Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 იანვარს


ინაუგურაცია პანდემიის დროს - რა და როგორ არის დაგეგმილი ვაშინგტონში?

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვარს დადებს ფიცს და შეუდგება საქმიანობას. ამ დღისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, თუმცა მთავარი განსხვავება წინა ინაუგურაციებისგან მაინც ის იქნება, რომ ცერემონია პანდემიას ემთხვევა.

ღონისძიებები თბილისის დროით საღამოს 8 საათიდან დაიწყება. ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პოლიტიკოსები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად მიმართავს ქვეყანას. ღონისძიებაზე დაცული იქნება სოციალური დისტანცია. ცარიელი იქნება ეროვნული ხეივანი, სადაც ტრადიციულად ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა ინაუგურაციებს. ამერიკელები ამჯერად ღონისძიებას სახლებიდან მიადევნებენ თვალს.

ინაუგურაციას არ დაესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რაც 1869 წლის შემდეგ ამერიკის ისტორიაში არ მომხდარა, მას მერე, რაც აშშ-ის მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი არ დაესწრო მესამე პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის ინაუგურაციას. ბაიდენის მიერ ფიცის დადებას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

თვალი ადევნე ამ თემაზე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

„უკან დაბრუნებული“ პაციენტები - ანუ პოსტკოვიდური სინდრომი და საქართველო

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისისა და ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, იმ პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში ხელმეორედ ხვდებიან. ათიდან ერთი პაციენტი კი იღუპება.

მეცნიერთა ჯგუფმა 47 780 ადამიანის (საშუალო ასაკი 65 წელი, 55% მამაკაცი) მონაცემი შეისწავლა, რომლებიც, გასული წლის 31 აგვისტომდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. პაციენტებს მკვლევრები 140 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

პოსტკოვიდური სინდრომი ანუ PCS, ასე უწოდეს მკვლევრებმა COVID-19-ის შემდგომ განვითარებულ გართულებას, რომელიც, ძირითადად, მძიმე პაციენტებში, მოგვიანებით ვლინდება. მათი მტკიცებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. მათ შორის, იყო ინფარქტისა და დიაბეტის შემთხვევები.

წაიკითხე მეტი.

ზურა ჯაფარიძე არ ადასტურებს „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ კომუნიკაციას

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადების საპასუხოდ, „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ მას ბოლო წლებში „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მე კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ მინისტრთან მქონდა ბოლოს 2018 წელს, რაღაც კონკრეტულ თემაზე და მას შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია „ოცნების“ არცერთ წარმომადგენელთან“, - თქვა ჯაფარიძემ, თუმცა არ დაასახელა მინისტრის ვინაობა.

ზურა ჯაფარიძემ დაამატა, რომ პოლიტიკურ თემებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არც „გირჩის“ გაყოფამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და ერთ დღეში 1550-ს მიაღწია. წინა დღეს კი ვირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა. 19 იანვარს კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.

2020 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოში ვირუსის 249 465 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოში პირველი კოვიდვაქცინა თებერვალში გამოჩნდეს. მსოფლიოში კი უკვე მიმდინარეობს ვაქცინის მარაგების შევსება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული მორალური წარუმატებლობის წინაშეა და ამის საფასური იქნება ღარიბი ქვეყნების მცხოვრებთა სიცოცხლე და საარსებო წყაროები.

ღებრეიესუსის ინფორმაციით, 39 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უკვე მიიღო მაღალი შემოსავლების მქონე 49 სახელმწიფომ, რამაც დისბალანსი შექმნა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დააჯარიმეს კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ხარვეზებს 19 იანვრიდან კომპანია „ბაგინეთი +“ გამოასწორებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის გადახურვაზე მომუშავე კომპანიები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და „იკორთა 2007“ 12 000 – 12 000 ლარით დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.

გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები. ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ცვივა.

წაიკითხე მეტი.

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩასთან 3 მოქალაქე დააკავეს - რას ჰყვებიან თვითმხილველები?

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში გადასულ სამ ახალგაზრდას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაკავებისას რუსმა მესაზღვრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი ძალის გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ორმა წყარომ სოფელ ხურჩიდან.

18 იანვარს, საღამოს 9 საათისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ხურჩაში გადასვლის მცდელობისას სამი ახალგაზრდა შენიშნეს საოკუპაციო ხაზთან მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა და უკან დაედევნენ.

„ესენი დამალვას ადგილობრივების სახლებში შეეცადნენ ხურჩაში გადმოსვლის შემდეგ, მაგრამ ძაღლთან ერთად გადმოვიდნენ რუსები ჩვენს ტერიტორიაზე. იყო ცემა, ერთი ამბავი და ძალით წაათრიეს უკან“, - უამბო რადიო თავისუფლებას ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ორი ნავალნი და საქართველო

მას შემდეგ, რაც გერმანიიდან პუტინის რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი პირდაპირ „მატროსსკაია ტიშინას“ საპატიმროში მოხვდა, ქართულ სოციალურ ქსელებში არ ცხრება დისკუსია: ეკუთვნის თუ არა საქართველოსგან მხარდაჭერა პუტინის ყველაზე ხმაურიან კრიტიკოსს, რომელსაც წარსულში გაკეთებული აქვს განცხადებები საქართველოს (და უკრაინის) ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ? ერთნი სიტყვასიტყვით იხსენებენ მის გამონათქვამებს; მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კრემლის მწვავე კრიტიკოსი თავისი სიცოცხლის ფასად უპირისპირდება პუტინის რეჟიმს.

არის თუ არა რელევანტური წარსულში გამოხატული პოზიცია დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ის, რასაც ნავალნი რუსეთში აკეთებს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისისა და გამანადგურებელი გლობალური პანდემიის ფონზე. როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, იგი სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა სენატორად და შემდეგ, ბარაკ ობამას დროს, ვიცე-პრეზიდენტად. ბაიდენი ორჯერ იყო საქართველოში, 2008 წელს უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ და 2009 წელს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დააჩქარებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებს, უზრუნველყოფს ეკონომიკის აღდგენას და შეეცდება, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას პოლარიზებული ქვეყანა გააერთიანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG