Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება და სიკვდილი გამყოფ ხაზზე - ლუდმილა კახიძის ისტორია უკრაინაში


რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში, დონბასის გამყოფ ხაზზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, გარდაიცვალა ქალაქ ჟდანოვკის მცხოვრები. 70 წლის ლუდმილა კახიძე სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობდა; ყოველდღე ურეკავდა თავის შვილს, ალევტინას, რომელიც მხატვარია და კიევში ცხოვრობს; უყვებოდა, რა ხდება მის მშობლიურ ჟდანოვკაში.

ალევტინამ დაიწყო ამ საუბრების გადაწერა: იწერდა დიქტოფონზე და ხატავდა დედის მონაყოლს. ახალი სახელიც მოუგონა დედას ამ ნახატებისთვის - კლუბნიკა (მარწყვი) ანდრეევნა.

ნელ-ნელა მას ნახატების კოლექცია დაუგროვდა. 200 ნახატი კლუბნიკა ანდრეევნას თვალით დანახული დონბასის ცხოვრების შესახებ: ეგრეთწოდებულ „რეფერენდუმზე“, განუწყვეტელ სროლაზე, მოხუცებზე, რომლებიც პენსიისათვის უკრაინის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე გადადიან.

დონბასში კონფლიქტის დაწყებისთანავე ალევტინა, კლუბნიკა ანდრეევნას შვილი, დედას სთხოვდა ჟდანოვკიდან წამოსვლას. მაგრამ მას არ უნდოდა მშობლიური სახლის მიტოვება. მთელი გულით სჯეროდა, რომ ომი დასრულდება. ძალიან უყვარდა მისი ბაღ-ბოსტანი- მოჰყავდა ბოსტნეული, ხილი და ყვავილები და ბაზარში ყიდდა.

2018 წელს ალევტინამ დედას ბინა უყიდა ქალაქ ირპენში, კიევის მახლობლად. არემონტებდა და იმედი ჰქონდა, რომ კლუბნიკა ანდრეევნას საბოლოოდ მაინც დაითანხმებდა. მაგრამ ვერ მოასწრო.

პენსიის ასაღებად მორიგი მგზავრობის დროს კლუბნიკა ანდრეევნა გარდაიცვალა. საკონტროლო-გამშვებ პოსტზე, ეგრეთწოდებულ "ДНР"-ზე გული გაუჩერდა.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მის ამბავს ალევტინა მოუყვა.

- როგორც კი ომი დაიწყო, დედამ ამ ამბებს „ალიაქოთი“ დაარქვა. უცებ, საიდანღაც გაჩნდა რუსული დროშები და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, იქ რაც ხდებოდა; დამეწერა და დამეხატა დედის მონაყოლი.

14 აგვისტო. ჩვენთან ასეთი გრაფიკია: დილის 6 საათიდან ისროდნენ; მერე საღამოს 8-იდან. შებინდებისას. ასეთი სპექტაკლია, ალია. მე ხმა არ ამომიღია და წავედი კომუნალური გადასახადების გადასახდელად. ხალხი არ იხდის, ომიაო, და რატომ გადავიხადოთო? მე ვეუბნები მათ, დაგაჯარიმებენ, მისხალ-მისხალ დაგითვლიან, და მერე გეცოდინებათ, რატომ. არც პამიდორს ამჟავებენ, არც მურაბას ხარშავენ; მე კი ვემზადები ზამთრისთვის და ვფიქრობ, მომაკითხავთ ზამთარში, ომი რომ დამთავრდება“.

- მესმოდა, რომ არ შემეძლო მასზე, როგორც დედაჩემზე, მეწერა, იმიტომ, რომ ეს სახიფათოდ მომეჩვენა. მაშინ გადავწყვიტე, რომ მასზე, როგორც კლუბნიკა ანდრეევნაზე დავწერდი. სახელი მე არ შემირქმევია. დედა საბავშვო ბაღში მუშაობდა და მის ჯგუფში პატარა ბიჭმა რატომღაც უარი თქვა ლუდმილა ანდრეევნა დაეძახა მისთვის. კლუბნისა ანდრეევნას ეძახდა.

- აი, აქ ბოსტანში მიდის, ბლოკპოსტის გავლით, ამბობს, რომ არ ეშინია: ამ ბლოკპოსტზე ხომ ჩვენი მეზობელი დგას. ასე იწყებოდა, ის, რასაც ახლა უკვე ომს ვუწოდებთ.

- ქალაქში დარეკვა შეუძლებელი იყო, ვერავის დაუკავშირდებოდი. მობილური კავშირი მხოლოდ სასაფლაოზე იყო შესაძლებელი და ყველა იქ დადიოდა დასარეკად.

11 სექტემბერი. დღეს დედასთან ერთად სასაფლაოზე კიდევ ოთხი ადამიანი რეკავდა. ერთი ცხოვრებას უჩიოდა; მეორე კმაყოფილი იყო; მესამე ახალ ამბებს კითხულობდა და მეოთხე კითხვებს უპასუხებდა -არის უკვე რესპუბლიკა, დაბრუნდება უკვე შეიძლება თუ არაო?“

- დედა მიყვებოდა და მე ვიწერდი. მახსოვს, როდესაც სროლების შემდეგ დედა სასაფლაოზე მოხვდა და მითხრა, რომ ცოცხალი იყო. მე, გულუბრყვილოდ ვიკითხე: „რომელი მხრიდან ისროდნენ?“ მან მომიგო: „გინდა, რომ შენთვის გამოვიდე ხოლმე სარდაფიდან, და შევამოწმო რომელი მხრიდან ისვრიან? არ ვიცი, რომელი მხრიდან ისროლეს.“

- მას შემდეგ, რაც ჟდანოვკა საბოლოოდ იქცა ოკუპირებულ ტერიტორიად, ტეროტორიად, რომელსაც ვეღარ აკონტროლებდა უკრაინა, გაჩნდა მოვლენა, რომელსაც „საპენსიო ტურიზმი“ ჰქვია.

- იმისთვის, რომ პენსიონერმა უკონტროლო ტერიტორიიდან მიიღოს უკრაინის პენსია, ის უნდა გახდეს გადასახლებული, ანუ მოიტყუოს, მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი და იმისთვის, რომ მართლაც იყოს გადასახლებული, საჭიროა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეც იმყოფებოდეს. ამიტომაც გადადიოდნენ „საზღვარს“, დადიოდნენ თვეში ორჯერ.

- ეს რუკა დედასთან ერთად ერთი წლის წინ დავხატე. აი, ასე გადადიოდა ამ ახალ „საზღვარს“. ჟდანოვკა - დედა დილის 4 საათზე დგებოდა, ხუთის ნახევარზე უკვე გაჩერებაზე უნდა ყოფილიყო, ჩამჯდარიყო ავტობუსში, რომელიც მაიორსკამდე მიიყვანდა. იქ დედა სხვებთან ერთად ელოდება 8 საათს, ბლოკპოსტი რომ გაიხსნას. რიგში უნდა მდგარიყო, მერე ბლოკპოსტზე „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელი პასპორტს ჩამოართმევდა ხალხს. დედა აღშფოთებული იყო, რომ აი, პასპორტები წაიღო და დიდხანს არ ჩანს. შიში შეგიპყრობდა ადამიანს. უკრაინულ პოსტზე პატარა სარკმელია და ხედავ, ვის აძლევ პასპორტს და ვინ გიმოწმებს. ეგრეთწოდებულ ‘დონბასის რესპუბლიკის’ პოსტზე სარკმელი არ არის.

- ამ პოსტს რომ გაივლიდა, ავტობუსში ჩაჯდებოდა, რომელსაც 8 მანეთად მიჰყავდა ყველა. ამ ავტობუსში გახდა ის ცუდად. სცადეს დახმარება, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. „სასწრაფო“ რომ მოვიდა, პულსი უკვე აღარ ესინჯებოდა. აი, აქ მოკვდა. 2018 წელს ბლოკპოსტებზე 50 ადამიანი მოკვდა.

- ნდობით აღსავსე საუბარი, რომელიც მე კლუბნიკა ანდრეევნასთან მქონდა, რომელიც მიყვებოდა, რა ხდებოდა იქ, სამწუხაროდ დასრულებულია. მაგრამ პროექტი „კლუბნიკა ანდრეევნა“, ეს ტექსტები, ეს ნახატები, რომელიც არ გამომიქვეყნებია, რომ საფრთხეში არ ჩამეყენებინა დედა, ახლა შემიძლია გამოვაქვეყნო.

12 აგვისტო. ომი ომად, და გლადიოლუსები კი გავყიდე. ქორწილებისთვის მიაქვთ, დაბადების დღეებზე. აი, ქალი მოვიდა და მეუბნება: „როგორ მინდა, რომ ყვავილები მედგას მაგიდაზე, ჩემს დაბადების დღეზე“. ყვავილები ახარებს ადამიანებს და მეც კარგად ვარ. აი, ჟდანოვკის ნახევარი წავიდა, იცი? დატოვეს ქალაქი. ალია, უმეტესობა, ვინც წავიდა, ისაა, რეფერენდუმზე რომ ხმა მისცეს. წარმოგიდგენია, როგორი უნამუსოებია არიან?“

მომზადებულია „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG