Accessibility links

site logo site logo

შეთანხმების პირველი პუნქტი, როგორც "განხეთქილების ვაშლი" ოპოზიციაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 აპრილს


კომპრომისი, როგორც ევროპული სიძლიერე და კრიზისი, რომელმაც ფერი იცვალა

ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ დაძაბულობის განმუხტვა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერები. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ ხელმომწერთა და შეთანხმებაზე უარის მთქმელთა მხარდამჭერები, ანუ ისინი, ვინც ადრე ერთ პოზიციაზე იდგა. განხეთქილების ვაშლი, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხია.

იმის გამო, რომ ნიკა მელია ჯერ მსჯავრდებული არ არის, კანონმდებლობის თანახმად, მისი შეწყალების უფლება არა აქვს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, შეწყალების მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, გიორგი რურუაზე, რომელიც საპატიმროს, წინასწარი ინფორმაციით, 27 აპრილს დატოვებს. მელია იმ დროისთვის, ძალიან დიდი ალბათობით, ჯერ ისევ საპატიმროში იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს ხელის მოწერამდე უნდა გაეაზრებინათ, რომ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმება არ ასახავდა ნიკა მელიასთვის მისაღებ პირობებს; ხოლო ახლა ხელმომწერებს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ. პარტიაში ფიქრობენ, რომ ყოფილი თანამოაზრეები ნიკა მელიას უსამართლოდ მოექცნენ.

„არც ნიკა მელია და არც ჩვენ ასე არ მოვიქცეოდით... ასეთ პოლიტიკურ დევნაში რომ იყოს რომელიმე კოლეგა პოლიტიკოსი, ნიკა მელია მას ხელმოწერის შესახებ ასე ტელევიზიის საშუალებით არ შეატყობინებდა“, - ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

არის თუ არა გამოსავალი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია? როგორ წარმოუდგენიათ მელიას გათავისუფლება შეთანხმებაზე ხელის მომწერ პოლიტიკოსებს?- წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის მიუღებელია ამნისტია

2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტები წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. მათთვის მიუღებელია მიშელის დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმ სამართალდამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რომელთაც ძალას გადაამეტეს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 20-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე“, - აცხადებენ ხელმომწერები.

სიას სხვებთან ერთად ხელს აწერენ მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალები დაკარგეს.

შეთანხმების იმ პუნქტს სადაც ამნისტიაზეა საუბარი ეწინააღმდეგება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც აქციის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს იცავს.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში გაუარესებული ეპიდსიტუაციისა და კორონავირუსის რიცხვების ზრდის გამო ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:

„4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული. მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში - მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ“.

თამარ გაბუნიას თქმით, გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც.

ასეთ ვითარებაში ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის პიკს უახლოვდება, რომელიც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისშია დაანონსებული. ეს აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღეებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რათა კორონავირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი თავიდან იქნეს აცილებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მან განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან ამ საკითხზე გაიმართება კონსულტაციები.

წაიკითხე მეტი.

4 წლის შემდეგ პროკურატურამ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

4 წლის შემდეგ საქართველოდან აზერბაიჯანში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ადასტურებენ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში.

როგორც მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" აღნიშნავს, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც.

აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის (სსკ 143-ე მუხლის პირველი ნაწილი) მუხლის ნაცვლად წინასწარი შეცნობით თავისუფლების აღკვეთის კვალიფიკაციით (143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) გაგრძელდება.

წაიკითხე მეტი.

რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი. ნოტა ამის თაობაზე აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ბარტ გორმანს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისმა პირებმა რუსეთი უნდა დატოვონ 21 მაისამდე, იტყობინება სამინისტრო თავის საიტზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ზომას უწოდა საპასუხო ნაბიჯი „ამერიკული მხარის მტრულ მოქმედებაზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უსაფუძვლოდ გამოაცხადეს არასასურველ პირებად“.

წაიკითხე მეტი.

14 წლის ნინის საქმე ადვოკატის გარეშე დარჩა - რატომ თქვა ნინის დამ ადვოკატზე უარი?

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეს ადვოკატი ჩამოაცილეს. გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, მოზარდის დამ, თამუნა ცეცხლაძემ, 12 აპრილს უარი თქვა ადვოკატზე. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ანა თავხელიძისთვის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტისთვის, რომელიც საქმეში მოზარდის გარდაცვალებიდან ორ დღეში ჩაერთო და რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს ზუსტად ორი თვის განმავლობაში იცავდა.

ანა თავხელიძე შიშობს, რომ საქმეში აქამდე არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ სათანადო მონიტორინგისა და გამოძიების გარეშე, შესაძლოა, საქმეზე სამართლიანი განაჩენი ვერ დადგეს და ბრალდებულ პირები შესაბამისი სასჯელის გარეშე დარჩნენ.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ იპოვა გარდაცვლილი. 21 აპრილის მონაცემებით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

რატომ თქვა ნინის დამ ადვოკატზე უარი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

რომან არაქელოვი - იყო ასეთი თბილისელი მხატვარი, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც წლები მუშაობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში და ხატავდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.

ასობით კალმით ჩანახატში არაქელოვს მთელი საწარმოო პროცესი აქვს აღწერილი, ქარხნის მუშების პორტრეტები, ეტიკეტების მიკვრის თუ ყუთებში ჩალაგების პროცესი, შესვენებაზე სკამზე მიწოლილი თანამშრომლები... ყველაფერი, რაც წლების წინ თბილისის ლიმონათის ქარხანაში ხდებოდა.

მისი ეს ჩანახატები, არაქელოვის ავტოპორტრეტებთან, მის საბუთებთან, საბჭოთა თემატიკის პლაკატებთან, სასმელების ეტიკეტებთან და თბილისის თემაზე შექმნილ სხვა ნახატებთან ერთად ჯერ ბუკინისტების ჯიხურში მოხვდა, მერე კი გასტრონომიის თემით დაინტერესებულ კოლექციონერთან, გიორგი იოსავასთან, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლებამ უკვე გიამბოთ.

თავიდან, როცა გიორგი იოსავამ არაქელოვის რამდენიმე ნახატი იყიდა, მასზე გამოსახული ადამიანები ჩაცმულობით მზარეულებს მიამსგავსა, მაგრამ მერე,როცა ამ ავტორის არქივიდან სხვა მასალებიც შეიძინა, აღმოაჩინა, რომ ეს იყო მხატვარი, რომელიც მუშად მუშაობდა ლიმონათის ქარხანაში.

ინტერნეტში რომან არაქელოვზე თითქმის არაფერი იძებნება. იმ ძველ საბუთებში კი, რომელიც გიორგი იოსავას კოლექციაშია, მითითებული იყო არაქელოვის მისამართი მთაწმინდაზე. ამ ოთახს, მხატვარი, სავარაუდოდ ქირაობდა და იქ მუშაობდა.

ამ მისამართზე მისვლისას მართლაც დაგხვდა ერთი ოთახი სხვენში, სადაც გადასაყრელ ქაღალდებს შორის მისი ნახატებიც იყო მიმოფანტული.

ამ სახლის მფლობელმა კი გვითხრა, რომ უკვე საკმაოდ მოხუცი არაქელოვი იქ ბოლომდე მიდიოდა ხოლმე და ხატავდა. შემდეგ შვილმა წაიყვანა და მეტი მასზე აღარაფერი იციან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG