Accessibility links

შეერთებული შტატებიდან დანახული პანდემია და საქართველო


დევიდ კრამერი

ავტორი: დევიდ კრამერი

შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთმანეთთან შედარებას აზრს ბევრი ფაქტორი უკარგავს. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შეერთებული შტატების მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, მისი ფართობი კი სამხრეთ კაროლინას შტატზე მცირეა. საქართველოს ტერიტორიის 20% პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, როცა შეერთებული შტატების კონტინგენტი მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ათეულ ქვეყნაშია განთავსებული.

თუმცა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას საქართველო შეერთებულ შტატებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. ამ ტექსტის წერისას, საქართველოს მთავრობის მონაცემებით საქართველოში ინფექციის 300-მდე შემთხვევა დასტურდება. ინფიცირებულთაგან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. დაახლოებით 5000 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 450 სამედიცინო ზედამზედველობის ქვეშ. სამწუხაროდ, სამი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. კოვიდ-19-ის ინფექციასთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, გაცილებით მცირეა.

ეს სრულიად საქართველოს დამსახურებაა - მთავრობისა და ოპოზიციის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიგითი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის. ქართველმა ხალხმა კრიზისი საწყის ეტაპზევე სათანადოდ შეაფასა და ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭირო მკაცრი ზომების გასატარებლად მზად აღმოჩნდა. აღსანიშნავია სამედიცინო და სამეცნიერო წრეების მზაობა და პროფესიონალიზმი. სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის ასეთი მაღალი დონე ნაწილობრივ ამერიკული მხარდაჭერით შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის დამსახურებაა (ლაბორატორიას სახელი ინდიანელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, საპატივცემულოდ ეწოდა). რუსეთის მიერ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ვირუსების გავრცელებაში სდებდა ბრალს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამეცნიერო სფეროში პარტნიორობა საქართველოს მიმდინარე მძიმე კრიზისთან გამკლავებისთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს და საერთო წარმატების მაგალითად იქცა.

მეზობელ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად საქართველოს მოსახლეობას სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა მოეთხოვება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ბევრი რელიგიური დღესასწაული, მათ შორის აღდგომა, ახლოვდება. ახლა ეკლესიებში თავშეყრის დრო არ არის. დახურულ სივრცეში შეკრება საფრთხის შემცველია: არავინ უნდა მოუსმინოს მათ, ვინც ახლა ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებს. გასულ კვირას აღდგომა აღინიშნა შეერთებულ შტატებში. დღესასწაულს ამერიკის თითქმის ყველა ეკლესია და ტაძარი დაკეტილი შეხვდა, საეკლესიო მსახურება კი ინტერნეტის მეშვეობით გადაიცემოდა. მართალია, ინტერნეტთან წვდომა საქართველოს ზოგიერთ ნაწილში შეერთებულ შტატებთან შედარებით ბევრად შეზღუდულია, მაგრამ საქართველოს საეკლესიო პირებმაც უნდა დროებით შეწყვიტონ მრევლის თანდასწრებით მსახურება და გამონახონ გზა ამ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულის დისტანციურად აღნიშვნისა.

ამერიკელ მორწმუნეთა ნაწილი აცხადებდა, რომ ინფექციისგან მათ რწმენა დაიცავდა. როგორც დრომ აჩვენა, ვირუსი არ განასხვავებს ადამიანებს მათი რწმენისა თუ ეკლესიურობის მიხედვით. ნებისმიერი ჩვენთაგანი რისკის ქვეშაა თუ არ გამოვიყენებთ ინფექციის გავრცელების ხელისშემშლელ უკვე ნაცად ხერხებს.

ამერიკელ გუბერნატორთა ნაწილმა მათ შტატებში ეკლესიებისთვის სააღდგომო გამონაკლისი დაუშვეს და მრევლის მიღების უფლება მისცეს. ეს მცდარი და სახიფათო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომლის გამეორება საქართველოსაც ანალოგიურად მძიმე შედეგებს მოუტანს. დღევანდელი ვითარების უპრეცედენტო ხასიათი საგანგებო ზომების მიღებას მოითხოვს: მათ შორისაა ეკლესიებში, სინაგოგებში და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში შეკრებისგან თავის შეკავება. პანდემია გლობალურია, ინფექციის გავრცელებისგან არცერთი ქვეყანაა დაცული. წირვა-ლოცვებზე დასწრება საქართველოში ეპიდემოლოგიურ აფეთქებას გამოიწვევს, წყალში ჩაიყრება ის უმძიმესი შრომა, რომელმაც აქამდე ასეთი კარგი შედეგი გამოიღო.

როგორც ყველგან, ვირუსთან ბრძოლა საქართველოშიც უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევენებიც. ეს წელი შეერთებულ შტატებშიც საარჩევნოა, და უკვე განიხილავენ იმ გზებს, რაც ამომრჩევლებს უსაფრთხოდ ხმის მიცემის საშუალებას მისცემს. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს სიჯიუტისა და უგუნურობის გამო ვიხილეთ ამომარჩეველთა გრძელი რიგები ვისკონსინში გასულ კვირას გამართული დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიული არჩევნებს დროს. ხალხი საარჩევნო უფლებისა და ჯანმრთელობას შორის რთული არჩევანის წინ დააყენეს. არავის სურს იხილოს იგივე სანახაობა სხვა შტატების შიდაპარტიული თუ ნოემბრის არჩევნებისას.

საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს შემოდგომაზე ყველა მოქალაქისთვის ხმის უსაფრთხოდ მიცემის უზრუნველყოფაზე ფიქრი. პოლიტიკური დაძაბულობა გასულ წელს, დაპირებული საარჩევნო რეფორმის გაუქმების გამო გაიზარდა. მმართველი „ქართული ოცნების“ და ოპოზიციურ ძალებს შორის მარტში მიღწეულმა შეთანხმებამ ამ დაძაბულობის ხარისხი შეამცირა. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს თქმით, ეს „საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და განმუხტვისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.“

ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, პარლამენტის 120 წევრი პროპორციული საარჩევნო მოდელით აირჩევა, ხოლო 30 წევრი მაჟორიტარული წესით. ამ მიღწევის გასამყარებლად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა იზრუნონ არჩევნების დაგეგმილ ვადებში, ამომრჩევლების ჯანმრთელობის რისკის გარეშე ჩატარებაზე. ბოლო წუთს გამოსავლის ძიებას ამ საკითხზე მსჯელობის ახლავე დაწყება სჯობს. ეს ეხება შეერთებულ შტატებსაც და ყველა იმ ქვეყანას, რომლებშიც არჩევნები 2020 წელს უნდა გაიმართოს.

საბჭოთა ოკუპაციის, 30 წლის წინანდელი სამოქალაქო ომისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის გადატანის მიუხედავად, საქართველოს კოვიდ-19-ის პანდემიის მსგავსი სიმძიმის კრიზისი ჯერ არ გამოუცდია. სოციალური დისტანცირება და ვირუსის გავრცელების შენელებისთვის სხვა აუცილებელი ზომები ბევრი ჩვენთაგანისთვის დეპრესიის, შიშისა და ეკონომიკურ სიძნელეების გამომწვევია. ამგვარად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ გაითავისონ, რომ ეს ვირუსი საერთო საფრთხეა - პოლიტიკური განსხვავებები შეძლებისდაგვარად გვერდზე უნდა გადაიდოს.

შეერთებული შტატები ამ მხრივ მაგალითად არ გამოდგება. მიუხედავად კონგრესის მიერ ერთხმად მიღებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტისა, პრეზიდენტი ტრამპი და ბევრი მისი ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან ერთმანეთზე პოლიტიკურ თავდასხმებს აგრძელებენ. ერთიანობისკენ მოწოდებები პრესაზე, ლოკალური თუ ფედერალური მნიშვნელობის პოლიტიკურ ლიდერებზე გახშირებულ თავდასხმებში ჩაიკარგა. როგორც ჩანს, ეს ჩემი ქვეყნის ახალი სამწუხარო რეალობაა, თუმცა ასეთი მძიმე კრიზისის დროს ეს ორმაგად სახიფათოა.

საქართველომ ჩვენი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. მმართველმა ძალამ კრიზისით ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის არ უნდა ისარგებლოს. პანდემიის გამო ახლა შეკრების თავისუფლება შეზღუდულია. შესაბამისად, ოპოზიციას საპროტესტო აქციების დროებით შეჩერება მოეთხოვება. შეზღუდულია გადაადგილებაც, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე ან სამოქალაქო საზოგადოების წარომადგემლებზე თავდასხმების გამამართლებელი გარემოება. რა თქმა უნდა, ამ პირობათა დაცვა ოპოზიციურ ძალებსაც ეხება.

ამ თვალსაზრისით, საქმეს არ წაადგება გასული წლის ივნისის საპროტესტო აქციებში ჩართულობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც ჩანს, ხდება არსებული ვითარების გამოყენება, ვინაიდან საგანგებო ვითარებისას საპროტესტო შეკრება შეუძლებელია. როგორც თბილისში აშშ-ს საელჩო აღწერს ვითარებას. „ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება".

შესაძლოა ჩემი ნათქვამი გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა ქართველების გაერთიანების დროა. პოლიტიკის დრო მალე დაბრუნდება. საქართველოს ხშირი სტუმარი და გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდა ამ კრიზისს საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა თავი შეძლებისდგვარად უვნებლად დააღწიონ. მოუთმენლად ველი საქართველოში დაბრუნებას, იმედი მაქვს შემოდგომაზე მოვახერხებ ამას. ამ რთულ პერიოდს როდესაც გამოვხედავთ, გავიხსენებთ მათ, ვინც შეეწირა სასიკვდილო ვირუსს და მათ, ვინც თავგანწირვით გვიცავდა მისგან. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ გამოცდილებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, დასკვნები გამოვიტანოთ და კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ საქართველოშიც და ამერიკაშიც. ძალიან რთული დროა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ეს არ არის დასასრული.

დევიდ კრამერი არის ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის დირექტორი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი; 2010-2014 წლებში იყო Freedom House-ის პრეზიდენტი, 2008-2009 წლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

XS
SM
MD
LG