Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წამაქციეს, მაგრამ ისევ ავდგები"


ბენჯამინ კერტისმა იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა. ბოლო რამდენიმე თვე თეთრ პალატაში გაატარა - საუკეთესო ექიმები ეხვეოდნენ თავს, მაგრამ აგრესიული ლიმფომა ყოველდღე ძალას აცლიდა. 35 წლისა იყო. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - ბოლო სიმღერა უნდოდა რომ ჩაეწერა და მერე წყნარად წავიდოდა ამ ქვეყნიდან.

ბენჯამინ კერტისი გიტარისტი, დრამერი და სიმღერების ავტორი იყო. თავად სამი ჯგუფი ჰქონდა დაარსებული და კიდევ რამდენიმეში უკრავდა ხოლმე. საქვეყნოდ ცნობილი ვერასოდეს გახდა, თუმცა ნიუ-იორკის მუსიკოსები კარგად იცნობდნენ - მის დასახმარებელ კონცერტზე The Strokes-მა და Interpol-მა დაუკრეს.

თავად ბევრი სიმღერა დაუწერია, თუმცა ის ბოლო, რომლის დასრულებაც სურდა სხვისი იყო.

12 წლით ადრე ნიუ-იორკის სხვა საავადმყოფოში გაცილებით უფრო ცნობილი მუსიკოსი უშედეგოდ ებრძოდა ლიმფომას. ჯოი რამოუნი პანკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვინც, Ramones-თან ერთად, უამრავ ბენდზე მოახდინა გავლენა.

ჯოი რამოუნს ერთადერთი სოლო ალბომი აქვს დისკოგრაფიაში - 2002 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. მთელი დისკი სიკვდილთან ბრძოლის და შეგუების პროცესშია ჩაწერილი, რაც სიმღერების სახელებიდანაც ჩანს. - Stop Thinking About It, („ამაზე აღარ იფიქრო“), Don't Worry About Me („ჩემზე ნუ იდარდებ“)... ლუი არმსტრონგის What a Wonderful World-ის ქავერიც სულ სხვანაირად ისმინება, როდესაც იცი, რომ მომაკვდავი კაცის დაწერილია.

თუმცა, ბენჯამის კერტისი ამ ალბომში შესულ სხვა სიმღერაზე ფიქრობდა. I Got Knocked Down (But I'll Get Up) ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი, პირდაპირი და გულისმომკვლელი სიმღერაა, რომელიც ოდესმე დაწერილა. ასე იწყება:

„საავადმყოფოს საწოლზე ვზივარ

სიცოცხლე მინდა

ჩემი ცხოვრება მინდა

მაგრად ტეხავს“

თუმცა, მთავარი სათქმელი სიმღერის შუაში იწყება, როდესაც ჯოი რამოუნი მისამღერზე გადადის - I got knocked down but I'll get up („წამაქციეს, მაგრამ ავდგები“) - იწყებს სიმღერას და მერე აგრძელებს და მერე აღარასოდეს ამთავრებს. იმედიანად არ მღერის - უფრო გამოწვევად ჟღერს. გამართული წელი აქვს და სიკვდილს უყურებს თვალებში.

ბენჯამინს, რომელიც ამ დროს ჯგუფ School of Seven Bells-ის ლიდერი იყო, სიკვდილამდე ამ სიმღერის ქავერის ჩაწერა უნდოდა. პალატაში, საწოლში ლეპტოპი ჩაიწვინა და მუსიკას ზედ აკეთებდა. ვოკალს, ცხადია, საავადმყოფოში არავინ ჩააწერინებდა. მისი ყოფილი გერფლრენდი და საუკეთესო მეგობარი ალეხანდრა დეჰიზა სტუდიაში იყო, ბენჯამინი კი საწოლიდან, „ფეისტაიმით“ ადევნებდა თვალს და შორიდან აძლევდა რჩევებს - რა ღილაკისთვის დაეჭირათ ხელი და რომელი ეფექტი ჩაერთოთ.

ბენჯამინ კერტისი 2013 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. სიმღერა რამდენიმე დღით ადრე დაასრულა. ორიოდ თვეში მისმა მეგობრებმა სიმღერაზე კლიპიც გადაიღეს.

აი, ეს ვიდეოა:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG