Accessibility links

ახალი ამბები

პარლამენტართა ჯგუფი მხარს უჭერს სტუდენტთა

პარლამენტართა ჯგუფი მხარს უჭერს სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნას ნოემბრის სტუდენტურ გამოსვლებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის შესახებ.

პარლამენტართა ჯგუფი მხარს უჭერს სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნას ნოემბრის სტუდენტურ გამოსვლებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის შესახებ.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა პარლამენტმა უნდა იკისროს.
მისი წინადადებით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს უშიშროების სამინისტროს ქმედება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის მიმართ, აგრეთვე სტუდენტური გამოსვლების გამომწვევი სხვა ფაქტორები.

ყველა ახალი ამბავი

ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენმა, ილჰამ ალიევმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მისალოცი წერილი გამოაქვეყნა. ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.

"აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. კმაყოფილების მიზეზია მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ. ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთიდლღეობასა და აყვავებას ვუსურვებ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ექიმის ინფორმაციით, მას სისუსტე, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი აღენიშნებოდა. ამჟამად მოშიმშილეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა გაფიცულები არიან. მათ შიმშილობა დაიწყეს და სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ირანი არაბ მეზობლებს სთავაზობს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას

ბაღდადი, 2019 წლის 26 მაისი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ერაყში ვიზიტისას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ადასტურებს თავისი ქვეყნის მისწრაფებას არაბ მეზობლებთან „დაბალანსებული ურთიერთობისაკენ“ და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს სთავაზობს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას.

ამის შესახებ ზარიფმა განაცხადა 26 მაისს ბაღდადში, ერაყელ კოლეგა მუჰამად ალი ალჰაკიმთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხოლო ალჰაკიმმა განაცხადა, რომ ბაღდადს სურს იშუამავლოს ირანსა და აშშ-ს შორის და რომ ბაღდადი წინააღმდეგია ვაშინგტონის მხრიდან „ცალმხრივი ნაბიჯების“ გადადგმისა.

ერაყი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ირანთანაც და შეერთებულ შტატებთანაც.

ხოლო ირანს სულ უფრო ეძაბება ურთიერთობა როგორც ვაშინგტონთან ისე ვაშინგტონის მოკავშირეებთან სპარსეთის ყურეში - საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 მაისთან დაკავშირებით მისალოც ტექსტს ქართულ ენაზე, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იყო.

დავით ზალკალიანი - დავით გარეჯის თემაზე ინტერპრეტაციები არ უნდა არსებობდეს 

საზღვრის დელიმიტაციაზე მომუშავე კომისიის ბოლო შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ინტერპრეტაციები. "მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ უნდა შეიქმნას, რომ სტატუს კვო იცვლება", - განაცხადა მინისტრმა.

"სადელიმიტაციო კომისია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა, მისი მუშაობა განახლებულია. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ. აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე, საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს შეწყვეტილია სამუშაოები და დიალოგი აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გრძელდება.

"მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90-იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით. რაც შეეხება აქციას, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევერესტზე წლევანდელი სეზონის გახსნის შემდეგ 10 მთამსვლელი დაიღუპა

ევერესტი, 2019 წლის 22 მაისი

ევერესტზე მთამსვლელობისათვის წლევანდელი სეზონის გახსნის შემდეგ 10 ადამიანი დაიღუპა, რაც მსხვერპლის მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

ნეპალის ხელისუფლებამ მიმდინარე სეზონში გაყიდა სარეკორდო რაოდენობის ლიცენზიები, რომლებიც საჭიროა მსოფლიოს უმაღლეს მთაზე ასასვლელად - 381 ლიცენზია.

შედეგია სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში რიგში დგომა და ზოგჯერ რამდენიმედღიანი ლოდინი მწვერვალის დასაპყრობად ან მთიდან დასაშვებად. დაღუპულებს შორის არიან ნეპალელი, ინდოელი, ირლანდიელი, ავსტრიელი, ამერიკელი და ბრიტანელი ალპინისტები.

სულ ჰიმალაის მთებში გაზაფხულის სეზონზე დაიღუპა 20 ადამიანი, რაც მთელი 2018 წლის მაჩვენებელზე მეტია.

ევერესტზე ასვლის მცდელობისათვის მთამსვლელი 11 ათას ამერიკულ დოლარს იხდის.

სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის მოვალეობაა ქვეყნისთვის საზღვრების მიცემა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის „სამუდამო საზღვრების მიცემა“ მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. დავით გარეჯის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ცოტა ხნის წინ ქვეყნის ორ პარტნიორთან წამოწია და შესაძლოა ამას გამოეწვია გარკვეული შედეგები.

„მთავარი ის არის, რომ ერთი კომისია დაწყებულია, მეორეს ალბათ, ახლო მომავალში დავიწყებთ და საჭიროა, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები." - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თალიბებს ადანაშაულებენ ავღანელ ტყვეებთან ცუდად მოპყრობასა და წამებაში

ავღვანეთი, 2019 წლის 1 მაისი: თალიბები ღაზნის პროვინციაში

გაეროს ინფორმაციით, თალიბანის ტყვეობაში მყოფ ავღანელებს ცუდად ეპყრობიან, რაც, ზოგ შემთხვევაში, წამებად უნდა შეფასდეს. ამ შეფასებას გამოთქვამს ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).

UNAMA-ს 26 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით, მან გამოჰკითხა 13 ადამიანი, რომელიც - დანარჩენ 40-თან ერთად - გასულ თვეში გაათავისუფლეს თალიბანის ტყვეობიდან სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში.

25 აპრილს გათავისუფლებულების უმრავლესობას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები შეადგენენ, მაგრამ დაკავებულებს შორის იყვნენ სამოქალაქო პირებიც. უმრავლესობა 2018 წლიდან იყო ტყვეობაში, სამი ადამიანი - 2016 წლიდან.

UNAMA-მ დაადგინა, რომ ტყვეებს მძიმე პირობების ატანა უხდებოდათ და თალიბები მათ იძულებით ამუშავებდნენ, დიდი უმრავლესობა ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა.

თვითმხილველების ჩვენებით, თალიბებმა მოკლეს, სულ ცოტა, 11 ტყვე.

ბათუმში რუსული დროშებით მსვლელობის გამო აჭარის განათლების მინისტრი გადააყენეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკადრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. საქმე ეხება, 26 მაისს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე გამართულ მსვლელობას, რომლის მონაწილეებს თან ჰქონდათ რუსული დროშები და ტრანსპარანტები წარწერით: Russia და სკანდირებდნენ "რასიას".

მსვლელობა გაიმართა ფესტივალის, „ოქროს დელფინის“ ფარგლებში, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო აწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად.

ბათუმში რუსული დროშებით მსვლელობას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ბახტაძემ აფხაზებსა და ოსებს მიულოცა დღე, რომელიც „ყველას უნდა გვაერთიანებდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უწოდა „დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს“. ეს სიტყვები მან წარმოთქვა, როცა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა „აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს“.

„ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა!“ - განაცხადა ბახტაძემ თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

"იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლების, პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებას და გამთლიანებას."

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა მის მრავალფეროვნებაზე დგას.

"მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა ბევრი რთული გამოწვევის მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევის მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების და ცხადია, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში თითოეულ მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია“,- განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილი: "ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები“ არიან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და იქ მყოფი "ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები“ არიან.

ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა აგრეთვე, რომ ქვეყანა ოკუპაციას დაამარცხებს „მშვიდობიანი პოლიტიკით და სახელმწიფოს გაძლიერებით“.

პრეზიდენტი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას.

ლიტვაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ლიტვაში ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური.

ერთმანეთს უპირისპირდება ორი მემარჯვენე-ცენტრისტი: ყოფილი ბანკირი გიტანას ნაუსედა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტარი ინგრიდა სიმონიტე.

არჩევნების პირველ, 12 მაისის ტურში, ვერავინ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი.

გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც ორი ხუთწლიანი ვადით იდგა სახელმწიფოს სათავეში.

ვილნიუსს დაძაბული ურთიერთობა აქვს მოსკოვთან. ბოლო თვეებში ლიტვაში დააპატიმრეს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული რამდენიმე ადამიანი.

ნაუსედა დ სიმონიტე პირობას დებენ, რომ არ გაემგზავრებიან მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად, სანამ რუსეთი არ გავა უკრაინის კუთვნილი ყირიმიდან.

26 მაისთან დაკავშირებით საქართველო მსოფლიოდან მილოცვებს იღებს

საქართველოს დამოუკიდებლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და უწყებები ულოცავენ.

26 მაისს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტსა და მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე.

“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. ბედნიერებასა და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას ”- ნათქვამია დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო ავრცელებს მილოცვას.

„გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!’’ ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

მილოცვას აქვეყნებს ტვიტერზე აზერბაიჯანის საგარეო უწყება. „გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. ამ შესანიშნავ დღეს, საქართველოს, მეგობრულ ერს, ვუსურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს აზერბაიჯანის საგარეო უწყება.

მილოცვას უგზავნის საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვები გაავრცელეს ლატვიისა და რუმინეთის საგარეო უწყებებმაც.

უფლებადამცველები აკრიტიკებენ რუსეთის ტელეარხ ენ-ტე-ვე-ს

არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელ ორგანიზაცია "გოლოსის" მმართველთა საბჭოს წევრი, რომან უდოტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ რუსეთში აქტივისტის დაპატიმრებას გამოეხმაურა მკაცრი კრიტიკით ტელეარხ ენ-ტე-ვე-ს მიმართ.

ენ-ტე-ვე, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აკონტროლებს, „ჰიუმან რაითს უოჩის“ შეფასებით, უხეშად ეპყრობა უფლებადამცველ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს, ამზადებს მანიპულირებულ სიუჟეტებს მათთვის სახელის გასატეხად.

„ჰიუმან რაითს უოჩის“ ეს განცხადება რამდენიმე დღეში მოჰყვა რუსეთში არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელ ორგანიზაცია „გოლოსის“ წევრის, რომან უდოტის დაპატიმრებას.

უფლებადამცველების აზრით, ეს ნაბიჯი უკავშირდება 2018 წლის მარტში მომხდარ ინციდენტს, როცა ენ-ტე-ვე-ს კორესპონდენტები მოსკოვის აეროპორტში მივარდნენ და შეკითხვები "დააყარეს" უდოტს.

ურთიერთშელაპარაკების დროს, უდოტის მხრიდან სიტყვიერი აგრესია იყო მიმართული ჟურნალისტის მიმართ, როცა მან ახსენა მცდელობა, უდოტს დაკავშირებოდა დედამისის მეშვეობით.

ინციდენტის შემდეგ, უდოტმა ჟურნალისტს უჩივლა. მაგრამ მას შემდეგ დაიწყო ასევე გამოძიება ჟურნალისტის მოკვლით მუქარაში ბრალდების საფუძველზე.

საქმის განხილვა შეწყდა, სანამ უდოტი ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მაგრამ რუსეთში ამ თვეში დაბრუნების შემდეგ, უდოტმა გამოძიების განახლება მოითხოვა.

20 მაისს უდოტი დაკითხეს, დააკავეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას - „ჰიუმან რაითს უოჩის“ მონაცემებით - 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თელავში დამოუკიდებლობის დღისთვის მოწყობილი სცენა ჩაინგრა

თელავში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის მოწყობილი სცენა ჩაინგრა. კონსტრუქციის ნაწილი მაშინ ჩამოიშალა, როცა რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამომწებდა. სცენა ახალი დამონტაჟებული იყო.

თელავის მერიაში განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ.

მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ზაქრო რაზმაძის თქმით შესაძლოა ინციდენტის გამო, დაგეგმილი პროგრამა შეიცვალოს.

დავით გარეჯში აქტივისტები აქციის მოსაწყობად იკრიბებიან

დავით გარეჯში დამოუკიდებლობის დღეს აქციით აღნიშნავენ. სამოქალაქო აქტივისტები უკვე იკრიბებიან ჩიჩხიტურის მონასტერთან, რის შემდეგაც მსვლელობით დაიძრებიან უდაბნოს მონასტრისკენ და იქ მშვიდობიან აქციას გამართავენ, ასევე გააკეთებენ ცოცხალ ჯაჭვს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრმა დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში დაკეტილი ჩიჩხიტურის ტაძარი და უდაბნოს აღდგომის მონასტერი, 26 მაისს აქტივისტებს გახსნილი დახვდათ.

„მიუხედავად ამისა, ჯერ მკაფიო პასუხები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, კომპლექსის ეს ნაწილი ერთი დღით გახსნეს თუ დამთვალიერებლებისთვის მუდმივად ღია იქნება. თუ ისევ დაკეტავენ, ეს გახდება ჩვენი გაცილებით მძაფრი პროტესტის საფუძველი. დღეს, იმისთვის ვიკრიბებით, რომ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, გავაფრთხილოთ აზერბაიჯანული მხარე და გადავცეთ ჩვენი გზავნილი ხელისუფლებას - რომ ჩვენ არ დავმშვიდდებით“- ამბობს დავით ქაცარავა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იმ ადგილიდან, სადაც დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იმ ადგილიდან, სადაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული: თბილისში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან.

„რეზონანსული პროგრესული დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა თავისუფლების მოყვარული ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“,- ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა.

ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის ჭიათურაში ჩავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს გაფიცულ მაღაროელებს.

"სამინისტრო დეტალურად არის ჩართული პროცესებში. მედიაცია დაწყებულია პირველივე დღიდან და სახელმწიფო წარმოდგენილია შრომის ინსპექციით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში არის ის, რომ მაღაროელების უფლებები დაცული იყოს, მათ ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანდაცვის მაღალი სტანდარტის შესატყვისი შრომის პირობები და ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული. რაც შეეხება ფინანსურ პაკეტს, შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას, ამასაც ვადევნებთ თვალყურს. ვიცით, რომ კომპანის აქვს გარკვეული შემოთავაზებები და ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია ალბათ უკვე მომზადებულია და შედგება უახლოეს პერიოდში. პირველ რიგში, თავად ბიზნესს, კომპანიას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომელიც ყველაზე მეტად ექმნებათ პრობლემა, რადგან მათი ბიზნესი პრაქტიკულად, გაჩერებულია, და ზარალობენ"- განაცხადა ნათია თურნავამ.

ჭიათურაში მაღაროელები უკვე მეათე დღეა გაფიცულები არიან. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს და გაფიცულების ნაწილმა პირი ამოიკერა.

საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, დღეს 80-წელი შეუსრულდებოდა

მერაბ კოსტავა მეუღლესთან, რუსუდან ბერიძესთან ერთად

საქართველო აღნიშნავს საბჭოთა პერიოდის დისიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების მე-80 წლისთავს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყვავილებით შეამკო კოსტავას საფლავი მთაწმინდის პანთეონში და გამოაცხადა მისი სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ.

საქართველოს ეროვნულ არქივში გამოიფინა ეროვნული გმირის წერილები და ფოტოები, მათგან ბევრი - პირველად.

მერაბ კოსტავა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა თანატოლებთან, მათ შორის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააარსა პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“. 1956 წელს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებას მოჰყვა მათი პირველად დაკავება, რასაც მრავალწლიანი რეპრესიები მოჰყვა.

საბოლოოდ ის 1987 წლის აპრილში, 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

მერაბ კოსტავა 1983 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა ქუთაისიდან თბილისში მგზავრობისას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დადებს 463 რეკრუტი და წვევამდელი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფიცს დადებს 463 რეკრუტი და წვევამდელი. ცერემონიები გაიმართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აგრეთვე ზუგდიდში, რაჭაში მრავალძალის მონასტერში, უფლისციხეში, ანანურსა და ყვარელში.

თბილისის ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ფიცს ჩაიბარებს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი.

ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ელისაბედ მეორემ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას.

“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას“, - წერს დედოფალი.

ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.

ევროკავშირის ქვეყნებში საერთო პარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა

ევროკავშირის წევრებიდან დღეს 21 ქვეყანაში იმართება ევროპარლამენტის არჩევნები. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში ამომრჩევლებს ეძლევათ შესაძლებლობა, განსაზღვრონ 751-წევრიანი ევროპარლამენტის შემადგენლობა.

კენჭისყრის პროცესი 23 მაისს დაიწყო და ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთსა და ჩეხეთში, დასრულებულია.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები ამაღამ გამოქვეყნდება, იტალიაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ (თბილისის დროით ღამის 1 საათზე).

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმა“ ერგო სამხრეთკორეულ ფილმ „პარაზიტს“

პონ ჟუნ-ჰო

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრემია, „ოქროს პალმა“, წელს ერგო სამხრეთკორეულ შავ კომედია „პარაზიტს“. მისი რეჟისორია პონ ჟუნ-ჰო.

გრან პრი მოიპოვა ფრანგი რეჟისორის, წარმოშობით სენეგალელი მატი დიოპის ნამუშევარმა მიგრანტებზე, „ატლანტიკამ“.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ესპანელი ანტონიო ბანდერასი, რომელიც განასახიერებს რეჟისორის როლს პედრო ალმოდოვარის ფილმში „ტკივილი და დიდება“. ხოლო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო ერგო ბრიტანელ ემილი ბიჩემს.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, ნიჩბოსნობაში 200 მეტრ დისტანციაზე გათამაშდა მედლები და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზაზა ნადირაძე ავიდა.

25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დისტანცია 39,921 წამში დაფარა და ფინალში პირველი შედეგით შევიდა. გადამწყვეტ გაცურვაში კი შედეგი ლამის ერთი წამით გააუმჯობესა, 39.191 წამი დააფიქსირა და ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალს ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი დაეუფლა (39.743). ბრინჯაოს – ბელარუსი არტიომ კოზიარი (39.819).

მსოფლიოს თასის შემდგომ ეტაპს გერმანიის ქალაქი დუისბურგი უმასპინძლებს, 31 მაისიდან 2 ივნისამდე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG