Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმების სასიცოცხლო მნიშვნელობა და ევროკავშირის დახმარების პირობა


“19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – განაცხადა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში ჩართულმა შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა 12 მაისს გამართული ონლაინ დისკუსიის მსვლელობისას.

მისი განცხადებით 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების ("შარლ მიშელის შეთანხმების") შესრულების პროცესში საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ძალების გაერთიანება მოეთხოვებათ, რადგან ძლიერი სასამართლო და საარჩევნო სისტემები აუცილებელი პირობაა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამ კუთხით, მოკლევადიან პერსპექტივაში გადასაწყვეტ საკითხებს შორის კრისტიან დანიელსონი (20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული) ამნისტიის კანონის დამტკიცებას ასახელებს.

"შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული ამნისტია ჯერ ისევ ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად რჩება არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რიგებში და მათ მომხრე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორისაც.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, შეთანხმებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

შვედი დიპლომატი საქართველოს ურჩევს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე მაქსიმალურ ფოკუსირებას, ქვეყნის მომავალზე ორიენტირებასა და ამჟამად არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ფიქრს.

ამასთან, ის sშეგვახსენებს, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„საქართველოს ევროკავშირის როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, 400 მილიონი ევრო უკვე მობილიზებულია საქართველოსთვის კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად. ეს დახმარება გათვლილია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოში. ეს დახმარება, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ყველა დახმარება, უპირობო არ არის. დახმარება დამოკიდებულია კონკრეტული რეფორმების წარმატებაზე ქვეყანაში და ეს ასეც უნდა იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ონლაინ დისკუსია სახელწოდებით - „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!“ გაიმართა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივითა და ლიეტუველი ევროპარლამენტარის, პეტრას ოსტრიავიჩუსის (ALDE) პატრონაჟით.

დისკუსიაში, თავად პეტრას ოსტრიავიჩუსისა და ქართული მხარის წარმომადგენლების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ: პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა (European Conservatives and Reformists Group) და ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი (Group of the European People's Party).

კრისტიან დანიელსონის მსგავსად, ონლაინ დისკუსიის ფარგლებში ევროპარლამენტარებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ევროკავშირისგან მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობები საქართველოს რეფორმირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და ამასვე უკავშირდება სამომავლო ინტეგრაციის შესაძლებლობებიც.

პეტრას ოსტრიავიჩუსმა ლიეტუვის მაგალითი გაიხსენა, თუ როგორ დაძლია ქვეყანამ საქართველოს მსგავსი გამოწვევები ამ საუკუნის დასაწყისში ევროატლანტიკურ მიზნებზე მკაფიო ფოკუსირებითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარების პირობითობის ფაქტორის გათვალისწინებით.

„როგორ გახდები (ევროკავშირის) სრულუფლებიანი წევრი, თუკი არ იცავ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის განრიგსა და წესებს... შენ ამით ზღუდავ გაწევრიანების შესაძლებლობას, თუკი შენ ვერ ინარჩუნებ ტემპს და არ ასრულებ პროცედურებს... (ევროკავშირში გაწევრიანების) პოლიტიკური მოტივაცია ყოველთვის კარგია, მაგრამ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში“ - განაცხადა პეტრას ოსტრიავიჩუსმა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პირების ინტერესებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და რომ აუცილებლად უნდა დაიძლიოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მავნე პრაქტიკა.

დისკუსიის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილთან ვილნიუსში შეხვედრის კონკრეტული ფრაგმენტი გაიხსენა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა. მისი თქმით, საუბრის შინაარსი არასასიამოვნო იყო ექსპრემიერისთვის და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარისთვის.

„მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს - ლიეტუვის პარლამენტის სხდომებზე ვჩხუბობთ და ხანდახან ემოციურ რიტორიკასაც მივმართავთ, მაგრამ სრული თანხმობა გვაქვს მაგალითად - ევროკავშირთან ინტეგრაციისა თუ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხთან მიმართებით და ერთმანეთს ციხეში არ ვგზავნით-მეთქი... ვუთხარი მას, რომ ასეთია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და ბიძინა ივანიშვილი მაშინ ჩემმა მესიჯმა ძალიან ბედნიერი არ დატოვა, მაგრამ ეს იყო ჩემი მესიჯი“ - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

ის ქართველებისთვის დამახასიათებელ თვისებად, იტალიელების მსგავს ემოციურობას მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ემოციურობა ხანდახან დემოკრატიის ჭრილში პრობლემებსაც ქმნის; თუმცა შესაბამისი მონდომების პირობებში ყველა კრიზისის გადალახვაა შესაძლებელი და საქართველოში ბოლო პერიოდში გამოვლენილი პოლიტიკური კრიზისიც ყველა პარტიის პარლამენტში შესვლითა და საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობით უნდა დაგვირგვინდეს.

ევროპარლამენტარები პოლიტიკური კრიზისის ბოლომდე აღმოფხვრასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებას უმნიშვნელოვანეს ამოცანად თვლიან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილშიც.

ანა ფოტიგამ ონლაინ-დისკუსიის ფარგლებში აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება „თითქმის ყოველ კვირას სულ უფრო რთულდება“ და „სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენისთვის“ ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელობა.

ფოტიგა აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა სტაბილურობის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობა. ევროპარლამენტარმა გაიხსენა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ციხეებში ჰყავს მონახულებული არაერთი „პოლიტიკური პატიმარი“; შემდგომი მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ევროკავშირს უკვე სანქციების მექანიზმიც აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG