Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლოგიკურია, რომ თქვენთან სტუდიაში კედლები იყოს აზბესტშემცველი. მეტიც, მჯერა, რომ დიდი ალბათობით ეს ასეა"


ირაკლი იზორია და გიორგი გარდავა
ირაკლი იზორია და გიორგი გარდავა

გადაცემა „დილის საუბრების“ მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუმარმა, გიორგი გარდავამ განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება სტუდიაში აზბესტის არსებობაზე:

„ყველა სხვა მახასიათებელთან ერთად - ცეცხლგამძლეობისა და ძაბვაგამძლეობის გარდა - აზბესტს აქვს ჰერმეტულობისა და აკუსტიკური იზოლაციის უნარი, რაც ხმაგაუმტარობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ თქვენთან სტუდიაში კედლები იყოს აზბესტშემცველი. მეტიც, მჯერა ამის, რომ დიდი ალბათობით ეს ასეა. ეჭვი არ მეპარება, რომ აზბესტი არის ჩვენს ირგვლივ, თუმცა აჭარბებს თუ არა და რამდენად აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, ეს არის კვალიფიციურად გამოსაკვლევი. ამისთვის საჭიროა უახლესი ტექნოლოგიები“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე წაიკითხავთ: „აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს“.

ამავე საიტზე ნახავთ მეტ ინფორმაციასაც აზბესტის შესახებ:

„აზბესტი არის ბუნებაში არსებული ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მრეწველობაში მისი ისეთი განსაკუთრებული თვისებების გამო, როგორიცაა: მედეგობა დაჭიმვისას, დაბალი თბოგამტარობა და გამძლეობა ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ მიზეზების გამო აზბესტი გამოიყენება შენობებში იზოლაციისთვის; და ინგრედიენტის სახით მთელ რიგ ნაკეთობებში, როგორიცაა შენობის გადასახური მასალა (შიფერი), წყალსადენის მილები, ცეცხლდამცავი საფარები და, ასევე, სამუხრუჭე ხუნდები, საყრდენები ავტომობილებისთვის და სხვა. აზბესტის ძირითადი ნაირსახეობაა ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი) და კროკიდოლიტი (ცისფერი აზბესტი). სხვა ნაირსახეობებია: ამოზიტი, ანტოფილიტი, ტრემოლიტი და აქტინოლიტი“.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია და გარემოს დაცვის პოლიტიკის საკითხების ექსპერტი, გიორგი გარდავა რადიო თავისუფლების ეთერში საქართველოში გარემოს აზბესტით დაბინძურების არასათანადო მონიტორინგსა და რეგულაციაზე ლაპარაკობენ.

ირაკლი იზორია ახლახან ჩატარებულ გამოკვლევას იშველიებს, რომელიც სამუხრუჭე ხუნდებსა და ზოგიერთი სამშენებლო მასალის ნიმუშებზე ჩატარდა:

„გვაინტერესებდა ხუნდებში აზბესტის შემცველობის დადგენა, ვინაიდან ყველაზე დიდი დამაბინძურებელი თბილისში და მთლიანად საქართველოში არის ტრანსპორტიდან გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებები, გვინდოდა კავშირი დაგვედგინა. ამისათვის ჩვენ კვლევები ჩავატარეთ. ჩვენმა ჯგუფმა ბაზარზე შეიძინა 20 ლარამდე ფასის სამუხრუჭე ხუნდები. მაღალი ფასის ხუნდები არის კერამიკული, ამიტომ გადავწყვიტეთ დაბალფასიან ხუნდებში დაგვედგინა აზბესტის შემცველობა. მძღოლების დიდი ნაწილი დაბალფასიან ხუნდებს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ ორ კომპონენტზე შევჯერდით: აზბესტის ხუნდების არაუსაფრთხო, ანუ დამუხრუჭების მანძილის ზრდადობასა და გარემოს დაბინძურებაზე.

20 ლარის ღირებულების 20-მდე ხუნდები იქნა შეძენილი. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და დავადგინეთ, რომ 20 ლარამდე ღირებულების ხუნდების 60% არის აზბესტშემცველი. გარდა ამისა, რადგან გამოკვლევას უფრო ფართო ამოცანა ჰქონდა, შევისწავლეთ სამშენებლო მასალებიც. შევიძინეთ 15-მდე სახეობის სამშენებლო მასალა და მათი 20% აღმოჩნდა აზბესტის შემცველი“.

მომხმარებელს უმრავლეს შემთხვევაში არ შეუძლია დაადგინოს, აზბესტშემცველ პროდუქციას ყიდულობს თუ არა და ის, თუ რამდენად დაბინძურებულია იგი მავნე მინერალებით.

ექსპერტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში, გიორგი გარდავა ამბობს, რომ აზბესტის შემცველობა აღმოჩნდა საქართველოს ბაზრიდან აღებულ ისეთ პროდუქციაშიც, რომელიც ეტიკეტირებული იყო როგორც უაზბესტო:

„სადაც ეტიკეტირებულია asbestos free, ზუსტად იქ აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა. აქედან გამომდინარე, ეს რეზონანსული შედეგები და ინფორმაცია გვაძლევს შფოთვის და განგაშის ზარის შემოკვრის საფუძველს, რადგან რაც გვაქვს ინფორმაცია საბაჟოზე აზბესტშემცველი ნივთიერებების იმპორტის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას და რეალურად გაცილებით მეტია არსებულ მონაცემებზე. თუმცა, რა მონაცემებიც გვაქვს, არც ის იძლევა სიმშვიდის საფუძველს“.

ექსპერტი თავის თანამოაზრეებთან ერთად არაერთხელ შეეცადა გაჰყოლოდა საქართველოს საბაჟოზე რეგისტრირებული აზბესტისშემცველი პროდუქციის კვალს იმის დასადგენად, თუ სად და რამდენი ადამიანი ექცევა მავნე შენაერთის ზემოქმედების ქვეშ:

„არაერთხელ ვეწვიეთ გაფორმების ეროვნულ სააგენტოს, საბაჟო პუნქტებს. ბევრგან გადაგვამისამართეს, თუმცა, ვერსად გავარკვიეთ, როგორ უნდა იქნას მოძიებული სად მიდის აზბესტი და აზბესტისშემცველი მასალები, რადგან გვინდა მივაგნოთ იმ ობიექტებს და ადამიანებს, ვინც განიცდის აზბესტის ზემოქმედებას, რომ მათ ვასწავლოთ როგორ დაიცვან აზბესტისგან თავი“.

ირაკლი იზორია აღნიშნავს, რომ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, უხილავ აზბესტის შემცველებს ვერაფერი მოვუხერხოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია დაბინძურების ხილულ წყაროებზე, რომ შეძლებისდაგვარად მოერიდოს მათ.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG