Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვფიქრობ, ტრაგიკულად არ გაგვიმართლა"


"ვფიქრობ, ტრაგიკულად არ გაგვიმართლა"
please wait

No media source currently available

0:00 0:22:34 0:00

"21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანმა იცხოვროს ისევ ტყუილებით. თავისუფლები ვართ. ბევრ რამეზე ხელი მიგვიწვდება. ბევრი არ ინტერესდება და ისევ კლიშეებით ცხოვრობს", - ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი "დილის საუბრებში". ის რადიო თავისუფლების საიტის მკითხველს თავის სტატიაში - "ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ" - უზიარებს ნაწილს მასალისა, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბოლო დღეების შესახებ სხვადასხვა წყაროში მოიძია. "არსით ხომ იმპერიები არ იცვლება. ახალ სატყუარას მოიგონებს, ახალი ფორმით იძალადებს, რომ ისევ თავის ნაწილად დაგიტოვოს. მაშინაც იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც რუსეთთან დარჩენას, ბოლშევიკების გზას ირჩევდა. ქართველმა მენშევიკებმა მოახერხეს ყველაზე მჭიდრო და ახლო კონტაქტის დამყარება მშრომელებთან, გლეხებთან. ეს იყო მართლა ხალხზე დაფუძნებული ხელისუფლება". ამბობს ჟურნალისტი, რომელიც თავის სტატიაში აღწერს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლო დღეებს 1921 წლის თებერვალში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. ჯიმშერ რეხვიაშვილი ყვება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებსა და გარემოებებზე, რამაც მაშინ საქართველოს დამარცხება გამოიწვია; ყვება გმირობაზე: "ვიღაცამ შეიძლება ხელწამოკვრით თქვას, რომ ჩვენ იოლად დავთმეთ პოზიციები, მაგრამ არა - ეს იყო 5 კვირიანი დრამატული ბრძოლები, გმირობისა და თავგანწირვის უამრავი მაგალითით". "ვფიქრობ, ტრაგიკულად არ გაგვიმართლა", - ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი, როცა იმდროინდელ საგარეო ფაქტორებსა და ახალგაზრდა რესპუბლიკის პრობლემებს აღწერს. იმ განსხვავებულ შეფასებებსაც ეხება, რომლებიც თბილისის დატოვების შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებას უკავშირდება: "კვინიტაძის გადაწყვეტილებაზე - დაეტოვებინა თბილისი, ჩამოყალიბებული აზრი არ არის. მისი შიშები არ იყო უსაფუძვლო, თუმცა სახელმწიფოსთვის აღმოჩნდა ფატალური გადაწყვეტილება. უბედურება ისაა, რომ თბილისის დატოვება აღმოჩნდა გადამწყვეტი ამბავი. ამან ძალიან იმოქმედა ჯარზე, მოხალისეებზე". ბოლშევიკურმა რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს ხელისუფლებისგან კაპიტულაციაზე ხელის მოწერას, რაც საფუძველს უქმნის იმის მტკიცებას, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობა არ შეუწყვეტია: "ჩვენი დამოუკიდებლობა, ახალი ისტორია ცარიელ ადგილზე არ იქმნება და ეს იყო სერიოზული საფუძველი და ფუნდამენტი, რითიც უნდა იამაყოს დღევანდელმა მოქალაქემაც და მომავალმაც. ეს სამი წელი იყო ძალიან დიდი მნიშვნელობის და საქართველოს ისტორიის განმსაზღვრელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი".

XS
SM
MD
LG