Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

51-ე რაუნდი - დისკუსია ჩაკეტილ წრეზე


პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ერგნეთში
პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ერგნეთში

10-11 დეკემბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ჟენევაში გაიმართება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მომლაპარაკებლები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

უკვე ცნობილია, თუ რა საკითხებს დააყენებენ ჟენევაში მხარეები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე, მათ შორის, დააყენებს ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, ბებუასი, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯა სოხუმმა 9-წლიანი „პატიმრობა”.

მაგრამ ამ საკითხზე სოხუმის წარმომადგენლების პოზიცია კვლავ „ერთმნიშვნელოვანია“.

„ადამიანმა ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და მიიღო შესაბამისი სასჯელი. აღნიშნული საკითხი აბსოლუტურად არ ექვემდებარება არანაირ განხილვას და ამ გადაწყვეტილებას არავინ არ შეცვლის“, - განაცხადა რადიო „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

„ყრუებს შორის საუბარი“

საერთოდ, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საკითხები - მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება - ჟენევის დისკუსიის ფორმატში შექმნილი ორიდან ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის განსახილველი საკითხებია.

ამ ჯგუფის კომპეტენციას განეკუთვნება ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების განხილვა, თუმცა, 2008 წლიდან მოყოლებული, ამ პრობლემის მოგვარების მხრივ მხარეებმა ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერ წაიწიეს.

ისევე, როგორც ერთ წრეს უტრიალებს მეორე სამუშაო ჯგუფი ჟენევაში, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საკითხებზე მუშაობს. ესაა, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

საქართველოს დელეგაცია მოითხოვს, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. რუსეთი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ იგი არ არის კონფლიქტის მხარე და თბილისს მოუწოდებს, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს სოხუმსა და ცხინვალთან.

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამ საკითხებზე ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებას „ყრუების საუბარს“ ადარებს.

„საქმე ისაა, რომ რუსეთი არ თვლის, რომ ეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტია, მიაჩნია, რომ ის ნეიტრალურია და თვლის, რომ ეს არის ქართულ-აფხაზური და ქართული-ოსური კონფლიქტი. მე ქართულ-აფხაზურს და ქართულ-ოსურსაც არ მოვათავსებდი [ერთ ფორმატში]. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცდომა, რომ მათ ვერ გათვალეს შეუძლებლობა ამ სამი კონფლიქტის მოთავსებისა ერთ სივრცეში და ერთ დროში. თანაც, რეალურად განხილვა მხოლოდ ნახევარი დღის განმავლობაში ხდება ამ სამი კონფლიქტისა, რაც შეუძლებელია“, - უთხრა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სოხუმის დემარში ეუთოს მიმართ

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან.

როგორც ირკვევა, 10-11 დეკემბერს, ჟენევის დისკუსიის წინ, დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია აპირებს, დააყენოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარის, კერძოდ, ეუთოს მიმართ უნდობლობის საკითხი.

მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სოხუმი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ საბოლოოდ ამოწურა თავი, როგორც ჟენევის მოლაპარაკების პროცესის ობიექტურმა შუამავალმა.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის მხარე იტოვებს უფლებას, მოითხოვოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს წარმომადგენლების გარიცხვა“, - განაცხადა რადიო „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

მაგრამ, როგორც ირკვევა, სოხუმმა შესაძლოა გადასინჯოს ეუთოსადმი დამოკიდებულება, თუ ეს ორგანიზაცია შეცვლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ თავის უკიდურესად „ტენდენციურ დამოკიდებულებას“ და დე ფაქტო სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებს ნებას დართავს „სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს პროფილური კომიტეტების ფარგლებში“, - ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის 51-ე დისკუსიის წინა დღეებში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა აფხაზეთის მხარეს დიდი ნდობა ამ რეგიონალური უსაფრთხოების სტრუქტურისადმი არც მანამდე ჰქონია. უფრო ადრე, საქართველოსა და სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებებს შორის 1993-2008 წლებში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, აფხაზეთის მხარე კატეგორიული წინააღმდეგი იყო მასში ეუთოს წარმომადგენელთა მონაწილეობისა, რის შედეგადაც მოლაპარაკებები გაეროს ეგიდით წარმოებდა.

რუსეთის რეფლექსია და ბჟანიას კონცეფცია

ერთადერთი, ვისიც სოხუმს ყოველთვის სჯეროდა, რუსეთია. თუმცა საკითხავია, რამდენად მყარია ეს რწმენა სამხრეთ კავკასიაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე.

რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებულ კონცეფციაში, რომელიც ასახავს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ხედვას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით.

საუბარია რუსეთთან მოკავშირეობრივი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გამყარება-განვითარებაზე.

ნიშანდობლივია, რომ ასლან ბჟანიას ეს კონცეფცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 12 ნოემბრის სოჭის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მაგრამ პუტინ-ბჟანიას ამ შეხვედრის ორგანიზება, სწორედ მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატოს წევრი თურქეთის როლის გაძლიერების შუქზე, შემთხვევითად არ ეჩვენება პაატა ზაქარეიშვილს.

„ეს არ არის მოულოდნელი შეხვედრა. რუსეთმა დაიწყო სამხრეთ კავკასიაში რაღაც-რაღაცების შემოკავება და შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს იყო რეფლექსია იმისა, რომ მან რაღაც უნდა გადაარჩინოს კავკასიაში. და აფხაზეთი სულაც არ არის პრორუსული. ეს რუსეთს მშვენივრად ესმის. ამიტომ რუსეთს სურს, უფრო მეტად იყოს ჩართული აფხაზეთის საქმეებში. ეს არის ანექსიური პოლიტიკა, ეს არის ის დოკუმენტები, რასაც მაშინ მოეწერა ხელი და მოგვიანებით მოხდა მისი გასაჯაროება, ანუ აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია რუსეთის კანონმდებლობასთან, რასაც ამ შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი. ასევე, რუსეთის შეთავაზება საკავშირო სახელმწიფოს შექმნაზე... ანუ რუსეთმა დაიწყო მოძრაობა რაღაც-რაღაცების გადარჩენაზე. ამიტომ ჩვენც [საქართველომაც] უნდა დავიწყოთ მოძრაობა, რომ რუსეთს ეს არ გამოუვიდეს. საქართველომ რაღაც ახალი იდეები უნდა შესთავაზოს აფხაზურ მხარეს - იქნება ეს ჟენევაში თუ ჟენევის გარეთ... მით უფრო, ზემოხსენებულ კონცეფციაში აფხაზებმა საჯაროდ, ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ მზად არიან ქართულ მხარეს ელაპარაკონ ჟენევის გარეთ. ეს არის უპრეცედენტო განცხადება, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მას მხედველობაში აქვს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, კონცეფციის ის პუნქტი, რომელშიც დიალოგის ახალი ფორმატის შესაძლებლობაზეა საუბარი.

„აფხაზეთი უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნისთვის საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარესთან ერთად განიხილება საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, რომელთა მოგვარება ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“.

ასლან ბჟანიას ეს კონცეფცია 4 დეკემბერს გახდა ცნობილი.

თბილისს შემოთავაზებული „მრავალდონიანი ფორმატის“ თაობაზე თავისი ოფიციალური მოსაზრება ჯერ არ დაუფიქსირებია.

უცნობია, იმსჯელებენ თუ არა ჟენევის ფორმატის შეხვედრის, თუნდაც, კულისებში ამის შესახებ სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრნობით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ეს არის ის საკითხები, რომელთაც 12 წლის განმავლობაში წარუმატებლად უტრიალებენ ჟენევის დისკუსიის მონაწილეები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG