Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავი ორგანოები ირწმუნებიან, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გაიხსნა


თამარ ჩიქოვანი 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ჟურნალისტთა ინტერესის დაკმაყოფილებას შეეცადნენ, გიორგი სანაიას მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით.

თუმცა, ამ ბრიფინგის შემდეგ უამრავი კითხვა კვლავ უპასუხოდ დარჩა.

[ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] "მე გითხარით მთავარი, რომ დანაშაული არის გახსნილი, მკვლელობა არის გახსნილი, ეჭვმიტანილი არის დაკავებული, რომელიც აღიარებს ამ მკვლელობას. დანარჩენ დეტალებს მე ვერ გეტყვით. გითხარით, რომ ნუ გვიშლით ხელს".

ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის საყვედური დაიმსახურეს ჟურნალისტებმა, რომელთა ინტერესი წლევამდელ ზაფხულს საკუთარ სახლში მოკლული კოლეგის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გახსნის დეტალებისადმი სრულიად საფუძვლიანი გახლავთ. მით უფრო, რომ ჟურნალისტებსაც და საზოგადოების დიდ ნაწილსაც ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გახსნის შესაძლებლობა, სულ ცოტა ხნის წინათ, დიდად აეჭვებდათ. ამ ეჭვების თავისებურ დემონსტრირებად შეიძლება იქნეს აღქმული ის უამრავი ვერსია, რომელიც მკვლელობის მოტივებს უკავშირდებოდა, იქნება ეს თითქოს პანკისთან დაკავშირებული მითიური ვიდეოკასეტა, ქართველი ნარკობარონების შურისძიება თუ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართული ასე ვთქვათ "პატრიოტთა" თამაშების ულმობელი გათვლა.

შესაბამისად, 5 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ - სენსაციად იქნა აღქმული. შესაბამისად, საზოგადოებას და ჟურნალისტებს აინტერესებთ ყველაფერი - ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, როგორ დააკავა იგი პოლიციამ, რით დასტურდება, რომ პოლიციამ ნამდვილად მკვლელი დააკავა და, უმთავრესი - რა იყო მკვლელობის მოტივი.

ამ კითხვებიდან მხოლოდ რამდენიმეზე ჩათვალეს საჭიროდ პასუხის გაცემა გენერალურმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ხურცილავა თბილისელია, სხვადასხვა დროს მუშაობდა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაცვის სამსახურის სისტემებში. არსებობს ცნობები წარსულში ხურცილავას ნასამართლეობის თაობაზე, თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხურცილავამ აღიარა გიორგი სანაიას მკვლელობა. მისი ჩვენებების საფუძველზე ამოღებულია ნივთმტკიცებები - სანაიას ბინის გასაღები, გასროლილი ტყვიის მასრა და მკვლელობის იარაღი.

მაგრამ, სამართალდამცავები არ საუბრობენ ყველაზე მნიშვნელოვანზე - მკვლელობის მოტივზე. მათი განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ ამ თემაზე საუბარი.

რა მოტივი ამოძრავებდა მკვლელს? კობა ნარჩემაშვილის განცხადებით თუ ვისმჯელებთ, რომ შეკვეთილი მკვლელობისას რეგისტრირებულ იარაღს არ იყენებენ - როგორც ჩანს, გამოძიება პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. სხვათაშორის, ამის თაობაზე საკმაოდ ღიად მიანიშნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც 6 დეკემბერს გიორგი სანაიას მკვლელობას ემოციური აღელვების საფუძველზე ჩადენილი დანაშაული უწოდა.
XS
SM
MD
LG