Accessibility links

შენზე მეტი > ჩემზე ნაკლები <


ავტორი: გვანცა აქიაშვილი

შედარების, თავიდან შედარებით უწყინარ, თამაშს სხვები იწყებენ. გვადარებენ ჩვენს უმცროს ძმას, რომელმაც უფრო სწრაფად აიყარა ტანი, ჩვენი უფროსი და კი - უფრო მოპუტკუნებული ეჩვენათ. დედის და მამის მეგობრები, რომლებსაც არ ვიცნობთ, გვადარებენ ჩვენი ასაკის სხვა ბავშვებს, რომლებსაც ასევე არ ვიცნობთ, მაგრამ ვიცით, რომ ისინი მეტად ან ნაკლებად ცელქები აღმოჩნდნენ. გვადარებენ ბაღის იმ საუკეთესო მეგობრის სიყოჩაღეს, რომელიც სულ არ ჭირვეულობს და სადილზე სუპს მთლიანად ჭამს; სკოლაშიც გვადარებენ ჩვენს და-ძმას -კი მაგრამ, შენი ძმა რომ ასეთი მშვიდი იყო შენ რამ გამოგიყვანა ასეთი ხმაურიანიო; შენი და როგორი ძლიერია მათემატიკაში, შენც, მაგრამ შენ უფრო მორცხვი ხარო. გვადარებენ ჩვენს პირველ შორეულ თუ ახლო მეგობრებს; ნიშნებით, ტესტებით, გამოცდებით სტატისტიკურ არარსებულ სტანდარტულ მოსწავლესაც გვადარებენ. გვადარებენ სხვა სკოლებს ელიტურს თუ უფასოს...

შემდეგ ვეჩვევით. აღარც გვჭირდება. ჩვენითაც ვედრებით. ვედრებით ლამაზ-ლამაზ ნივთებს ჩვენს გვერდზემჯდომის მაგიდაზე; ვედრებით ბლოკნოტებს, ჩანთებს, ფანქრებს, სასწავლო წლის პირველ დღეს ახალ ტანსაცმელს; ვედრებით სხვის საშინაო დავალებაში აღწერილ არდადეგებზე გატარებულ დროს; ვედრებით უფროსკლასელებს; ვედრებით ოლიმპიადელებს, ვედრებით ფრიადოსნების დაფას და წარმატებულებს კარგ მომავალს რომ ჰპირდებიან; ვედრებით თავზეხელაღებულებს, მოღადავეებს და ყველაფრის დამკიდებლებს; ვედრებით სიყვარულში გამოტყდომის სხვის გაბედულობას; ვედრებით სხვის გახსნილობას, სითამამეს და თავდაჯერებულობას; ვედრებით სხვის მეგობრობას, ძმაკაც-დაქალობას; მეგობრობის დღიურში შეგროვილ ჩანაწერების რაოდენობას;

ვედრებით შეყვარებულის ყოფილს, შემდეგ ჩვენი ყოფილის ყოფილს და მის ახალს; ტელევიზორში გამოჩენილ ნივთებს და სახეებს ვედრებით; მათზე ფოტოშოპის ეფექტებს ვედრებით;

არჩეული პროფესიების პერსპექტიულობას და შემოსავლიანობას ვედრებით; ვედრებით მოხვედრილი უნივერსიტეტების პრესტიჟულობას; ლექტორთან უშუალო ურთიერთობებს ვედრებით; წიგნების გმირების საინტერესოობას ვედრებით; ფილმების გმირების რომანტიულობას ვედრებით.

შემდეგ სხვის პრობლემებს ვედრებით და ცოტა გვეშვება; ვედრებით არშემდგარ ოჯახებს; სხვის მიღწევებს რომ ვედრებით მათ ასაკსაც ვედრებით; სხვის მაჯის საათს ვედრებით და აქსესუარების ბზინვარებას; რუჯის ხავერდოვნებასაც ვედრებით; ვედრებით უფრო სხვის სინაგლეს და ნაკლებად, მეორეს დაჩაგრულობას; ჩვენი ოჯახებით სხვის ოჯახებსაც ვედრებით; ვედრებით საკონტაქტო წრის წევრთა დახვეწილობას და პოპულარობას; ვედრებით მეზობლის გაქექილობას; გამოქვეყნებულ ფოტოზე დაგროვილი მოწონებების რაოდენობითაც ვედრებით; ვედრებით ჩვენი შვილების წარმატებით სხვისი შვილების წარმატებებს; ძველი კურსელების კარიერულ წინსვლას ჯერაც ვედრებით.

ქვეყნითაც ვედრებით; პრობლემებით კავკასიის სხვა ქვეყნებს ვედრებით, რეფორმებითაც მათ ვედრებით და გვიხარია; თუ სომხეთი რამით წინ წავიდა, ახლა აქეთ გვედრება, ჩვენ გვიტყდება და ამაზე ბევრს აღარ ვედრებით. ქვეყნის შიგნით რეგიონიდან რეგიონამდეც არანაკლებ ვედრებით.

პანდემიის ჟამს მსოფლიოსაც კი ვედრებით; მრავალპროტესტნანახი ჩვენი მმართველობის სწრაფი რეაგირებით და ხალხისთვის გაწეული შრომით ევროპის ქვეყნებსაც კი ვედრებით; სამედიცინო სისტემის სიყოჩაღითაც ვედრებით. სიკვდილიანობით ვედრებით მსოფლიოს და ამ შედარებით ვამაყობთ კიდეც; წინა ხელისუფლებას უფრო ვედრებით, საკუთარ დაპირებებს კი ნაკლებად.

ვედრებით ღვთისმოსავებით, რწმენის სიძლიერით და სიმტკიცით; ღმერთო, ჩვენი ღმერთის ჭეშმარიტებითაც კი ვედრებით.

უფრო წინაპრების სიმამაცით ვედრებით, ნაკლებად - მათი ღალატით; მეტად ვედრებით ტრადიციებით, გულუხვი სუფრითა და სადღეგრძელოების მჭექარებით, ნაკლებად სოფლად დაბრუნებით.

ახალი თაობის თავხედობას და აღვირახსნილობას უფრო ვედრებით, ნაკლებად მათ გულწრფელობას და გაბედულობას; უფრო სხვის ნაოჭებს და ჭაღარას ვედრებით, ნაკლებად ცხოვრების სურვილს; დაკრძალვაზე მოსული ადამიანების რაოდენობით შექმნილ მნიშვნელობა/უმნიშვნელობას ვედრებით; კიდევ ბევრ რამეს მეტად ვედრებით და ბევრსაც ნაკლებად.

ნაკლებად ვედრებით ჩვენს სურვილებს და ოცნებებს; ნაკლებად ვედრებით ჩვენი ხასიათის მიხვრა-მოხვრის ამოცნობას;

ნაკლებად ვედრებით ჩვენს მიზნებს, სხვის მიზნებს შედარებულ ჩვენს მიზნებს კი არა, სხვის მიზნებს არშედარებულ ჩვენს მიზნებს, ჩვენს შეუდარებელ მიზნებს; ჩვენს შესაძლებლობებს და პოტენციალს; სხვისი პოტენციალის შედარებით შექმნილ ჩვენს პოტენციალს კი არა, ჩვენს ნამდვილ პოტენციალს, რომელიც ვერაფერს შეედრება;

ნაკლებად ვედრებით ბოლომდე ნაცხოვრები თითოეული დღით მიღწეულ სიზმრის სიღრმეებს. ჩვენი წარმოსახვის უსაზღვროობის ნაცვლად მეტად სხვის ჩარჩოებს ვედრებით.

ნაკლებად ვედრებით ჩვენს გულწრფელობას და ჩვენს თავთან ჭეშმარიტად მართლად ყოფნას; ნაკლებად ვედრებით ჩვენს ჯანსაღ სხეულს და ჯანსაღს სულს; ნაკლებად ვედრებით ჩვენი სულის სიმშვიდეს და სიყვარულისადმი გადადგმულ ნაბიჯებს;

მეტად ვედრებით სხვას, ნაკლებად ჩვენს თავისუფლებას.

მეტად > ნაკლებად <

პ.ს. მკითხველი შეიძლება მეტად ან ნაკლებად ედრებოდეს ზემოთ მოყვანილ მაგალითებს, თუმცა, თამაში ერთია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG