1968 წელს, 21-დან 22 აგვისტოს ღამით, ჩეხოსლოვაკიის საზღვრები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გადაკვეთა 250 000-მდე სამხედრომ და მათმა თანმხლებმა პირებმა საბჭოთა კავშირიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, აღმოსავლეთ გერმანიიდან და ბულგარეთიდან. ამ ოპერაციით საბჭოთა კავშირმა გააჩერა „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილი დემოკრატიული რეფორმების ტალღა, რომელიც მთელ ჩეხოსლოვაკიას მოიცავდა.
შეჭრა ძალზე მოულოდნელად მოხდა. ბევრმა სპონტანურად დაიწყო ანტისაბჭოთა პლაკატებისა და ჩეხოსლოვაკიის დროშების აღმართვა ან სამხედროებთან ლაპარაკი - ჩეხოსლოვაკიის მცხოვრებნი ცდილობდნენ საოკუპაციო ძალის ჯარისკაცები დაერწმუნებინათ, რომ სამხედრო ოპერაციისთვის მიზეზი არ არსებობდა.
ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მაშინ, როცა სამხედროები მიადგნენ ჩეხოსლოვაკიის რადიოს შტაბ-ბინას პრაღაში და რადიოსადგურის დაკავება სცადეს. ადგილობრივმა ხალხმა ბარიკადების აგება დაიწყო არა მხოლოდ შენობის, არამედ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლოს დასაცავად.
ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას მოჰყვა ე. წ. “ნორმალიზაციის“ პროცესი, რომლის დროსაც აღადგინეს „პრაღის გაზაფხულამდე“ მოქმედი ავტორიტარული კომუნისტური მმართველობა.
საერთო ანგარიშით, ვარშავის ხელშეკრულების ძალების შეჭრის შედეგად დაიღუპა ჩეხოსლოვაკიის 137 მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი.
გთავაზობთ ოთხი ქალის მონათხრობს - ქალებისა, რომლებმაც დიდი სიმამაცით იმოქმედეს 1968 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკულ დღეებში.
დააჭირე ფოტოს გასაცნობად. დააჭირე სახელს ამბის მოსასმენად
ისტორია სრულად
ისტორია სრულად
ისტორია სრულად
ისტორია სრულად
მეც და სხვა ადამიანებიც, რომლებიც იმ ადგილას აღმოვჩნდით, სირბილით შევედით შენობებში და ადგილობრივებთან ერთად დაჭრილების გარეთ გამოყვანა დავიწყეთ...
სტანისლავა დრაჰა დაჭრილებს ეხმარებოდა.
როცა სტანისლავა დრაჰამ 1968 წლის 21 აგვისტოს, თავისი შვებულების პირველ დღეს, გაიღვიძა, რადიო ჩართო და მოისმინა ცნობები პრაღის ცენტრში, რადიოსადგურის შტაბ-ბინასთან, ხანძრისა და სროლის შესახებ, როცა ფანჯრიდან გაიხედა და ტანკების ხმა გაიგონა, მიხვდა, რომ რადიოთი პირდაპირ ეთერში უსმენდა რეპორტაჟს.
სტანისლავა შიშობდა, რომ კრიზისში რიგითი ადამიანები დაშავდებოდნენ. მან სწრაფად ჩაიცვა და გაიქცა ვინოჰრადსკის ქუჩისკენ, სადაც ჩეხოსლოვაკიის რადიოს შტაბ-ბინა მდებარეობდა. იქ ნახა დაჭრილი და დეზორიენტირებული ადამიანები, რომლებიც ტყვიებითა და სატანკო ცეცხლით დაზიანებული სახლებიდან გამორბოდნენ. ერთ-ერთ გამვლელთან ერთად ის შენობაში შევარდა, შუშისა და კედლების ნამსხვრევების წვიმის ქვეშ.
მეორე სართულის კიბეზე დრაჰამ დაინახა ხანდაზმული კაცი, რომელსაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ბევრი სისხლი სდიოდა. გადაწყვიტა დახმარებოდა და მიეყვანა ვინოჰრადსკის საავადმყოფომდე, რომელიც სამ-ნახევარი კილომეტრით იყო მოშორებული რადიოს შენობიდან. როცა ტრამვაის ორიონკის გაჩერებას მიუახლოვდნენ, დაინახეს ოკუპაციური ძალის, ვარშავის ხელშეკრულების ოფიცერი. სამხედრომ, დაშავებული და სისხლით მოთხვრილი კაცის დანახვაზე, მათ საავადმყოფომდე მანქანით მიყვანა შესთავაზა. დრაჰა ოფიცერს ძალიან წესიერ ადამიანად იხსენიებს.
ამის შემდეგ დრაჰამ მთელი დღე პრაღის ქუჩებში გაატარა, ეხმარებოდა დაჭრილებს, მიჰყავდა ისინი სახლებამდე და ფოტოებს უღებდა მიმდინარე ოკუპაციის სცენებს.
დრაჰა ამბობს, რომ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამ მის ცხოვრებას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა და ძალიან შეაშფოთა ჩეხოსლოვაკიის მომავლის გამო.
პლაკატზე რუსულად წერია " ოკუპანტებო, წადით სახლში" პლზენი, ჩეხოსლოვაკია. (CTK)
[საბჭოთა სამხედროებმა] რადიოს შენობას განურჩევლად გაუხსნეს ცეცხლი, ესროდნენ ფანჯრებს... ძალიან დიდი დრო დასჭირდათ შიგნით შემოსასვლელად, მაგრამ ბოლოს ეს მაინც მოახერხეს.
ვერა ჰომოლოვა რადიოს რეპორტიორი იყო, რომელიც საიდუმლო სტუდიიდან მაუწყებლობდა.
1968 წლის 21 აგვისტოს ვერა ჰომოლოვას დილის ოთხი საათისთვის დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების სამხედროები შეიჭრნენ. ვერა ჩეხოსლოვაკიის რადიოს ჟურნალისტი იყო და იცოდა, რომ სწრაფად უნდა მისულიყო რედაქციაში. უცებ ჩაიცვა, რადიოს შტაბბინისკენ გაიქცა და იქ ცოტა ხნით ადრე მივიდა - მანამ, სანამ სამხედროები დაიწყებდნენ რადიომაუწყებლობის შეწყვეტის ოპერაციას.
ვინოჰრადსკის ქუჩაზე განთავსებული რადიოს შტაბ-ბინის გარშემო ვითარება დილის 7 საათისთვის დაიძაბა - იქ მეტი ტანკი მივიდა, რომელთა პასუხად ასობით ადამიანმა ბარიკადები ააგო და რადიოს დაცვა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც სამხედროები რედაქციაში შეიჭრნენ, ჰომოლოვა უკანა კარიდან გაიპარა და შენობა დატოვა. ის ჯერ იქვე ახლოს მდებარე სამხედრო სტუდიაში მივიდა. იქიდან უფროსმა სტრაშნიცეზე მდებარე ტესლას კომპანიის შენობაში გაგზავნა, სადაც სახელდახელო სტუდია იყო მოწყობილი. ჰომოლოვას და მის ორ კოლეგას ტელეფონით აწვდიდნენ ცნობებს და ისინიც მაშინვე გადასცემდნენ ახალ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. იმისთვის, რომ არ ამოეცნოთ, ჟურნალისტებს სტუდია 9 სექტემბრამდე არ დაუტოვებიათ, იქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. 9 სექტემბერს კი მაუწყებლობა ჩეხოსლოვაკიის რადიოს შტაბ-ბინიდან განახლდა.
ჰომოლოვა 1968 წლის მოვლენებს თავისი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპად მიიჩნევს. მაშინ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ დამლაგებლად ახერხებდა მუშაობას.
ვაცლავის მოედანზე პროტესტანტები საბჭოთა ტანკების შეჭრას აპროტესტებენ. (CTK)
ავიღეთ კიბე, კედლიდან ქუჩის აბრის ჩამოხსნა დავიწყე. უცებ ძალიან ძლიერი ხმა შემოგვესმა იქვე, კუთხიდან. დაჯავშნილი მანქანის ხმა იყო.
ვერა როუბალოვა სტუდენტი იყო, რომელმაც ოკუპაცია პლაკატების დახატვით და ქუჩის ნიშნების მოხსნით გააპროტესტა.
ვერა როუბალოვა მშობლების სახლში იყო, როცა შუაღამისას გააღვიძეს და უთხრეს, რომ ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების სამხედროები შეიჭრნენ.
რადიო ხალხს მოუწოდებდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და ჩეხოსლოვაკიის მთავრობის პასუხს დალოდებოდნენ, მაგრამ ვერა სწრაფად დაუკავშირდა თავის პოლიტიკურად აქტიურ მეგობრებს. მათ გადაწყვიტეს ქუჩების დასახელების აბრების ჩამოხსნით ოკუპანტი ძალებისთვის პრაღის ქუჩებში მოძრაობა გაერთულებინათ. როუბალოვა იხსენებს, რომ თავს თავგადასავლის მონაწილედ გრძნობდა, სანამ გვერდით ტანკმა არ ჩაუარა და ცოტა ხანში სროლა არ დაიწყო. ახალგაზრდებმა უცებ გაიაზრეს, რომ ვითარება უკვე ძალიან მძიმე იყო.
მოგვიანებით როუბალოვამ და მისმა მეგობარმა პლაკატების ხატვა დაიწყეს, რომლებსაც შემდეგ მთელი ქალაქის მასშტაბით არიგებდნენ. როუბალოვა იხსენებს ერთიანობისა და სოლიდარობის ძლიერ განცდას - ყველა მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას: სარდაფში, სადაც პლაკატებს ხატავდნენ, მოჰქონდათ ქაღალდი, საჭირო ნივთები, საჭმელი. პლაკატებით, რომლებზეც იყო, მაგალითად, ლოზუნგი „სახლში წადი, ივან“, როუბალოვა და მისი მეგობრები ცდილობდნენ სამხედროები დაერწმუნებინათ, რომ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა შეცდომა იყო.
იმ მძიმე დღეებში გაწეული საქმიანობისთვის როუბალოვას პრობლემები არ შეჰქმნია, თუმცა იხსენებს, რომ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში მონაწილე ქვეყნების მიმართ ბოლომდე შერჩა დაძაბულობის განცდა.
ახალგაზრდა ჩეხი წყვილი საბჭოთა ტანკს შეჰყურებს ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობისკენ მიმავალ გზაზე, 21 აგვისტო, 1968 წელი. (CTK)
ჩემმა კოლეგამ მიწაზე დამაგდო და ზემოდან დამაწვა. ჯერ ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. მათ შენობას ტყვიები დააყარეს.
მარტა ბისტროვოვა საგაზეთო ჟურნალისტი იყო და მოვლენების ეპიცენტრიდან წერდა საბჭოთა ძალების ხელმძღვანელობით მიმდინარე ოკუპაციაზე.
როცა 1968 წლის 21 აგვისტოს მარტა ბისტროვოვა „სვობოდნე სლოვოს“ რედაქციაში მივიდა, ვაცლავის მოედანი სავსე იყო ხალხით, ტანკებით და სხვა დაჯავშნილი მანქანებით. ორ კოლეგასთან ერთად მარტამ გადაწყვიტა დაეწერა, რაც ხდებოდა. ბისტროვოვა ამბობს, რომ ვარშავის ხელშეკრულების სამხედროებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, თუ სად იმყოფებოდნენ და რატომ არ აფასებდნენ ადგილობრივი მოქალაქეები მათ „ძმურ“ დახმარებას. ბისტროვოვა იმასაც აღიარებს, რომ ადგილობრივი ხალხი სამხედროებს მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ უფროსობის ბრძანებებს.
ბისტროვოვა და მისი კოლეგები ეროვნული მუზეუმის შენობის წინ იდგნენ და ვაცლავის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდნენ. ამ დროს საოკუპაციო ძალებმა მუზეუმს ცეცხლი გაუხსნეს - ეს შენობა მათ ჩეხოსლოვაკიის რადიოს შტაბ-ბინაში აერიათ. ბისტროვოვა კოლეგამ მიწაზე დააგდო და ტყვიით სიკვდილს გადაარჩინა. მერე ჟურნალისტები ცოტა ხნით რადიოს შენობასთან მივიდნენ და სწრაფადვე დაბრუნდნენ რედაქციაში გაზეთის პირველი საგანგებო ნომრის ასაწყობად. როგორც კი დაამთავრეს, მაშინვე მეორე საგანგებო ნომერზე შეუდგნენ მუშაობას.
მათი რედაქციის სტრატეგიული მდებარეობის გამო, სამხედროებმა მეორე დღეს ოფისში ოთახები დაიკავეს და თავიანთ შტაბად დაიწყეს მათი გამოყენება. ამის გამო „სვობოდნე სლოვოს“ ჟურნალისტები სხვადასხვა კერძო ბინაში ან მატარებლის სადგურზე ხვდებოდნენ ერთმანეთს სტატიების ჩასაბარებლად. ისინი გაზეთის გავრცელებაშიც იღებდნენ მონაწილეობას - გამოცემა მიჰქონდათ მკითხველამდე და საელჩოებამდე, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლობებამდე.
როცა „ნორმალიზაციის“ პროცესი დაიწყო, ბისტროვოვა დეკრეტულ შვებულებაში იყო და ამიტომ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. რედაქციაში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჟურნალისტებს მუშაობა ეზღუდებოდათ და ისინი თავისუფლად ვეღარ ავრცელებდნენ ინფორმაციას.