Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილამდე სამართალდამცავი სამსახურების რეფორმის კონცეფცია უნდა მომზადდეს


დავით პაიჭაძე ორშაბათს, 10 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა იმ კომისიის პირველი სხდომა, რომელმაც სამართალდამცავ სტრუქტურათა რეფორმის კონცეფცია უნდა შეიმუშაოს.

კომისიაში შედის თითქმის ყველა იურისტი, რომელსაც საქართველოში მაღალი თანამდებობა უჭირავს. სხდომაზე თვითეული მათგანი სამომავლო რეფორმის საკუთარ ხედვას წარმოადგენდა. კომისიის ეს პირველი შეკრება თვალსაზრისთა შეჯამებითა და საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმებით დასრულდა. უზენაეს სასამართლოში გამოთქმულ რამდენიმე იდეას დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.

მთავრობის დამტკიცებას ვინც თვალყურს ადევნებდა, ეხსომება, რომ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე გენერალური პროკურორი თავიანთ თანამდებობებზე რეფორმისტული რიტორიკის თანხლებით მოვიდნენ. დღეს ქვეყნის ყველა ცნობილი იურისტი – სულერთია, სახელმწიფო პოსტი უჭირავს თუ არა, შეთანხმებულია, რომ სამართალდამცავ სამსახურებს რეფორმირება ჭირდება. სწორედ ამ რეფორმათა კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის პირველ სხდომაზე გაისმა იდეები და მოინიშნა პრიორიტეტები, რომლებიც, ალბათ, განსაზღვრავენ კიდეც ახლო მომავალში მუშაობის მიმართულებას.

[ხაბურზანიას ხმა]: ”ფაქტიურად, ჩვენ ვერ გავცდით გამოძიების საბჭოთა სისტემას; ჯერჯერობით ისევ აღიარებულია ძირითადი პოსტულატი, თითქოსდა, წინასწარი გამოძიება – ეს არის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პროცესი. მე ვიტყვი, რომ წინასწარი გამოძიება ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პროცესი და ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ფილოსოფიური და აზრობრივი მიდგომა”. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურზანიას ეს სიტყვები კომისიის მუშაობის ერთ-ერთ სამომავლო მიმართულებაზე მიუთითებს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რეფორმა უნდა შეეხოს გამოძიების სფეროს, რადგან დღევანდელი წესებით საგამოძიებო სისტემა არ მუშაობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა აუცილებლად მიიჩნია სხვა ქვეყნების, სახელდობრ, დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა. იურისტმა დავით უსუფაშვილმა სიტუაციას უნიკალური უწოდა, რადგან ბოლო ათი წლის მანძილზე ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა არსებითი ცვლილებების ინიციატივა თვითონ სამართალდაცავი სამსახურების ხელმძღვანელთაგან მოდის.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა ყურადღება გაამახვილა მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების ურთიერთდამოკიდებულებასა და ამ ფუნქციებთან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიმართებაზე. შეხვედრის თითქმის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ აუცილებელია გამოძიების გამარტივება, რადგან დღეს ხდება ფუნქციათა დუბლირება, რასაც მიაქვს დრო, ფული და ნერვები, ანუ ის რესურსები, ჩვენს ქვეყანას რომ აკლია. შინაგან საქმეთა მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი გამოვიდა გამოძიების ცენტრალიზაციის იდეით [ნარჩემაშვილის ხმა]: “თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ახლებური გამოძიების სისტემა, უმთავრესი უნდა შევცვალოთ – უნდა გვქონდეს გამომძიებლის ახალი სტატუსი და კერძოდ, როგორი: უნდა ამუშავდეს ფორმულა გამომძიებელი პლუს ოპერატიული მუშაკი, როცა გამომძიებელს აქვს საშუალება აქტიურად ჩაერიოს სისხლის სამართლის საქმის გახსნაში, ასე ვთქვათ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში და პირიქით: ოპერატიულ თანამშრომელს აქვს საშუალება ჩაერთოს მტკიცებულებათა დაფიქსირებაში და შემდგომ, მის შეფასებაში.”

პირველი სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ, ლადო ჭანტურიამ შეაჯამა და დასახა ის მიმართულებები, რაზედაც იურისტთა ამ წარმომადგენლობით საკრებულოს (27 წევრი) მუშაობა მოუწევს; ესენია: გამოძიების რეფორმა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შეცვლა, მომავალი სამართალდამცავების განათლების რეფორმა და პოლიციის ფუნქციათა ცვლილება. სამუშაო ჯგუფებიც ამ ნიშნით შედგება. აპრილამდე ყოვლისმომცველი რეფორმის კონცეფცია პრეზიდენტს უნდა მიაწოდონ. კარგია, თუ ანტიკორუფციული პროგრამის დარად, შევარდნაძე მას თაროზე არ შემოდებს.
XS
SM
MD
LG