Accessibility links

ხაზარაძე: ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვისა და ჩვენი ეშინია


ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვისა და ჩვენი... უნდა, რომ შეგვაჩეროს, - განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას. სასამართლოში დაგეგმილია ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა.

„ბიძინა ივანიშვილსა და მის „ოცნებას “ ძალიან ეშინიათ... ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც კისერში ამოუვიდა საქართველოში დღეს შექმნილი მდგომარეობა... ის (ბიძინა ივანიშვილი) ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს...

ე მინდა მას (აი, თვალებში ვუყურებ და....) ვუთხრა - ვერც შეგვაშინებ, ვერაფრით ვერ გაგვაჩერებ... ვერ გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა... მარიხუანას ბიზნესგეგმები და ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმები გაქვთ თავში ჩადებული...

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი... და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ - ათასობით ადამიანთან ერთად (ვინც ჩვენ გვიერთდება) ამ რეალობას შევცვლით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ფულის გათეთრების ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ, ამ ლოგიკით, ბრალდებული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც საბანკო სესხით ბოლო 30 წლის განმავლობაში უსარგებლია.

„თურმე, იურიდიული პირიდან სესხის აღება, 17%-იანი სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა, არის ფულის გათეთრება - საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდა ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება... ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია სესხი, დაუკონვერტირებია ის სხვა ვალუტაში (იმიტომ, რომ შიდა გადარიცხვები ლარით უნდა მოხდეს, ხოლო უცხოეთში გადასარიცხვა შესაბამის ვალუტაში უნდა მოხდეს) - საქართველოში ყველა ეს ადამიანი (რადგან ეს არის ბოლო 30 წლის განმავლობაში კანონმდებლობით დარეგულირებული...) უნდა იყოს ახლა ჩვენთან ერთად. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ასევე მივიდნენ „ლელოს“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. სწორედ ავთანდილ წერეთლის ოჯახის კუთვნილებაა ტელეკომპანია „პირველი“ და, მისი თქმით, პროცესები ამ ტელეკომპანიის დადუმებას ისახავს მიზნად.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მასალები, რომლებითაც ის შეძლებს დაადასტუროს საქმეში მონაწილე პირების ბრალეულობა - უკანონო ტრანზაქციის განხორციელება.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG