Accessibility links

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს


თემურ ღვინჯილია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს. თემურ ღვინჯილია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. პირების დაკავებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობითვე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

2019 წელს თემურ ღვინჯილიასთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე წერდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". არასამთავრობო ორგანიზაცია ამ დროს ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებდა, თავად თემურ ღვინჯილიას კი კომპანიები, სადაც ინტერესები ჰქონდა, დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG