Accessibility links

site logo site logo

შარლ მიშელის შეთანხმების დაუძლეველი მესამე პუნქტი - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივნისს


აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი

გუშინ აშშ-ის საელჩომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება. ტვიტერზე გამოქვეყნებულ საელჩოს მოკლე განცხადებას თან ახლდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან ამონარიდი, რომელსაც, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ სხვაგვარად კითხულობს.

„ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა“, - წერია 19 ივნისის შეთანხმებაში. შემდეგ კი გრძელდება:

„პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას“.

23 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არ შეწყდება და რომ პროცედურები პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

"ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებას ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - განაცხადა კობახიძემ.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ისევ დატოვონ პარლამენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ჯერ არ დაძრულა პროცესი სასამართლო რეფორმის გასატარებლად. ამ უძრაობის ფონზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები, სადაც უკვე დიდი ხანია არასამთავრობო სექტორი „კლანის“ არსებობაზე საუბრობს.

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია „მიშელის შეთანხმების“ სწრაფად შესრულებას მოითხოვს

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, სწრაფად შეასრულონ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. დოკუმენტში ასევე მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის და ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის გზით შემუშავებული სისტემური რეფორმები, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის...“

იმისთვის, რომ მსგავსი ჩიხური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი არ განმეორდეს, რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმა“.

წაიკითხე მეტი.

უკრაინა-საქართველო: დაკარგული დროის ძიებაში

ის, რაც ექსპერტებისა და საზოგადოების ნაწილისთვის საქართველოში წლების განმავლობაში აშკარა იყო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიევში აღიარა - დაიკარგა დრო უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში.

თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ივნისს თქვა, რომ ურთიერთობების გამოცოცხლება მის განცხადებებს მოჰყვა და ამიერიდან ორმა ქვეყანამ საერთო ამოცანებს უნდა მიხედოს. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ბათუმის კონფერენცია-სამიტზეც დაპატიჟა. მან ასევე, დადო პირობა, რომ საქართველო შეუერთდება „ყირიმის პლატფორმას“, მაგრამ "რა დონეზე", ეს ჯერ უცნობია.

„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები... თვით 2020 წლის 23 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია - ვინ არ გაუფრთხილდა უკრაინასთან ურთიერთობებს საქართველოში, თუმცა თქვა, რომ „დაიკარგა დრო“, რომელიც ორ ქვეყანას უნდა გამოეყენებინა „ურთიერთობების გაღრმავებისათვის“ და „ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საერთო მიზნების გამყარებისთვის“.

რატომ დაიკარგა დრო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და რა დაზარალდა დაპირისპირებით? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

"კანონი მაინც მიაკითხავთ" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

გერმანიაში სეზონურ მუშად წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დროზე ადრე ბრუნდება და სასამართლოში ჩივილს აპირებს. სამი მათგანი უკვე საქართველოშია, ათიც ამ დღეებში გამოფრინდება.

23-კაციანი ჯგუფიდან დარჩენილი ათი მოქალაქე კი გერმანიაში რჩება იმის იმედით, რომ კონტრაქტის პირობებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებინებს გერმანელ დამსაქმებელს.

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი რომ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს უჩივის, პროგრამის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი. პრობლემის გადაჭრა თვეების მანძილზე ვერ მოხერხდა. კონტრაქტის პირობები ერთს ამბობს, დამსაქმებელი კი მეორეს.

რას ამბობენ გერმანიაში დასაქმების მიზნით წასული საქართველოს მოქალაქეები, წაიკითხე და მოისმინე აქ.

19-21 ივნისს დაზარალებულთაგან ვინ რამდენ კომპენსაციას მიიღებს - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელითაც 2019 წლის 19-21 ივნისს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი კომპენსირებით აუნაზღაურდებათ. დოკუმენტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" მოამზადეს.

კანონპროექტის მიხედვით, ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილი "გავრილოვის ღამეს" დაშავებული ადამიანები. შესაბამისად, განსხვავებულია თანხებიც:

  1. სხეულის ან/და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 1000 ლარი;
  2. სხეულის ან/და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 2000 ლარი;
  3. სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 3000 ლარი; ​
  4. პირები, რომლებსაც ამ დროს მიადგათ სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან/და ინვალიდობა, ერთჯერადად მიიღებენ კომპენსაციას 12 000 ლარის ოდენობით და ყოველთვიურ კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით, სიცოცხლის ბოლომდე.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ში მთავარ საფრთხედ დაასახელეს კორონავირუსის "დელტა" შტამი

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, თეთრი სახლის მრჩევლის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამ ეტაპზე, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველაზე დიდი საფრთხეა კორონავირუსის შტამი „დელტა“, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს და გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი SARS-CoV-2, ან პირველად ბრიტანეთში გამოვლენილი შტამი „ალფა“.

ფაუჩის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, აშშ-ში ორჯერ გაიზარდა „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა და 20%-ს მიაღწია. ამასთან, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინები კორონავირუსის ამ ვარიანტს ეფექტურად ებრძვიან. მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა ინფიცირებისგან 88%-ით იცავს, მძიმე ფორმისა და ჰოსპიტალიზაციისგან კი 96%-ით. შესაბამისად, ფაუჩის განცხადებით, აშშ-ს აქვს ეპიდაფეთქების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და ის აქტიურად უნდა გამოიყენონ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კადიროვი კვლავ საქართველოს გზას უმიზნებს

ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური ინსტაგრამის არხით პირდაპირ ეთერში საუბრის დროს კვლავ შეეხო ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობის საკითხს, მაგრამ, როგორც რამზან კადიროვის სიტყვებიდან ჩანს, მას საკუთარი ძალებით ამ პროექტის განხორციელების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, განვიხილავთ. თუ იქნება უზენაესის ნება, აუცილებლად ავაშენებთ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელიც მანამდე უფრო დამაჯერებლად ლაპარაკობდა მეზობელ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე, მით უფრო, რომ რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელის გარდა, 2019 წელს თავის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობის მიზანშეწონილობაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც.

საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს აგებულ გზაზე, რომელიც ჩეჩნეთის რაიონულ ცენტრ სოფელ იტუმ-კალედან იწყება და არღუნის ხეობის გავლით ჩეჩნეთს მის მეზობელ საქართველოსთან უმოკლეს დროში აკავშირებს. ვრცლად წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

“ მეოთხე ბრაიტონი” - „ქაოსური“ ფილმი ქართულ საქციელზე - ინტერვიუ ლევან კოღუაშვილთან

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი ჯილდო მიიღო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი.

„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, “ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. მთავარ როლებში ასევე არიან ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და მსახიობი გიორგი ტაბიძე და რუსი მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა.

„ნებისმიერი სიუჟეტი ყველა ჩემს ფილმში - „ქუჩის დღეები“ იქნება, „პაემნები“ თუ დოკუმენტური ფილმი - არის საბაბი, რომ ვაჩვენო სცენები თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, ნიუ-იორკში იქნება, თუ, პირობითად, გორის პატარა სოფელში“, - ამბობს რეჟისორი რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან, ანი ბურდულთან ინტერვიუში.

ვრცლად წაიკითხე აქ.

ქართველ მუსლიმებს დიდი ხანია აქვთ გარიყულობის განცდა. განცდა იმისა, რომ მათი რელიგიის, ისლამის გამო ისინი თან თითქოს შინაურები არიან, თან მიუღებლები რჩებიან დანარჩენი საზოგადოების, უმრავლესობის თვალში. ამ განცდას მათ კონკრეტული ფაქტები, დამოკიდებულებები უმყარებს.

ქართველ მუსლიმებს დღემდე ისევ უწევთ საკუთარი ქართველობის მტკიცება. სულ ბოლოს მათ გული დასწყვიტა ერთ-ერთმა საჯარო გამოსვლამ, როცა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ, მოცეკვავე თეა დარჩიამ პირდაპირ თქვა, „აჭარის რეგიონში გოგონები ჩადრით რომ დადიან და ყურანს სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არისო“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი დააზუსტა: |ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელიო“.

რატომ უწევთ დღემდე საკუთარი იდენტობის მტკიცება, ყველაზე მეტად რაზე სწყდებათ გული ქართველ მუსლიმებს, რა ზიანს აყენებს მათ მიმართ არსებული დამოკიდებულება და რას ეტყოდნენ ისინი საზოგადოებას? ამაზე თავად მუსლიმი ქართველები, „სოლიდარობის თემის“ წევრები ლაპარაკობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG