Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიყვანს თუ არა მთავრობა უშიშროების საბჭოში ქვეყნის პრეზიდენტს?


პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეიყვანენ თუ არა ახალ სტრუქტურაში ქვეყნის პრეზიდენტს.
პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეიყვანენ თუ არა ახალ სტრუქტურაში ქვეყნის პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანომ, უშიშროების საბჭომ 21 ნოემბერს არსებობა შეწყვიტა. პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს გაუქმების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით ჩაანაცვლებს მას ახალი ორგანო.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის არაერთი მოწოდების მიუხედავად,საქართველოს მთავრობამ დღემდე არ შექმნა სტრუქტურა, რომელიც უშიშროების საბჭოს ფუნქციებს გადაიბარებდა.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ თემის მიმართ და ეს საკითხი რჩება ღია“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტს მოუწოდებენ თავი აარიდოს ვითარების დრამატიზებას. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, ქვეყანას ახალ წლამდე ეყოლება:

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„[პრეზიდენტს] არ აქვს არანაირი საბაბი წუხილისთვის. რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუ არ ვცდები, პირველ დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება თავის ვადებში. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის პოზიციის პასუხად.

პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეიყვანენ თუ არა ახალ სტრუქტურაში ქვეყნის პრეზიდენტს. ოპოზიცია და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალი უშიშროების საბჭოს შექმნის პერსპექტივა ბუნდოვანია, მისი არსებობის შემთხვევაში კი პრეზიდენტის ჩართვა სამუშაო პროცესში აუცილებელი.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

„ჩემი ინფორმაციით, ინსტიტუციაში არც გენშტაბის უფროსი იქნება, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პრობლემა არაა, რომ უშიშროების საბჭო მთავრობას დაექვემდებაროს, თუმცა უსაფრთხოების საკითხების სრულფასოვანი ანალიზისთვის, მასში სასურველია პრეზიდენტის ჩართვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერაა არჩეული, რაც მას საშინაო და საგარეო პოლიტიკური კრიზისებისას არბიტრის როლს ანიჭებს“, - უთხრა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ „ეხო კავკაზას“.

ახალი საკონსტიტუციო ნორმა უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG