Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ლევ ლეშჩენკომ საქართველო უკვე დატოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ივლისს


შსს: ლევ ლეშჩენკომ საქართველო უკვე დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლაც იმყოფებოდა რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო. უწყების ინფორმაციით, მან უკვე დატოვა საქართველო.

ის 2013 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევით იმყოფებოდა საქართველოში, აფხაზეთში. არსებობს ამის ამსახველი არაერთი კადრიც. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, საზღვრის კვეთისას ლეშჩენკოს რაიმე კანონდარღვევა არ დაუფიქსირდა.

„რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა“, - შეატყობინეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.

საქართველოში ლევ ლეშჩენკოს ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მან 25 ივლისს თქვა, რომ „ლეშჩენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს“.

წაიკითხე მეტი.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ჯეიმი ფლაი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე 5 ივლისს განვითარებული მოვლენების სრულყოფილად გამოძიების საჭიროება. ვინც დააფინანსა და ხელმძღვანელობდა ძალადობრივ თავდასხმებს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათ შორის რადიო თავისუფლების, პასუხი უნდა აგონ. ჟურნალისტებზე თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და მართლაც შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მედიის თავისუფლების ბოლოდროინდელ ტრადიციას“, - თქვა შეხვედრის შემდეგ ჯეიმი ფლაიმ.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველო უკვე წითელ ზონაში იმყოფება კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, თუმცა, როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ჩაკეტვები აღარ იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პანდემიის მართვა „ლოკდაუნის“ გარეშე, გაძლიერებული ვაქცინაციით მოხდეს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მან ამ მხრივ 2020 წლის გაზაფხულსა და მიმდინარე წელს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩაკეტვის პირობებში პანდემიის მართვა შედარებით ადვილია, მაგრამ ამისთვის საჭიროა სესხი, რომლის აღების სურვილი და შესაძლებლობა ქვეყანას აღარ გააჩნია.

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი. ამ ეტაპზე ქვეყანაში ამოწურულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მარაგი. „"​ასტრაზენეკაზე" რეგისტრაციის ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ქვეყანაში არ არის... დამატებით დაემატება ადგილები... ერთი-ორი დღე შეიძლება დასჭირდეს "ასტრაზენეკას" გამოჩენას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ამჟამად, გაზრდილი მიმართვიანობის გამო ქვეყანაში კორონავირუსისთვის მობილიზებული საწოლფონდის 86% უკვე შევსებულია. აქედან 216 პაციენტი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.

წაიკითხე მეტი.

"აი ფაქტმა" გამოავლინა 26 მღვდელმსახური, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივ აქციას ესწრებოდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე ფოტო და ვიდეომასალებში 26 მღვდელმსახური აღმოაჩინა.

„მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ძალადობრივ აქციაზე მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტია. ერთ-ერთი ოპერატორი, TV პირველის თანამშრომელი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულებს შორის არცერთი სასულიერო პირი არაა.

ნახე სია აქ.

საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“, - წერს ღარიბაშვილი „ფეისბუკზე".

გაერო: ავღანეთში იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

2021 წლის მაის-ივნისში ავღანეთში დაიღუპა ან დაიჭრა დაახლოებით 2400 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ბოლო ორი თვის ყველაზე მაღალი მონაცემებია. მსგავს ანგარიშს გაერო 2009 წლიდან აწარმოებს. ბოლო ექვს თვეში დაღუპულთა შორის უფრო მეტი ქალი და ბავშვია, ვიდრე მანამდე ნებისმიერი ექვსი თვის განმავლობაში ყოფილა.

26 ივლისს გამოქვეყნებულ, ავღანეთის დახმარების გაეროს მისიის (UNAMA)-ს ანგარიშის თანახმად, ნახევარ წელიწადში დაღუპულთა 46 % ქალები და ბავშვები არიან.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ულიფოდ - რა ფასს იხდიან ქალები თავისუფლებაში

სულ რამდენიმე სანტიმეტრი ნაჭერი, პლასტმასის დეტალები, რკინის შესაკრავი, მაქმანები და „გუბკა” - ამ კომბინაციის სხვადასხვა ვარიანტს ქალების უმეტესობა ყოველდღე იცვამს.

ზაფხულში სხეულზე მჭიდროდ მოტმასნილი ლიფი იშვიათადაა მოსახერხებელი. ზოგადადაც - თუ ვინმემ არ იცის - ლიფის ტარება ძირითადად დისკომფორტია.

მარიტა რომ ათი წლის იყო, ცეკვის გაკვეთილზე მასზე ოდნავ პუტკუნა გოგოს, მარიტას ჯგუფელს კაცმა მასწავლებელმა მთელი ჯგუფის თვალწინ უთხრა, უკვე დიდი მკერდი გაქვს და ლიფი ჩაიცვიო. მარიტამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ მასწავლებელთან აღარ ივლიდა - ვის უნდა, უფროსი კაცების ბულინგის მსხვერპლი იყოს?! 17-18 წლის ასაკიდან მხოლოდ მაშინ იცვამს, როცა საჭიროდ თვლის. ეს არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხვდა, რომ ფემინისტია - იმ გარემოში, სადაც იზრდებოდა, უბრალოდ არ არსებობდა ცოდნა იმის შესახებ, რომ ქალმა შეიძლება სხვანაირად ჩაიცვას.

რატომ აქვს საზოგადოებას პრეტენზია ქალის სხეულზე? მავნებელია თუ არა ლიფი ჯანმრთელობისთვის? რა ეპატიებათ კაცებს და არ ეპატიებათ ქალებს? - წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღებას ძირითადად ბათუმში ან თბილისში ცდილობენ. ეს არჩევანი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება: გეოგრაფია, ფინანსური მდგომარეობა, ადგილსამყოფელი. განვითარების რა პერსპექტივებს ხედავენ სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან სწავლის დასრულების შემდეგ? რამდენად ეხმარება მათ შეძენილი ცოდნა პროფესიულ წინსვლაში და რა პროფესია უნდა აირჩიო იმისთვის, რომ არ მოწყდე საკუთარ მხარეს? ვესაუბრებით სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მაღალმთიანი აჭარიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG