ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, პროპორციული არჩევნების კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცირკს დგამს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
„მთელი ეს დღეები იდგმებოდა ცირკი. ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ გვართმევენ არჩევანის თავისუფლებას. თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც მოსახლეობას პარლამენტის წინ გამოსვლისკენ მოუწოდებს. აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები დღეს, 13 ნოემბერს, 19 საათზე აპირებენ პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას.
აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის უნდა ეყარათ კენჭი. „ქართულმა ოცნებამ“ დღის სამ საათზე მიიღო გადაწყვეტილება, კენჭისყრა ხვალისთვის გადაეტანა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა.
თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.
დაწერეთ კომენტარი