რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში სათვალთვალო კოშკი დადგეს. 5 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია მათ მეზობელი ოკუპირებული სოფლის, ძუკაანთკარის, გზაზე დაამონტაჟეს. სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია აცხადებს, რომ კოშკურის მეშვეობით რუსეთის მესაზღვრეები მთელ სოფელსა და თითოეული მოქალაქის გადაადგილებას გააკონტროლებენ. მისი თქმით, რუსები, კონსტრუქციების მონტაჟის გარდა, საქართველოს მოქალაქეების ბაღებში ხეებსაც ჩეხენ და გზაც გაჰყავთ.
„დაფუძნდებიან მუდმივად აქ. არანაირი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ რუსები ისეთ ადგილზე არიან უკვე მოსულები, რომ ნებისმიერ ოჯახში შეუძლიათ შევიდნენ. ადრე გვერიდებოდნენ ხოლმე - ტელევიზია, პრესა თუ მივიდოდა, ეგრევე იმალებოდნენ. დღეს უკვე, საერთოდ, მოურიდებლად მუშაობენ“, - ამბობს ლუდა სალია.