Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობრივი ჯგუფების მორიგი იერიში რუსთაველზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ივლისს


დაპირისპირება და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე

გუშინ რუსთაველის გამზირი ორად გაიყო. ძალადობრივმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს აქტივისტებზე, რომლებიც მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ ძალადობის დასაგმობად.

ღამის 11 საათიდან დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეცრაზმიც. სამართალდამცველებმა მოახერხეს მდუმარე აქციის მონაწილეების გაყვანა, თუმცა ამან აგრესია არ შეაჩერა. რადიკალურმა ჯგუფებმა დაიწყეს ქვებისა და სხვადასხვა ნივთის სროლა პოლიციის, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართულებით.

მათ პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. ისმოდა ასაფეთქებლების ხმაც. ადგილზე დააკავეს სიძულვილის ჯგუფის არაერთი წევრი.

თითქმის 40-წუთიანი დაპირისპირების შემდეგ შსს-მ მედიისთვის განცხადება გაავრცელა და მოცემულ დროში მითითებულ ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდა. ამ გზით მოხდა მედიის განრიდება ძალადობრივი ჯგუფებისგან. ღამის 12 საათის შემდეგ კი სიძულვილის ჯგუფებმაც დაიწყეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.

ვითარების ესკალაციამდე კი რუსთაველის გამზირზე ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. „თავისუფლებისათვის“ - ამ გზავნილით პარლამენტის წინ მოქალაქეები გამოვიდნენ. ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მოძრაობა „სირცხვილია“ იყო. მათ „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. სწორედ ამ აქციის პარალელურად მოუწოდეს სიძულვილის ჯგუფებმა მხარდამჭერებს მობილიზებისკენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჟურნალისტები ჰყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კადრი ე.წ. მინიმოპედზე შემომჯდარი კაცია, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს მოპედი ჟურნალისტებს და ოპერატორებს დააჯახოს. ის რამდენჯერმე მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც ჟურნალისტები დგანან. რომ არა კოლეგის სისწრაფე, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი მოძალადეს მოარიდა, თამარს მოპედი ზურგიდან შეეჯახებოდა.

შსს-ს განცხადების თანახმად, 6 ივლისს დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი, სწორედ მინიმოპედის მძღოლია. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებს ედავება, რაც ფიზიკური ძალადობასა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვის პროცესში აქტიურადაა ჩართული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ამ დროისათვის, ორგანიზაცია 11 ჟურნალისტის ინტერესს იცავს. ნონა ქურდოვანიძე, საია-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, პროცესი ქაოსურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 ივლისის დილის 11 საათის მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, სამი პირია დაკავებული. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის", "ტაბულას", "რუსთავი 2"-ისა და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავება. ამ საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა) და 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ძალადობა) გრძელდება.

რას ჰყვებიან ჟურნალისტები, რომლებიც 5 ივლისს მასობრივი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ხელისუფლება 5 ივლისის ძალადობის შესახებ

როგორ გაართვა თავი პოლიციამ 5 ივლისს თბილისის ქუჩებში განხორციელებულ მასობრივი ძალადობის ფაქტებს? ამის შესახებ კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ. მისი თქმით, არსებობს პროპორციული ძალა, რომლის შესაბამისადაც მოქმედებდა უწყება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობა მობილიზებული იყო გუშინ თბილისის ქუჩებში იმ ადგილებზე, სადაც ხდებოდა გარკვეული ინციდენტები. როგორც დღეს, ასევე გუშინ, შსს-ს ძალები მობილიზებული იყო. დღევანდელისგან განსხვავებით, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა. დაწყებულია გამოძიება, თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს. არსებობს პროპორციული ძალა, რაც უნდა გამოიყენოს პოლიციამ, შესაბამისად ვმოქმედებდით", - თქვა ვაჟა სირაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ დღეს თბილისში არსებული ვითარების მართვა რთულია. "გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის", - თქვა მან.

მედიაზე იერიშს მეორე დღეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მომხდარი დაგმო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სასამართლო სისტემა - გაფრთხილება ისმის, ქარავანი მიდის

პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმებას“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და სახალხო დამცველი. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პროცესიდან გამოთიშვით ოპოზიციური პარტიები თავად არღვევენ „შარლ მიშელის შეთანხმებას“. კანდიდატების მოსმენის პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 ივლისს დაიწყო და ის 10 ივლისამდე გასტანს. ამ ეტაპზე პარლამენტმა სულ 9 კანდიდატზე უნდა იმსჯელოს.

6 ივლისს, საპარლამენტო კომიტეტში, შეკითხვებს პასუხობდა ორი კანდიდატი - გოჩა აბუსერიძე და გიორგი გოგიაშვილი.

ექმნება თუ არა რაიმე სახის დისკომფორტი იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად იბრძვის იმ ფონზე, როცა საერთაშორისო პარტნიორები, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესაბამისად ამ პროცესის შეჩერებას მოითხოვენ? - ამ შინაარსის შეკითხვა გოჩა აბუსერიძეს 6 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე არაერთხელ დაუსვეს.

კანდიდატი აღნიშნავს, რომ „გარკვეული სახის დისკომფორტი არის“, რადგან განხილვის პროცესი „ბოიკოტის რეჟიმში“ მიმდინარეობს; თუმცა ასევე თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი გააგრძელა, მოსამართლეთა რიცხვის 17-დან 28-მდე გაზრდის მიზნით.

როგორ ჩაიარა მოსმენამ პარლამენტში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა ვნახე და მოვისმინე 5 ივლისს

შევეცდები აღვწერო, თუ რა ვნახე და რა მოვისმინე 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოწყობილი ბაკქანალიის გაშუქებისას. ტექსტი სავსეა ფრაზებით, რომლებსაც, როგორც წესი, საიტზე არ ვაქვეყნებთ ხოლმე. მათ შორისაა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები სექსუალური უმცირესობების მიმართ, მოწოდებები ძალადობისკენ და, ზოგადად, უხამსი ლექსიკა. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ავტორისთვისაც და, ზოგადად, ყველა წესიერი ადამიანისთვის გულისამრევია ამ ფრაზების მოსმენაც და გამეორებაც. უსიამოვნო წასაკითხია და, თუ მსგავს რამეებს ერიდებით, ამის გაგრძელებასაც არ გირჩევთ. თუმცა, 5 ივლისი ეგეთი დღე იყო - სავსე ფიზიკური და ვერბალური სისასტიკით. ევფემიზმები და გინების ნაცვლად ვარსკვლავების წერა კი მხოლოდ აბლაგვებს და უფრო ადვილად მოსანელებელს ხდის მომხდარს. ვწერ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. და რაც ვნახე და მოვისმინე, იყო ძალადობა, სისასტიკე და ბოროტება.

„ქესტუმ, ევროკავშირი. ქესტუმ!“ - თქვა შუახნის მამაკაცმა. მაინცდამაინც არავის მიმართავდა. ისე, ხმამაღლა გამოთქვამდა კმაყოფილებას. „საბჭოთა კავშირი, ევროკავშირი მორჩა“, - თქვა და გაიცინა.

ასე, ოთხი საათის მიდამოები იყო. პარლამენტის წინ კიბეებზე ვიდექით. იქ შეკრებილები გამარჯვებას ზეიმობდნენ - ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ „ღირსების მარში“ გაუქმდა. იმ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ კარვები იდგა, ხალხს წრე შეეკრა და ორი მამაკაცის დავლურს ტაშს უკრავდა. მოცეკვავეებს ვუღებდი და ვერ დავინახე, რომ დიმპიტაურის ფონზე ჩემ ზურგს უკან, პარლამენტთან მოფრიალე ევროკავშირის დროშა დაუშვიათ.

მამაკაცის სიტყვებზე უკან მივტრიალდი. ამასობაში დიმპიტაური გამორთეს და საქართველოს ჰიმნის ფონზე ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს.

„მე ვარ ქართველი, და არავითარი მაშასადამე ამას აღარ სჭირდება...“ - ასე ახსნა მომხდარი გამომსვლელმა. წაიკითხე მეტი ნიკო ნერგაძის ბლოგზე.

5 ივლისი, როცა თბილისში პრაიდ-კვირეულის ფარგლებში დაანონსებული „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო, პრაიდის ორგანიზატორების, მათი თანამოაზრეების ჯგუფის და მეგობრებისათვის ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან დევნის დღედ იქცა - ამ დღეს მათ თბილისში ვერ იპოვეს ვერც ერთი უსაფრთხო სივრცე, სადაც თავს დაცულად იგრძნობდნენ და კონსპირაციულად გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. პოლიცია მათ არ იცავდა. გიორგი თაბაგარი, ანა სუბელიანი და სოფო კუჭავა რადიო თავისუფლებას ამ დღეზე უყვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG