Accessibility links

102 წელი პირველი რესპუბლიკიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 მაისს


26 მაისს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება

ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება, - გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განმარტებით, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა წელს განსხვავებული ფორმატებით იგეგმება:

„სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, - თქვა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატების თანახმად, ბრალდების მხარის მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, გამოძიების საწყის ეტაპზევე დაცვის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ფოტო- და ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა. მისივე მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილისგან არა ერთი, არამედ სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას მათთან თანამშრომლობით არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეუძლია, თუმცა თავად ადვოკატები მის გასაჯაროებას პრინციპულად არ აპირებენ:

„კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში ჩვენ შეგნებულად არ შევდივართ და არ ვსაუბრობთ, არ ვასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს, ვინაიდან ვუფრთხილდებით პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ხელახალი ზიანის მიყენება“, - აღნიშნა ანა თავხელიძემ. მისი თქმით, დაუშვებელია, ადამიანების პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს.

ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი ამბობს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა პროვოკაციებს. მოპასუხე მხარის მსგავსად, ისიც ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობას მტკიცებულებები ამყარებს.

წაიკითხე მეტი.

მიტროპოლიტი ანტონი ანტიდასავლური ქადაგებით გამოვიდა

გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ქადაგებისას ლაპარაკობს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის გადახედვის შესახებ. „მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდზე დავსვამ ამ საკითხს, ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა”, - თქვა მან.

მიტროპოლიტ ანტონის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, „ტენდენციური, უსამართლო დამოკიდებულება ეკლესიისადმი, ბრალდებები, დაუსაბუთებელი ცილისწამებები, მუდმივად მომდინარეობს სწორედ იმ სეგმენტიდან, რომელზეც მეუფე საუბრობდა“.

დეკანოზი საშიშროებას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.

„საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ასე გააგრძელეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა… აი, TDI-მ, მაგალითად, გამოაქვეყნა საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების შესახებ ცნობა და როგორ გამოაქვეყნა: 17 წლის მანძილზე შეკრიბა თანხა. რატომ განაცხადა მეუფე ანტონმა, რაც განაცხადა, უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და, ამავდროულად, ამას აკეთებენ ევროპული ფასეულობების ქადაგების ფონზე, გესმით?“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

წაიკითხე მეტი.​

ამ თემაზე ასევე ნახე:

დამოუკიდებლობის დღე პანდემიის პირობებში - რა იგეგმება 26 მაისს?

დღეს საზეიმო ღონისძიებები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მცირე მასშტაბებით ჩატარდება. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გიორგი გახარია მივა. პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

ვაზიანში ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც იქ სიტყვითაც გამოვა.

12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზიც გაიხსნება. ეროვნული დროშის დარბაზი დაერქვა ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მდებარე განახლებულ საკონფერენციო სივრცეს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინათ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ტიკარაძე: ვგეგმავთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციას მის განცხადებებთან დაკავშირებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იგეგმება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან, არსენ ტოროსიანთან კომუნიკაცია, რათა დეტალურად გაირკვეს, რა გახდა მისი განცხადებების მიზეზი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში COVID-19-ის შესახებ სტატისტიკა ეჭვს იწვევს.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საუბარში მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი სომეხი კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადებები არგუმენტს მოკლებულია.

22 მაისს, სომხური მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ეჭვი შეიტანა საქართველოს სტატისტიკაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ასახავს და თქვა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 731 რეგისტრირებული შემთხვევაა. ბოლო 24 საათში მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შეემატა ამ რეგისტრირებულ შემთხვევებს.

დადასტურებული შემთხვევა - 731

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 526

კარანტინში - 3076

სტაციონარში - 300

ამ თემაზე ასევე ნახე:

კალაძის თქმით, ავტობუსები და მეტრო, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ამუშავდება

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო და ავტობუსი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ამუშავდება.

„ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია, ნორმალურ პირობებში, გასულია და ემსახურება მგზავრებს, თუ საჭიროება იქნება, სათადარიგო ავტობუსები დაემატება ქალაქს“, - თქვა კალაძემ.

თბილისში მეტრო და ავტობუსი 31 მარტის შემდეგ აღარ მოძრაობს. საშუალოდ, სამუშაო დღეს, ავტობუსსა და მეტროს 700 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.

რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზე

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი მასზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ფაქტს უარყოფს. მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 100 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა, სპორტსმენმა თქვა, რომ დისკუსიაში შესვლას არ აპირებს და სასამართლოს დასრულებას დაელოდება. მიმდინარე პროცესში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს და მცირეწლოვან შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არასრულწლოვანი მონაწილეობს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დახურული იქნება სასამართლო სხდომები, ორივე მხარის ადვოკატები კი უარს ამბობენ ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაარსის განხილვაზე.

სოციალურ ქსელებში განხილვა აქტიურად გრძელდება მას შემდეგ, რაც ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამგვარი დისკუსიებია სწორედ ის, რაც ქალების დიდ ნაწილს აიძულებს, საკუთარ უფლებებზე ლაპარაკის ნაცვლად ჩუმად იყვნენ. როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა 25 მაისს, ქალები თავიანთ ძალადობრივ გამოცდილებაზე საუბრის შემდეგ მეორედ ხდებიან ვიქტიმიზაციის მსხვერპლები.

წაიკითხე მეტი.

  • პანდემია რომ დაიწყო, წნორში მიწის დამუშავების და თესვა-დარგვის პროცესი მიდიოდა. ბიოფერმერი, 26 წლის ნიკა ბაგალიშვილიც, რომელსაც მეორე წელია აქვს თავისი პატარა ბიომეურნეობა, სახელად სამყურა (დიდი ბოსტანი, როგორც სხვანაირად უწოდებს), ამ საქმიანობაში იყო ჩართული - ზაფხულისთვის მის მოწეულ ბიობოსტნეულს ქალაქში ბევრი ელოდებოდა და ყველაფერი უნდა მოესწრო.
  • Covid-19-მა გეგმები ცოტა აურია - პომიდვრის ჩითილების გადარგვა დააგვიანდა, აგროსკოლის გაკვეთილებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ხოლო გადაადგილების აკრძალვამ და სხვა შეზღუდვებმა დახმარე მუშახელის ტრანსპორტირებაში შეუშალა ხელი, მაგრამ არ გაჩერებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG