Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოში შარლ მიშელს ელოდებიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 აპრილს


ვინ მოაწერა ხელი შეთანხმებას სახელწოდებით "სამომავლო გზა საქართველოსთვის"?

19 აპრილს, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში შედგა. მას ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, ასევე ვირტუალურად ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ მიმართა შეკრებილებს და თქვა, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს და თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ გადავდგამთ ერთად უფრო მეტ ნაბიჯს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.

ვისი ხელმოწერებია დოკუმენტზე?

  • "ქართული ოცნება".
  • დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. თავად პარტია ხელს არ აწერს შეთანხმების ტექსტს.
  • დოკუმენტს ხელი მოაწერა დავით ბაქრაძემ.
  • "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოაწერა ხელი შეთანხმებას.
  • "ლელო".
  • "რესპუბლიკური პარტია"
  • პარტია "მოქალაქეები"
  • "გირჩი"
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება"

"ნაციონალური მოძრაობის" გარდა დოკუმენტს ხელს არ აწერენ "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტიაც".

ხელმოწერის დროს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ მისთვის ეს დღე "ემოციურია", რადგან ის ხანგრძლივი პროცესის შედეგია.

"დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც „გზა საქართველოსთვის“ ჰქვია, ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

"ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში. "აშშ-ის სახელით მე მინდა, თქვენ მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის", - განაცხადა მან.

ხელმოწერილი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ახალი ვერსია აზუსტებს ორ ძირითად პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. შეთანხმების თანახმად, თითქმის ნახევარწლიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შედის ოპოზიცია.

თვალი ადევნე განცხადებებსა და შეფასებებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ვებსაიტზე 20 აპრილს.

COVID-ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის (18+) კორონავირუსზე ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. ვებგვერდი უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. moh.gov.ge/covid-chart/register-ზე გუშინ საღამოს 9 საათისთვის 20 ათასზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული.

რეგისტრაციის ფორმა საშუალებას იძლევა, ვაქცინის რამდენიმე სასურველი მწარმოებელი მონიშნოთ. ყველაზე მეტმა Pfizer-ის ვაქცინა მონიშნა ბაზაში. მეორე ადგილზეა Moderna, ხოლო მესამეზე Astra-Zeneca.

საქართველოში ვაქცინაცია კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალისთვის 15 მარტიდან დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 30 209 პირი.

გაიგე მეტი რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

ცნობილია, ვის და რამდენი ხანი შეუწყდება დენის მიწოდება თბილისში 20 აპრილს

თბილისის რამდენიმე უბნის ათეულობით ქუჩას, სხვადასხვა დროს, დენის მიწოდება შეუწყდება. კომპანია "თელასი" ელ. ენერგიის გათიშვას გადაერთებისა და გეგმური სამუშაოებით ხსნის.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 აპრილს დენი არ მიეწოდება

საბურთალოს რაიონი

  • ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, იოსელიანის, თავხელიძის, წმინდა მოწამის ვასილისკოს, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
  • გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას.
  • გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მოსახლეობას.
  • გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

  • გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის, გიგა ლორთქიფანიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.

დანარჩენი უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს გაეცანი აქ.

ანექსიის პირდაპირი საფრთხე და უკანონო დაკავებები - სუს-ი ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს. ამ მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივება. სუს-ი აღნიშნავს, რომ 2020 წლის დეკემბერში რუსეთ-საქართველოს საზღვრის როკის მონაკვეთზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საბაჟო პუნქტი გაუქმდა და „შესაბამისი პროცედურები ერთობლივად ხორციელდება მხოლოდ რუსეთში, ქვემო ზარამაგზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ეს მიზნად ისახავს ე.წ. სტრუქტურების ეტაპობრივ გაუქმებას და მათ რუსულ უწყებებში ინტეგრირებას.

წაიკითხე მეტი.

ციხეში ნავალნის მონახულების შემდეგ, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ის ცუდად გამოიყურება, რაც ზრდის შეშფოთებას კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ის შრომა-გასწორების ობიექტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დასავლეთის ზეწოლის ფონზე. ნავალნი პროტესტის ნიშნად უკვე მესამე კვირაა შიმშილობს.

ადვოკატმა, ალექსეი ლიპსტერმა ნავალნი 19 აპრილს, მცირე ხნით მოინახულა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია მხოლოდ უარესდება, 44 წლის ნავალნი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

"ადვოკატმა ნავალნი მხოლოდ რამდენიმე წუთით ნახა, რის შემდეგაც ის ... გამოაგდეს, რის მიზეზადაც სამუშაო დღის დასრულება დაასახელეს ... სამოქალაქო ექიმებს არ აქვთ მისი მონახულების უფლება, და ის შიმშილობას არ წყვეტს", - წერს ტვიტერზე ლეონიდ ვოლკოვი, ნავალნის გუნდების კოორდინატორი რუსეთის მასშტაბით.

წაიკითხე მეტი.

ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ისევ არ უღებს კარს არც სახელმწიფო სოციალური სააგენტოს სოცმუშაკებს და არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს.

უარი პირდაპირ სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ „იქ ვერასოდეს შევლენ“ და რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მის გვამზე გადაივლიან“.

სოცმუშაკი ჯავახეთის ბავშვთა სახლში ბოლოს 2020 წლის ივნისში მიუშვეს. მას შემდეგ მეუფე სპირიდონი კარის გაღებაზე უარს აცხადებს - როგორც სახალხო დამცველის უწყებაში გვითხრეს, არსებობს სოცსააგენტოს ოფიციალური პასუხი, სადაც წერია, რომ მათ სოცმუშაკს პანსიონში მეუფე სპირიდონის მითითებით არ უშვებენ.

ომბუდსმენი ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება, რომ იქ არსებული აღზრდის მკაცრი სტილი და დასჯის მეთოდები მათ უფლებებს არღვევს. მაგრამ ეკა სხილაძეს ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიაჩნია, რომ პანსიონის მმართველს „შეუძლია გადაწყვიტოს“ და სახელმწიფო სოციალური მუშაკიც კი დაწესებულებაში არ შეუშვას.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ათასობით ადამიანს აქვს დაჯავშნილი, თუმცა ზოგჯერ ჯავშანი უქმდება, განსაკუთრებით „ასტრაზენეკას” ვაქცინაზე, რომლის მიმართ შიშს განაპირობებს ინფორმაცია, დამტკიცებული არაერთ ქვეყანაში, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბებს იწვევდეს. რა კავშირშია ვაქცინა თრომბის წარმოქმნასთან, რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აიცრნენ ან აპირებენ „ასტრაზენეკათი” აცრას? ამ კითხვით ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მივმართეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG