Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის ბოლო დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 დეკემბერს


საქართველო: მოითხოვეს თუ არა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელფასები პარლამენტში?

"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ხელფასის მოთხოვნით მიმართა. კობახიძეს არ დაუსახელებია დეპუტატების გვარები, თუმცა მათი ვინაობა გააჟღერა ტელეკომპანია "იმედმა". არხის ინფორმაციით, ესენი არიან: ბაჩუკი ქარდავა ("ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია"), ტარიელ ნაკაიძე ("ევროპული საქართველო") და ავთანდილ ენუქიძე ("პატრიოტთა ალიანსი").

ბაჩუკი ქარდავა "ფეისბუკზე" წერს, რომ ხელფასის მოთხოვნის შესახებ მისთვის მედიასაშუალებიდან გახდა ცნობილი.

"პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, თუ ის ჩემს ხელთ აღმოჩნდება, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის, აუცილებლად ამ ფულით შევიძენ ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!" - აცხადებს ქარდავა.

ვინ ადასტურებს ხელფასის ჩარიცხვას და რას ამბობენ ოპოზიციის წევრები, წაიკითხე აქ.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. დოკუმენტი სისხლის სამართლის 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმეებს პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ და ისინი მიიღებენ პირის გათავისუფლების გადაწყვეტილებას.

პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გუშინ გამოვიდა ინიციატივით, ამნისტიის კანონი შეეხოს იმ პირებსაც, ვინც ოჯახში ძალადობა "ემოციურ ნიადაგზე" ჩაიდინა, თუმცა ინიციატივა თანაპარტიელებმა არ გაიზიარეს.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს გარშემო მოკრძალებულად ხვდებიან ახალ წელს - მათ შორის, ნიუ-იორკში, რიო-დე-ჟანეიროსა და სიდნეიში.

თუმცა არსებობს იმედი, რომ 2021 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ბრიტანეთის მთავრობამ 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მისმა სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უფლება გასცა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენებაზე - რაც ამ ქვეყანაში უკვე მეორე დაშვებული ვაქცინა იქნება.

პარალელურად მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპები ჩნდება.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ბლოკსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 30 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის სახელით ოფიციალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ურთიერთობას განსაზღვრავს.

30 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტებს ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩაიტანს ლონდონში, რათა მათზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმოწერის შემდეგ, ის პარლამენტმა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კანონმდებლებს, მათი „ქვეყნის ისტორიაში გადაშალონ ახალი გვერდი“ და მხარი დაუჭირონ ევროპის კავშირთან შეთანხმებას. ამ თხოვნით ჯონსონმა მიმართა ბრიტანეთის თემთა პალატას, რომელიც, მოელიან, რომ მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც ცვლილებას შეიტანს კანონმდებლობაში.

წაიკითხე მეტი.

საქართველო 2020 - პანდემია, არჩევნები, აქციები

1 წლის წინ, ახალი წლის დღესასწაული ახალი ჩავლილი იყო, როცა ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების ამბავი გავიგეთ. პირველი ცნობები ქართულ მედიაში იანვარშივე გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ვირუსი ჩვენგან ჯერ კიდევ შორს იყო - ჩინეთის ქალაქ უჰანში. იქაურ ამბებს ვაგროვებდით. ახალ ვირუსს ვეცნობოდით, ვწერდით იმაზე, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი მოგზაურობისას - ჯერ არც საზღვრები იყო ჩაკეტილი. პირბადე, როგორც წლის მთავარი აქსესუარი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში: დავიწყეთ სწავლა, სწორად როგორ გაგვეკეთებინა, მერე მეცადინეობა ხელების დაბანაში, მაგრამ შიში გაჩნდა მაშინ, როცა ვირუსი ჩინეთიდან ევროპაშიც გავრცელდა და პირველად იტალიაში აფეთქდა.

2020 წელს, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიის ფონზე აცილებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია წლის განმავლობაში, მსოფლიო მედიის #1 თემა იყო, ყველა ქვეყანაში მოხდა რაღაც, რაც მათ 2020 წელს გაახსენებს. ასეა ჩვენთან, საქართველოშიც. წლის შეჯამება წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

"ყველაფერს გავიღებდი, რომ პანდემია დასრულდებოდეს", "სკოლაში დაბრუნება მინდა მე, პირადად, ძალიან", "ყველაზე უფრო მეტად მენატრება ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან ჩახუტება", "თავისუფლად სიარული ყველგან", "ზაფხულს ველოდები ძალიან"... - გაიგეთ, რა სურთ და რას ელოდებიან ბავშვები 2021 წლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG