Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები და მოლოდინი მელიას სასამართლო პროცესამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 აპრილს


ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დაინიშნა, იწყება საქმის არსებითი განხილვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა. 8 აპრილს, 11 საათზე გაიმართება საქმის პირველი არსებითი განხილვა. არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედოს.

დააყენებს თუ არა პროკურატურა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობას? რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე საგამოძიებო უწყებაში არ პასუხობენ.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჯერ არ იცის, რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა, თუმცა დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებებით აპირებს პროცესზე მისვლას.

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი იყო, რასაც ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან აყენებდა დანიელსონის შუამდგომლობით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

IRI-ს კვლევა გამოქვეყნდა: რას ფიქრობს ხალხი დღევანდელ პოლიტიკაზე?

5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, მოსახლეობის 45% ამბობს, რომ ნამდვილად ან გარკვეულწილად - კი. უარყოფით ან ნაწილობრივ უარყოფით პასუხს ამავე კითხვაზე ასევე 45% იძლევა.

გამოკითხულების აზრით, ყველაზე მისაღები საჯარო პირების სამეული ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია II (89%), ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია (65%) და თბილისის მერი კახა კალაძე (54%).

გამოკითხულთათვის ყველაზე მიუღებელია - ნინო ბურჯანაძე. 62% უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნეგატიური რეიტინგი აქვს ბიძინა ივანიშვილსაც.

წაიკითხე მეტი IRI-ის კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ:

ბათუმში მიმდინარე მსვლელობის ორი მონაწილე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

გუშინ, 5 აპრილს, კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააჯარიმა ბათუმში. ისინი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობას მართავდნენ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, დაჯარიმებული არიან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" სოლომონ ბაჯელიძე.

გიგა მაქარაშვილმა თქვა, რომ საჯარიმო ოქმის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის გეგმით - რა ხდება აქვე, უკრაინაში?

ვიდრე საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი არ ნელდება, ვითარება სულ უფრო იძაბება უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი სწრაფად ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და აგრძელებს მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას.

უკრაინული მხარე იტყობინება, რომ 4 აპრილს ისევ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ნაღმმტყორცნებითა და ავტომატური იარაღით შეუტიეს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს დონბასში. ამჯერად მსხვერპლი არ არის. სხვადასხვა ცნობის თანახმად, რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა მარტსა და აპრილში, სულ ცოტა, 7 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. მარტში მათ 248-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების მოლოდინს ის ფაქტი აჩენს, რომ სხვადასხვა სახის ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს სულ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეჰყავს უკრაინის საზღვრებთან.

ის, რაც რუსეთის წინასწარ გათვლილი გეგმით უკრაინაში ხდება, ექსპერტების აზრით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის. რა შეიძლება მოხდეს, თუკი შეიარაღებული დაპირისპირების ეპიზოდები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება? - წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ვაქცინაცია რიცხვებში და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კოვიდვაქცინაციის დაწყებიდან 20 დღეში საქართველოში აიცრა 11 603 ადამიანი.

„დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში“, - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა - „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“ - ამიტომ თავისუფლადაა შესაძლებელი ვაქცინირებულთა რიცხვის გაზრდა. არსებული ინფორმაციით, აპრილის ბოლომდე აცრაზე ჯავშანი გაკეთებული აქვს 19 073 ადამიანს.

საქართველოში მომატებულია კორონავირუსის დღიური მაჩვენებლები. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ადრეა იმაზე საუბარი, ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულისთვის. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ ჩაკეტვის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში ლოკალურად ხდება ჩაკეტვა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თურქეთში დააპატიმრეს ათი გადამდგარი ადმირალი, მათ შეთქმულებაში ედებათ ბრალი

თურქეთში დააპატიმრეს 10 გადამდგარი ადმირალი. მანამდე მათ ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ხაზგასმულია თურქეთის უსაფრთხოებისთვის მონტროს კონვენციის მნიშვნელობა, რაც შავი ზღვის მილიტარიზაციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება 5 აპრილს.

კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი გამოიძახეს ანკარის პოლიციაში, იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

ღია წერილი, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალების 104-მა ყოფილმა მაღალი რანგის პირმა მოაწერა ხელი, დაგმო თურქეთის ხელისუფლებამ, რომელმაც მასში დაინახა სამხედროების მხრიდან სამოქალაქო მთავრობის პირდაპირი გამოწვევა.

წაიკითხე მეტი.

ნავალნი აცხადებს, რომ ციხის მისი განყოფილებიდან მესამე ტუსაღი მოხვდა საავადმყოფოში ტუბერკულოზზე ეჭვით

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის ციხეში მოხვდა, ციხის მისი განყოფილებიდან მესამე პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ტუბერკულოზზე ეჭვით.

როგორც ნავალნი 5 აპრილს ინსტაგრამზე წერს, საპატიმროს ექიმები მისი გასინჯვის შემდეგ ამბობენ, რომ მას აქვს „ძლიერი ხველა“ და 38,1 გრადუსი ტემპერატურა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი ამჟამად სასჯელს იხდის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული მოსკოვს და რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სატუსაღოდ იცნობენ.

წაიკითხე მეტი.

დიდი მეექვსე

მოკვდა სათნო კაცი.

ისიც მოკვდავი ყოფილა.

ამ სათაურს იოლად ამოხსნის ყველა, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. ვინც იცის, ვინ იყო ზე მორეირა, ჟოაო აბადო, მანუელო კოსტა, დონ დიეგო და მოხუცი სანტოსი, იგი იმასაც მიხვდება, ვინ არის დიდი მეექვსე. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ იგი იყო პირველი. ან მეორე. თუნდაც მესამე... უთუოდ რიგში სადღაც უკან ჩაიმალებოდა. ამაში იყო მისი ძალა. თუმცა ძალიანაც ვერ იმალებოდა. მაღალი იყო. ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც.

ახლა ბევრი გაიხსენებს მას და ეს გასაგებია. გურამ დოჩანაშვილმა დიდხანს იცოცხლა. ბევრმა მოასწრო მისი გაცნობა. პირადად და ირიბად. წიგნიდან და ცხოვრებაში.

ლამაზ-ქალაქსა და კარცერ-ლუქსზე, კაატინგასა და დაბურძგვლაზე, და ა.შ., სხვები ჩემზე უკეთ დაწერენ. მე აქ უფრო მაინტერესებს კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა კაცი - ადამიანი.

წაიკითხე მეტი ზაზა ბურჭულაძის ბლოგში.

„არავის არ ეგონა, რომ ჩვენ დეპუტატები გავხდებოდით, ამისთვის არ ვიბრძოდით. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რაც მოხდა 9 აპრილს; რაც მოხდა 89 წლის 9 აპრილის, იმ უბედურების ღამეს. და ზუსტად ბატონმა ზვიადმა ეს თარიღი დაამთხვია 9 აპრილს გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, მათ პატივსაცემად, ვინც შეეწირა დამოუკიდებლობას...“

ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.

ეპიზოდი 5 - ეთერ ყაველაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG