Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან მეტრო და ავტობუსებიც ჩერდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილი) თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის", - თქვა მან.

მეტროსა და ავტობუსს შეზღუდვების დაწესებამდე რამდენიმე ასეული ათასი მგზავრი გადაჰყავდა. მაგალითად, 24 თებერვლის მონაცემებით, როცა სკოლა და სხვა დაწესებულებები მუშაობდა, ამ ტრანსპორტით 861,4 ათასი ადამიანი გადაადგილდა.

გარდა ამისა, ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების გამკაცრება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობასა და შიდა გადაცემის ფაქტების გამოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 3 შემთხვევაში წყარო უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG