Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რამდენ მილიონად გაიყიდა ტუბდისპანსერის ტერიტორია და შენობა აბასთუმანში


ტუბდისპანსერის ტერიტორია, 7 მაისი, 2019 წ.
ტუბდისპანსერის ტერიტორია, 7 მაისი, 2019 წ.

ავტორი: ნანა ბიგანიშვილი

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს “სანაპიროს ხედი” აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია და შენობა, ასევე მიმდებარე ორი ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობოებით, 3 540 000 ლარად შეიძინა.

შპს “სანაპიროს ხედის“ 100 % -იანი დამფუძნებელი 2008 წელს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ს/ს ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია.

შპს “სანაპიროს ხედის” საკუთრებაა ერეკლე მეორის მოედანზე “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მდებარე 794 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიც. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, ეს ტერიტორია “პანორამა თბილისის” პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

ტუბდისპანსერი დანგრევამდე. მარტი, 2019 წ.
ტუბდისპანსერი დანგრევამდე. მარტი, 2019 წ.

ტუბდისპანსერის შენობა და ტერიტორია სახელმწიფომ ელექტრონულ აუქციონზე 2019 წლის 1 თებერვალს გაიტანა, ქონება 15 დღეში გაიყიდა.

საერთო ჯამში, აბასთუმანში, ფალიაშვილის 40 ნომერში და მის მიმდებარედ, გაყიდულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი ნაკვეთი, საერთო ფართობით 23 585 კვ.მ.

შეძენიდან 1 თვეში 25-მა პაციენტმა საავადმყოფო ეტაპობრივად დატოვა. 22 მარტს კი შენობა საბოლოოდ დაიხურა და მალევე დაინგრა. ნაგებობების დემონტაჟისა და მიწის ნაკვეთების დეზინფექციის შემდეგ, საპრივატიზაციო მოთხოვნის შესაბამისად, ყოფილი ტუბდისპანსერის ადგილას სასტუმრო და ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG