Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექმნა თუ არა პრობლემები საავადმყოფოებში საკეისრო კვეთის შეზღუდვამ


საავადმყოფო. 08 მარტი 2013 წ.
საავადმყოფო. 08 მარტი 2013 წ.

ავტორი: ცირა გურგენიძე

„ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“ მოითხოვს საკეისრო კვეთისთვის დაწესებული პროცენტული ზღვრის გადაცილების შემთხვევაში სამშობიარო კლინიკების დაჯარიმება შეჩერდეს.

ორგანიზაცია 2016 წელს ამოქმედებული კანონის გაუქმებას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს.

„მაგალითად, 40%-იანი ზღვრის შემთხვევაში, თუ საავადმყოფოში საკეისროების რაოდენობა არის 41%, საავადმყოფო ჯარიმდება არა გადაცილებული 1%-ის, არამედ მთლიანად 41%-ისათვის. ექიმი შეშინებულია, რომ არ გადააცილოს ზღვარს, ამიტომ ცდილობს ორსული ფიზიოლოგიურად ამშობიაროს. ამის შედეგად ხშირია გართულებული მშობიარობის ფაქტები“, - ამბობს სალომე ლოლუა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე, საკეისრო კვეთისთვის ნებადართული ზღვარი სხვადასხვა კლინიკისთვის სხვადასხვაა.

სალომე ლოლუა
სალომე ლოლუა

სალომე ლოლუას თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ამოქმედებულმა დაჯარიმების წესმა არაერთი სამშობიარო სახლის დახურვა გამოიწვია და საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების ნაცვლად გააჩინა „მორბენალი მშობიარეები“.

მისი განცხადებით, ფეხმძიმე ქალები, რომლებიც სამშობიარო კლინიკების დაწესებულ პროცენტულ ზღვარში ვერ ხვდებიან, სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციის ჩასატარებლად სხვა კლინიკებს ეძებენ.

„ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა გაცილებით აღემატება "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ რეკომენდებულ 10-15 %-იან ზღვარს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საკეისრო კვეთების რაოდენობა 51%-ია, იმერეთში - 41 %, აჭარაში - 40 %, თბილისში- 37 %, კახეთში - 38,5 %.

სალომე ლოლუას აზრით, საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირება აუცილებელია, მაგრამ არა მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული პოლიტიკით:

  • არ შემცირებულა საკეისრო კვეთების რაოდენობა;
  • გაიზარდა ჩვილ ბავშვთა ტრავმული დაზიანებები და სიკვდილიანობა;
  • გაიზარდა ჰისტეროქტომიის შემთხვევები, ანუ მრავალმა ქალმა გართულების შედეგად საშვილოსნო დაკარგა.

ორგანიზაციის ინიციატივაა, რომ ორსულებმა, რომლებიც საკეისრო კვეთას საკუთარი სურვილით მიმართავენ, ოპერაცია თვითონ დაიფინანსონ, სახელმწიფო სახსრები კი საჭიროებისამებრ დაიხარჯოს.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მშობიარობას 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთას 800 ლარით აფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენების (როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო 800 ლარის ნაცვლად იხდის 500 ლარს.

პირველი სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც, ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით, პაციენტისთვის საკეისრო კვეთაზე უარი უთქვამთ:

„პირველი სამედიცინო ცენტრის შემთხვევაში, ზღვარი 31%-ია. ვეთანხმებით სამინისტროს, რომ უნდა შემცირდეს საკეისრო კვეთები, თუმცა უბედურება ის არის, რომ შეზღუდული ვართ პროცენტებით. პაციენტისთვის გვითქვამს, რომ ჩვენს დაწესებულებაში მისი მოთხოვნა ვერ შესრულდებოდა და სხვაგან გადაგვიმისამართებია, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცავდა საფრთხეს“.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ საქართველოში საკეისრო კვეთების რიცხვი 44 %-ს აღემატება. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს, რომ საკეისრო კვეთების რიცხვი სამედიცინო დაწესებულებებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე დაერეგულირებინათ.

„ანალიზის საფუძველზე ვნახეთ, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში საკეისრო კვეთების რიცხვი 70-80 %-ს აღემატებოდა. ვისაც საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, წლის განმავლობაში მას უფრო მეტი პროცენტით უნდა შეემცირებინა, ვისაც ნაკლებით ჰქონდა, - უფრო ნაკლებით. შეუძლებელია ორ წელში ერთი ხელის მოსმით შემცირდეს ამ დაწესებულებებში საკეისრო კვეთების პროცენტული რაოდენობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით დაწესებულ სტანდარტს გაუტოლდეს“, - ამბობს მარინა დარახველიძე.

მისივე თქმით, პირველი წელი რთული იყო, თუმცა წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ საკეისრო კვეთების რაოდენობამ 2,9 %-ით დაიკლო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკეისრო კვეთის პირობების შემცველი ხელშეკრულებები სამშობიარო დაწესებულებებთან 2017 წლის მარტიდან დაიდო.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG