Accessibility links

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო


თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გამზირის ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, ორშაბათიდან გაიხსნება:

„ეს მონაკვეთი დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება. დღეს, უკვე ეს სამუშაოები იწყება. ქუჩებზე, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება, ასფალტის ზედა ფენები მოეწყობა და სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ კონკრეტული მონაკვეთის დასრულება იქნება. მთავარია, ამინდი არ გაფუჭდეს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ორშაბათიდან ეს მონაკვეთი გაიხსნება. მეორე მონაკვეთი, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე იქნება ჩაკეტილი, რადგან იქაც ანალოგიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ“.

დედაქალაქის მერის თქმით, მთლიანად გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სამუშაოები 2019 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG