Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და ურთიერთობების შესახებ


დავით პაიჭაძე მოლაპარაკებისა და ურთიერთობის რა ეტაპიც უნდა დაიწყოს ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის, დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა ამით არ იცვლება.

დევნილ მოსახლეობას, ყველაფერზე, რაც აფხაზეთში კონფლიქტსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შეეხება, ერთგვაროვანი აზრი არ აქვს, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელთაც დევნილთა დიდი ნაწილი თითქმის ერთსულოვნად ეკიდება. უწინარესად ესაა კონფლიქტის გაჭიანურების მიზეზი - საქართველოს ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა იმ პრობლემების გადასაჭრელად, კონფლიქტმა რომ წარმოშვა. რაც შეეხება რუსეთის როლს, აქ მათი აზრი იყოფა: ნაწილს სჯერა, რომ კონფლიქტის მოგვარება და დევნილთა შინ დაბრუნება მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებითა და რუსეთის კეთილი ნების გამოვლენის შემდეგ მოხერხდება, ნაწილს კი სწორედ რუსეთი მიაჩნია მთავარ მტრად და დამაბრკოლებლად. დევნილები უკმაყოფილონი არიან ქართულ-აფხაზური დიალოგის მიმდინარეობითაც. ჩემთან საუბარში ბევრმა განმიცხადა, რომ დიალოგში ჩართული აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები არ გამოხატავენ აფხაზი მოსახლეობის აზრს და მხოლოდ სეპარატისტულ ხელისუფლებას ახმოვანებენ. დევნილები ამტკიცებენ, რომ თავად ურთიერთობენ აფხაზეთში ადამიანებთან, რომელთაც საქართველოსადმი კეთილგანწყობა არ დაუკარგავთ და არძინბას რეჟიმიც არ ეხატებათ გულზე. დევნილთა აზრით, სწორედ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ რესურსს ქართულ-აფხაზური დიალოგის ნაყოფიერად წარმართვისათვის; მაგრამ ამ ხალხს არასოდეს დართავენ ნებას ღიად იურთიერთონ ქართველებთან. ჩემი კითხვა, ხსენებული რესურსის გაყინვა მხოლოდ პიროვნულ ურთიერთობათა დონეზე, მისი საჯაროდ ამოქმედების შეუძლებლობა თანდათან ხომ არ მოაკლებს მას მნიშვნელობას და საბოლოოდ სრულიად უსარგებლოდ აქცევს, არსებითად, უპასუხოდ დარჩა. დევნილთა სურვილია, ქართულ-აფხაზური დიალოგი წარიმართოს არა მარტო თბილისი-სოხუმის, არამედ სოხუმი-სოხუმის შეხვედრათა ფორმითაც, ანუ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს იქიდან დევნილი მოქალაქეები ელაპარაკონ. მსგავსი შეხვედრის მოწყობა შეუძლებელია, რადგან ქართული მხარე მონაწილეთა შერჩევისას ყოველთვის ითვალისწინებს აფხაზეთის სეპარატული ხელისუფლების კატეგორიულ პოზიციასა და გაეროს მისიის მოთხოვნებს, რაც დევნილთა მტკიცებით, ნიშნავს მათი წარმომადგენლების დატოვებას დიალოგის მიღმა. დევნილები მოუწოდებენ გაეროს მისიასა და მის ხელმძღვანელს, დიტერ ბოდენს, გაიღონ ძალისხმევა სწორედ ასეთ შეხვედრათა მოსაწყობად. დევნილი ხელისუფლები უმაღლესი საბჭოს წევრი, რაისა ქარაია მიიჩნევს, რომ გაეროს მისიაში დასაქმებულ ადამიანებს თავიანთი მაღალი ხელფასების გარდა ბევრი არაფერი აინტერესებთ, პირიქით, აწყობთ კიდეც დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, რადგან რისკის ზონაში ანაზღაურება მაღალია. ასეთი ფონის მიუხედავად, დევნილებს ერთი წუთითაც არ უნდათ იმის დაშვება, რომ აფხაზეთი საბოლოოდ დაიკარგა და დაბრუნებაზე ფიქრს სჯობს, დანარჩენ საქართველოში დამკვიდრებასა და ახალ პირობებთან სერიოზულ ადაპტაციაზე იზრუნონ.
XS
SM
MD
LG