Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ყალბ პოროშენკოს და სტოლტენბერს ესაუბრებოდა


ზორან ზაევი
ზორან ზაევი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რუსმა კომიკოსებმა გაამასხრეს პოლიტიკოსი და YouTube-ზე გამოაქვეყნეს მასთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერი. ზაევი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დანატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრებოდა.

მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ოპოზიამ ზაევის გადადგომა მოითხოვა, მათი თქმით, ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გამო, სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საუბრებში მას არ გაუთქვამს სახელმწიფო საიდუმლოება და არ შეხებია მგრძნობიარე ინფორმაციას.

„მე მომატყუა კარგად ორგანიზებულმა სტრუქტურამ, რომელიც ახალ ტაქტიკას, ფორმებსა და მეთოდებს იყენებს ევროალანტიკური მისწრაფეებების მქონე პირებისა და ქვეყნების დისკრედიტაციისთვის,“ განაცხადა ზაევმა სამშაბათს სკოპიეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს არის ერთ-ერთი მცდელობა, პირდაპირ მიაყენოს ზიანი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს, მივაღწიოთ ნატოს წევრობას,“ თქვა მან.

ზაევი უკანასკნელი სამიზნეა რუსი კომიკოსების, ვლადიმირ კუზნეცოვისა და ელექსეი სტოლიაროვისა, რომლებმაც ადრე ამავე სახით გაამასხრეს ბრიტანელი პოლიტიკოსი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

50-წუთიან სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ეხება საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოპიესა და ათენს შორის შეთანხმება ქვეყნის სახელწოდების, „ჩრდილოეთ მაკედონიის“ შესახებ. კომიკოსები ზაევს ასევე ესაუბრებიან უკრაინაზე, სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, ევროკავშირსა და ნატოზე, მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის თემაზე.

ერთ მომენტში ვითომ პოროშენკო ტრაბახობს, რომ აღმოაჩინა თავისი ოჯახის კავშირები ალექსანდრე მაკედონელთან, რაზეც ზაევი ამბობს, რომ იცის ამის შესახებ.

საუბრის სხვა ნაწილში „პოროშენკო“ ეუბნება ზაევს, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან უშუამდგომლებს მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობაში დახმარების გასაწევად. კომიკოსებმა შეძლეს ზაევის დარწმუნება, რომ ბართლომეს თანხა გადაუხადოს გულის მოსაგებად.

მთლიანობაში კომიკოსებსა და ზაევს შორის სამი სატელეფონო საუბარი გაიმართა გასული წლის აგვისტოსა და მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG