Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება


თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დეკემბრისთვის გადაიდო ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. 8 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლე გარკვეული პროცედურული საკითხების განხილვით შემოიფარგლა. სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა მოსამართლის გადატვირთული სამუშაო განრიგი და სხდომის 8 ნოემბრისთვის დანიშვნის მასთან წინასწარი შეუთანხმებლობა.

„(8 ნოემბრის) სხდომა ჩანიშნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ და უკვე არსებითი განხილვის მოსამართლემ თქვა, რომ დღეს სხდომები ჰქონდა. ამიტომ პროცედურულად 2 დეკემბრისთვის გადაიდო“, - განაცხადა „თიბისი ჯგუფის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ბრალდება სრულიად აბსურდულია და დანაშაული არ იკვეთება.

„არავითარ ფულის გათეთრებას არა აქვს ადგილი და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს... ეს არის ძალიან მარტივი სამოქალაქო ურთიერთობა, სასესხო ურთიერთობა, რაც დაადასტურეს ასევე იმ უცხოელმა მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ და რომელთა ჩვენებების ამოღებაზეც პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა... ეს იქნება ჩვენი ხაზი და ტაქტიკა - არავითარი დანაშაული არ არსებობს... ეს კიდევ ცალკე აბსურდია კიდევ, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ გაათეთრეს ფული“, - განაცხადა კორძაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ნოემბერს იმყოფებოდნენ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. სწორედ წერეთლების ოჯახი ფლობს ტელეკომპანია „პირველს“ და პროცესებსაც ამ ტელევიზიის დადუმების სახელისუფლებო მიზანს უკავშირებს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ფლობს საკმარის მასალებს მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად. ბრალდებულებს - ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ამჟამად გირაო აქვთ შეფარდებული.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG