის ქ-ნი ნელი, ნაცნობებისთვის ნელი დეიდა. მან მე მეგობარი მიწოდა, მამაჩემსაც. დღემდე ვერ მივხვდი, მაგრამ ვგრძნობ, ჩვენ ნამდვილად ვართ მჭიდრო სივრცის მეგობრები, ადამიანები ყოფნასა და არყოფნას შორის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG