Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: 1000 ჯანმრთელი ადამიანიდან 6-10-ს აღმოაჩნდა ანტისხეულები Covid-19-ზე


ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის შედეგად, რომლის მონაცემებიც ჯერ კიდევ მუშავდება, 1000 ადამიანიდან 6-10-ს აღმოაჩნდა Covid-19-ის ანტისხეულები. ცერცვაძის თქმით, კვლევა თბილისში, ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარდა და გამოყენებული იქნა სწრაფი მარტივი ტესტები.

“ასეთი კვლევები ტარდება მთელს მსოფლიოში იმის დასადგენად, რამდენია მოსახლეობაში სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობა. კვლევებისთვის იყენებენ მარტივ სწრაფ ტესტებს ან ELISA მეთოდს. ჩვენ ჩავატარეთ სწრაფი მარტივი ტესტებით. მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, დამუშავებას აქვს თავისი მეთოდები და ჯერ კიდევ ვმუშაობთ”, - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ჯანმრთელი, ანტისხეულების მქონე ადამიანების პროცენტული შეფარდება საქართველოში სხვა ქვეყნების მსგავსია, სადაც სეროპრევალენტური კვლევები ტარდება და რაც უფრო დიდია კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, მით მეტია ანტისხეულების მქონე ადამიანების რაოდენობა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოდის, რომ მოსახლეობის 0,6%-ს აქვს ანტისხეულები ახალ კორონავირუსზე. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ნიუ-იორკში 21% იყო, ლოს-ანჯელესში - 4%.

თბილისში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ცნობილი არ იყო. ამგვარი კვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლნისსა და თელავში ატარებს. თენგიზ ცერცვაძემ 27 მაისს თბილისში ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას სხვა ქალაქებში ჩატარებული, მიმდინარე ან დაგეგმილი კვლევების შესახებ. ამირან გამყრელიძემ 27 მაისს თქვა, თბილისსა და ბოლნისში ამ კვლევების ფარგლებში 150-150 ადამიანი მონაწილეობდა 22-დან 27 მაისამდე.

სეროპრევალენტური კვლევით განისაზღვრება მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG