Accessibility links

site logo site logo

ჯანმოს ავტორიზაცია „სინოვაკმაც“ მიიღო - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივნისს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

„სინოფარმის“ შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლა უკვე „სინოვაკის“ ვაქცინასაც მისცა ავტორიზაცია საგანგებო მოხმარებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) „სინოვაკის“ მწარმოებლისგან გამოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაციის ნიადაგზე დაასკვნა, რომ ვაქცინას საკმარისი ეფექტიანობა აქვს ადამიანის ვირუსისგან დასაცავად.

გუშინ ქვეყანაში კიდევ ერთხელ შეიცვალა ეპიდემიოლოგიური სურათი. საქართველოში ინდური და ბრიტანული შტამების შემდეგ ახლა უკვე სამხრეთაფრიკული შტამიც დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს:

"საქართველოს მოქალაქეა მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც შეემატა.

მეუფე იაკობი არჩევნებში მონაწილეობაზე ალაპარაკდა

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა პოლიტიკაში გამოჩნდეს. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვებაც არ გაუჭირდება.

„ოცნებას“ სულ მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის კადრები ჰყავს, რომლებთან კავშირში დღესაც არიან. გახარიას ამათ გამო მისცემს ამომრჩეველი ხმას. ხალხი ისეა, ეს ორი პარტია რომ არ იყოს, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, უფრო სხვანაირი არჩევნები ჩატარდებოდა. შერიგებული ვარიანტი რომ განვიხილოთ, ყველა პარტია მოხვდებოდა პარლამენტში. ქართველი კაცი ისეთია, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს. იქედან მობრუნება რომ დაიწყონ, იარაღსაც აიღებენ ხელში.

ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს“, - თქვა მეუფე იაკობმა.

მან გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლაზეც გააკეთა კომენტარი და დაამატა, რომ ყოფილ პრემიერს ეკლესია მხარს არ დაუჭერს.

წაიკითხე მეტი.

საქართველოში ამერიკელ სენატორებს ელოდებიან

2 ივნისს საქართველოში ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩამოდიან. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ეს ვიზიტი გაამტკიცებს კონტაქტებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

შაჰინი და პორტმანი 4 ივნისამდე დარჩებიან საქართველოში. შეხვდებიან პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. სენატორები საქართველოში უკრაინიდან გამოფრინდებიან.

ოპოზიციაში არის მოლოდინი, რომ სენატორების ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება "შარლ მიშელის შეთანხმების" შედეგების შეფასება.

რა დაინახა ქაცარავას დრონმა - რუსეთის სამხედრო სწავლების ერთი ეპიზოდი ჩაიშალა

სოფელ ხურვალეთის სასაფლაოს გვერდით, სამოქალაქო დრონი იმდენად ახლოს მივიდა საოკუპაციო ძალების ორი სამხედროსთან, რომ ცხადად გამოჩნდა მათი ტექნიკაც და საქმიანობაც.

გადაღებული ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ დრონის მფლობელმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, იმ წუთებში დაასკვნა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ საგუშაგოს აწყობდნენ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დადგნენ ზედ გამყოფ ხაზზე, სადაც აქვთ მოწყობილი მობილური საგუშაგო და დაიწყეს მისი კეთილმოწყობა. როგორც კი შენიშნეს ჩვენი აქტიურობა, შენიშნეს, ჩვენი დრონი როგორ აფრინდა და დაიწყო მათი მოქმედებების მონიტორინგი, ეგრევე გამოიძახეს მანქანა და, დაახლოებით, ათ წუთში დატოვეს იქაურობა. ხურვალეთიდან გამოსვლისას კი შევნიშნე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები. 5 თუ 6 მანქანა იყო. იშვიათ შემთხვევებში ხდება ასეთი რამ. როგორც წესი, ორი ეკიპაჟი მოძრაობს ხოლმე კონფლიქტის კონკრეტულ ზონაში“, - თქვა ქაცარავამ 31 მაისს.

ქაცარავა იმასაც ამბობს, რომ მსგავსი კონსტრუქციები მან შენიშნა საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს, ოკუპირებული ორჭოსანის მახლობლად.

წაიკითხე მეტი.

გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე

გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა 1 ივნისს. მას დეტალებზე არ ულაპარაკია.

„იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ გზას, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება იოლი და, შესაძლოა, უცებ არ მოხდეს“, - თქვა მან.

გაზსადენი, რომელიც თითქმის 95% გაყვანილია და შეიძლება სექტემბერში დასრულდეს, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჯო ბაიდენმა დაიკავა მიმდინარე წლის იანვარში, ის ცდილობს, გამოასწოროს ტრამპის პერიოდში დაზარალებული ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან.

წაიკითხე მეტი.

რომელ ვაქცინასაც მთავრობა შემოგვთავაზებს, ის უნდა მივიღოთ - ინტერვიუს ჯანმოს წარმომადგენელ სიდარტა დატასთან

დღევანდელი „სინოვაკი“ ჯობს თუ ხვალინდელი „ფაიზერი“? რას ფიქრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებზე, სადაც დაუშვას აცრა ჯანმოს ავტორიზაციის არმქონე ვაქცინებით? რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვებით მიმართა სიდარტა დატას, ჯანმოს ევროპის ოფისის იმუნიზაციის და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს, რომელმაც საქართველოში შეხვედრები ჩაატარა წითურას ელიმინაციასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საუბარი წითურას ელიმინაციის პროგრამიდან დავიწყეთ. სიდარტა დატას შეფასებით, ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

სიდარტა დატა: წითურა გადამდები დაავადებაა, რომელიც ბავშვებში სერიოზულ დაავადებებს იწვევს. შეიძლება მათ თვალის პრობლემები ან გულის პრობლემები შეუქმნას და ზოგჯერ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზიცაა. წითურას ელიმინაცია ნიშნავს, რომ ქვეყანამ მაღალ დონეზე შეინარჩუნა იმუნიზაციის პროგრამა - რაც შეეხება წითურას შემცველ ვაქცინებს - მაგრამ, ასევე, გააჩნია დაავადებაზე დაკვირვების მძლავრი სისტემა, რაც საშუალებას აძლევს განსაზღვროს, არის თუ არა ქვეყანაში წითურა.

რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, ვინც, მაგალითად, წითურაზე ცრიან ბავშვს, კორონავირუსის ვაქცინის მიმართაც უფრო მიმღებლები იქნებიან?

ვაქცინებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები განსხვავდება. არასწორი იქნება დაშვება, რომ თუ ადამიანები ერთი დაავადების წინააღმდეგ იცრებიან, ისინი სხვა დაავადების წინააღმდეგაც აიცრებიან. კონტექსტს გაგაცნობთ. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინებს - ეს ის ვაქცინებია, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება. თუ ჩემი მეუღლე ორსულადაა, ვიცი, რომ ბავშვს აცრები უნდა გავუკეთო. შემდეგ ეს პროცესი გრძელდება - მეც, ჩემს მეუღლესაც ან ვინმე სხვასაც შეიძლება ეს ინფორმაცია მშობლებისგან მიეღო. ეს წლებია გრძელდება.

წაიკითხე მეტი.

ცნობილია, რომ ბავშვები, როგორც წესი, ადვილად უმკლავდებიან კორონავირუსს. ბავშვებში კოვიდი მსუბუქად ან, საერთოდ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი საერთოდ არ მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. რას ტოვებს კოვიდი ბავშვებში? რამდენად მოქმედებს ვირუსი არასრულწლოვანთა იმუნურ სისტემაზე? - ამ შეკითხვებზე პედიატრი ნანა რურუა გვიპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG