Accessibility links

ჯოზეფ ნაი: „მსოფლიო რუსეთს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

საერთაშორისო ურთიერთობებში გლობალური „ურთიერთდამოკიდებულების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, ამერიკელი პოლიტოლოგი ჯოზეფ ნაი, გვაფრთხილებს, რომ აშშ და მსოფლიო რუსეთს „უფრო სეროზულად უნდა მოეკიდონ“.

ნაი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცივი ომის ბოლო პერიოდში დასავლური აზროვნების მოდელის შექმნაში, ფიქრობს, რომ გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს ევროპას შეიძლება სურდეს, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაამყაროს კავშირები რუსეთთან ან ჩინეთთან.

„ვფიქრობ, რომ ევროპელებს დიდად არ აინტერესებთ ჩინეთი და ვფიქრობ, რომ ევროპელებს ჯერ კიდევ ეშინიათ რუსეთის“, განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს ჯოზეფ ნაიმ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელმწიფოს მართვის სკოლის ყოფილმა დეკანმა.

„რა თქმა უნდა, ევროპა გარეშე ქვეყნებს შორის ბრძოლის ცენტრშია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ოდნავაც არ მოგვაგონებს 1950-იანი წლების სიტუაციას".

რაც შეეხება საერთაშორისო გავლენას ამჟამინდელი პანდემიის და აშშ-ის ადმინისტრაციის დღის წესრიგის („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) ფონზე, ნაი ხაზგასმით აღნიშნავს რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე მდგარ წინაღობებს. ამასთან, მისი თქმით, ის ვერ ხედავს „შედარებით ცვლილებას“ აშშ-ჩინეთის წონასწორობაში.

ჯოზეფ ნაი სიმპოზიუმზე ტოკიოში. 2012 წ. ოქტომბერი.
ჯოზეფ ნაი სიმპოზიუმზე ტოკიოში. 2012 წ. ოქტომბერი.

ნაი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთ მამად მიიჩნეოდა 1970-იან წლებში, დიდი ხანია გვევლინება ურთიერთდამოკიდებულების ადვოკატად საერთაშორისო არენაზე.

მიიჩნევა, რომ მისი იდეები საფუძვლად ედო რამდენიმე დემოკრატიული მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს და ხშირად უპირისპირდებოდა ნეორეალიზმს, რომელიც უცხოეთში მიზნების მისაღწევად ქვეყნის სამხედრო ძლიერებაზე აკეთებს აქცენტს.

ნაი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკომპრომისო კრიტიკოსადაა ცნობილი.

ათი წლის წინ მან მოიფიქრა ტერმინი „ჭკვიანი ძალა“ ("smart power"), რითიც ის მხარს უჭერდა უფრო მეტ დამოკიდებულებას ზუსტ ინფორმაციასა და კულტურულ და პოლიტიკურ არგუმენტებზე, რაც სამხედრო ძალაუფლებას უნდა ავსებდეს საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ნაიმ, მისი აზრით, „ამერიკის ‘რბილი ძალა’ დასუსტდა“ 2015 წლის შემდეგ. იმ წელს გამოსულ თავის წიგნში მან დასვა ცნობილი შეკითხვა: „ამერიკული საუკუნე დასრულდა?“.

დაღმავალი, სახიფათო

მაგრამ, მისი თქმით, ხალხი პოლონეთში ან ცენტრალური ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში გეტყვით, რომ ვერასოდეს წარმოუდგენიათ რუსეთთან ალიანსში ყოფნა.

ნაის მაგალითად მოჰყავს ევროპის მხარდაჭერა აშშ-ის როლის და ნატოს მიმართ. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის უგულებელყოფა არ შეიძლება. „ვფიქრობ, რუსეთს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.“

ის რუსეთს უწოდებს „დაღმავალ სახელმწიფოს“ იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ წლებში ის ყოველ წელს კარგავს დაახლოებით 750 ათას შრომისუნარიან ადამიანს, ვერ მოახერხა „თავისი ეკონომიკის მორგება თანამედროვე ტექნოლოგიაზე დამყარებულ ეკონომიკაზე“ და მისი ეკონომიკა კვლავაც ენერგეტიკაზეა დაფუძნებული.

მაგრამ, ნაის თქმით, მიუხედავად ამისა, ეს მაინც არის უზარმაზარი ქვეყანა „ნიჭიერი ხალხით“ და ბირთვული არსენალით.

„ბოლოს და ბოლოს, ზოგჯერ სწორედ დაღმავალი ქვეყნები არიან ყველაზე უფრო სახიფათო, ვინაიდან ისინი უფრო მეტად არიან მზად, წავიდნენ რისკზე, - ამბობს ნაი, - ამიტომ რუსეთის მიმართ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ; ამას ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“.

მოსკოვთან დასავლეთის ურთიერთობებისთვის გამოწვევაა რუსეთის სამხედრო ავანტიურა - პირველ რიგში, ყირიმის ანექსია - მაგრამ ასევე სხვაგვარად მოაზროვნეთა ჩაგვრა და ადამიანის უფლებების მთელი რიგი სხვა დარღვევებისა. არ უნდა დავივიწყოთ არც მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები ევროპაში.

ევროკავშირის პრობლემები საშინაოა და არა საგარეო

ამასობაში ჩინეთი ზრდის ინვესტიციებს და კრედიტების გაცემას ევროპაში. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის ახალ წევრებს ბალკანეთში. პეკინი სამედიცინო აღჭურვილობის შეწირულობით და ექსპორტით ცდილობს ევროპელთა გულის მოგებას პანდემიის პირობებში, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო გასული წლის ბოლოს და დღეისთვის ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 4,8 მილიონ ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი - 319 ათასს გადააჭარბა.

შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთისა და ჩინეთის უახლეს მცდელობებზე, გააძლიერონ თავიანთი გავლენა ევროპაში, ნაიმ გადაჭარბებულად მიიჩნია აზრი, რომ ევროკავშირი გახლეჩილია სხვადასხვა ინტერესის გამო.

მისი თქმით, ენერგომატარებლების მილსადენები და აზრთა სხვადასხვაობა ჩინური ტექნოლოგიის გამოყენებაზე, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა, Huawei-ის 5G, „არ არის ისეთი პრობლემები, რასაც შეუძლია ევროპის გახლეჩა“.

„მე უფრო მაშფოთებს ევროპის საკუთარი რეაქცია კორონავირუსზე“, თქვა ნაიმ და მაგალითად მოიყვანა COVID-19-ით მიყენებული ზარალის აღდგენის თაობაზე დაპირისპირებები.

ნაის თქმით, ევროკავშირს შიდა დაპირისპირებები მეტ ზიანს უქადის, ვიდრე ნებისმიერი გარეშე ძალა.

„იმედი მაქვს, ევროპელები გამონახავენ გზას COVID-ით მიყენებული ზარალის აღსადგენი ფონდის შესაქმნელად და ეკონომიკურ დახმარებას აღმოუჩენენ ქვეყნებს [ევროპაში], რომლებსაც უფრო მეტად უჭირთ, და ამგვარად შეეცდებიან უფრო ძლიერი ევროპის მიღებას“, განაცხადა ნაიმ.

„ეს ის სფეროა, რომელიც მე უფრო მეტად მაფიქრებს, ვიდრე რუსებს, ჩინელებსა და ამერიკელებს შორის შეჯიბრი“.

ნაის თქმით, „ჩინელები ცდილობენ, ეკონომიკური მიღწევები გამოიყენონ ევროპაში მეტი გავლენის მოსაპოვებლად... შეხედეთ პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთის „რბილი ძალის“ ინიციატივაზე ევროპელთა პასუხს. ჩინეთის პროპაგანდისტული შეთავაზებიდან ბევრი არ უყიდიათ“.

„კოოპერაციული მეტოქეობა“

შეთანხმებული სავაჭრო გარიგების შემდეგ, რომლის მიზანი იყო, ბოლო მოეღო ჩინეთთან მრავალწლიანი სავაჭრო ომისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთის ხელისუფლებას ბრალი დასდო მაქინაციებსა და ტყუილში და ამით COVID-19-ის პანდემიისთვის ხელის შეწყობაში.

ნაის მიაჩნია, რომ ამან ორმხრივ ურთიერთობებში შვა ჩიხის აჩრდილი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ძალებს შორის თანამშრომლობას.

ნაიმ ბრალი დასდო ჩინეთს და აშშ-ს „უარყოფისა“ და „გადაბრალებისთვის“, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, ამან შეიძლება დარტყმა მიაყენოს როგორც ორივე ქვეყნის „რბილ ძალას“, ისე მათს ეკონომიკას.

მაგრამ, მისი სიტყვებით, ჯერ არ უგრძვნია რაიმე „შედარებითი ცვლილება“ მათ გლობალურ გავლენაში.

ნაი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონმა და პეკინმა „უნდა ითანამშრომლონ“, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პანდემია და კლიმატური ცვლილებები. მისი თქმით, ეს პრობლემები განეკუთვნება „ეკოლოგიურ გლობალიზაციას“, რომელიც გაგრძელდება მიუხედავად „ეკონომიკური გლობალიზაციის“ შესუსტებისა.

„ამ პრობლემებს აშშ და ჩინეთი ცალ-ცალკე ვერ მოერევიან“, თქვა ნაიმ.

„ვფიქრობ, საქმე გვექნება შერეულ სიტუაციასთან. ახალი ცივი ომის ნაცვლად, ჩემი აზრით, იქნება ის, რასაც მე კოოპერაციულ მეტოქეობას ვუწოდებ: ზოგ სფეროში გვექნება მეტოქეობა და ზოგ სფეროში საჭირო იქნება თანამშრომლობა“.

მან ახსენა ამ ორ ქვეყანას შორის „აზრთა ძალიან ღრმა სხვადასხვაობა“, მათ შორის, ისეთი ტერიტორიული პრობლემები, როგორიცაა ტაივანი და „იდეოლოგიური უთანხმოება“, როგორიცაა დისიდენტების დასჯა და ჩინეთში მცხოვრები ასიათასობით მუსლიმი უიღურის დევნა. მაგრამ ის კატეგორიულად უარყოფს იმ ტიპის ახალ ცივ ომს ვაშინგტონსა და პეკინს შორის, როგორიც გვქონდა 1950-იან წლებში აშშ-სსრკ-ს შორის.

„ჩემი აზრით, ის, რასაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში უნდა ველოდეთ, იქნება შერჩევითი დაშორება და არა სრული დაშორება“, მიაჩნია ნაის.

ნაიმ თავის კოლეგასთან, რობერტ კოჰეინთან ერთად, ოთხი ათეული წლის წინ შექმნა ნეოლიბერალისტური თეორია, რომლის მიხედვით, კვლავაც მნიშვნელოვანია სამხედრო ძალაუფლება და ძალის წონასწორობა. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა „კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებად“, რის გამოც უფრო იზრდება თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ნეის აზრით, სამხედრო აღმატებულებაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება სახიფათოა. მისი თქმით, საერთაშორისო გავლენისკენ მიმავალი გზა გადის „ჭკვიან ძალაზე“, რომელიც ერთმანეთში მოიცავს „რბილ ძალას“ (ეს ტერმინი მან 1980-იან წლებში შექმნა) და სამხედრო ძლევამოსილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG