Accessibility links

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და აშშ-ს ნავთობკომპანია ,,შევრონ -ტექსაკოს” დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარემ რიჩარდ ჰერმან მაცკემ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და აშშ-ს ნავთობკომპანია ,,შევრონ -ტექსაკოს” დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარემ რიჩარდ ჰერმან მაცკემ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ
სამხრეთი კავკასიის გაზსადენის, ბაქო-თბილისი- ერზერუმის, მშენებლობის ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხები განიხილეს ოთხშაბათს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. რიჩარდ მაცკე თბილისს ოთხშაბათს ეწვია. როგორც პრაიმ-ნიუსს პარლამენტის პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცნობეს, ნინო ბურჯანაძის თქმით, პარლამენტი ყოველმხრივ შეეცდება, რომ რატიფიცირების პროცესი არ გაჭიანურდეს. ”ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური პროექტები ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელს,” - განაცხადა სპიკერმა.

ყველა ახალი ამბავი

წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მუშა სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზი"

„ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში კომპანიის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. „ჯორჯიან მანგანეზის" წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, ამ დროისთვის მუშის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

შსს: ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

თურქეთი დათანხმდა სირიაში ოპერაციის შეჩერებას

თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე სირიაში, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს იმ ადგილების დატოვების საშუალება მიეცეს - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

როგორც პენსმა 17 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თქვა, ჩრდილოეთ სირიაში 120 საათით შეწყდება სამხედრო ოპერაცია, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები იქიდან გავიდნენ.

"ჩვენ ოპერაციას ვაჩერებთ. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება" - ეს სიტყვები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გადაწყვეტილებას ტვიტერით მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოანს და განაცხადა, რომ "მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

თურქეთმა თავისი შეტევა ცხრა დღის წინ დაიწყო, განაცხადით, რომ სურდა ტერიტორიიდან განედევნა ქურთთა ძალები.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტრამპის მიერ გასულ კვირაში მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანდა აშშ-ის ძალებს, რომლებიც იქ ქურთთა დანაყოფებს უჭერდნენ მხარს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში მებრძოლ ქურთებს მჭიდრო კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში 1980-იანი წლებიდან პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებს და რომელსაც ანკარა, ვაშინგტონი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევენ.

გორდონ სონდლანდი კონგრესის წინაშე გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე გამოდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების ფარგლებში.

მოსმენა დახურულ კარს მიღმა ტარდება, მაგრამ გამოქვეყნდა სონდლანდის შესავალი სიტყვის ტექსტი.

მასში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის იყვნენ პასუხისმგებელი, ტრამპის პირდაპირი მითითებით უნდა შეეწყოთ ხელი პრეზიდენტის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის.

სონდლანდის თქმით, ის არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ არ შეეძლო მითითებების დარღვევა და, გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ ჯულიანის შეეძლო ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობების აწყობა.

დიპლომატის სიტყვებით, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯულიანის შეუძლია წამოჭრას ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საკითხი.

ადრე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სონდლანდი უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად ცდილობდა, ზელენსკის გაეკეთებინა განცხადება, რომ უკრაინა განაახლებს ბაიდენთან დაკავშირებულ გამოძიებას.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო ეჭვის გამო, რომ ტრამპი ჯულიანისა და დიპლომატების გზით, ასევე პირადად, ახდენდა ზეწოლას უკრაინაზე, რომ ზიანი მიეყენებინა ჯო ბაიდენისთვის.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ხასიათისაა და რომ მას არაფერი დაუშავებია.

პუტინი აპირებს ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის შესახებ "ჟენევის პროტოკოლიდან" გასვლას

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილი, იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის კომპეტენციას შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოძიებაზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეულია „საერთაშორისო ვითარების მზარდი რისკებით“, ასევე "არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებით“.

განმარტებით ბარათში ცალკე მითითებულია, რომ კომისიაში არ იყო შეყვანილი რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ მის ბიუჯეტში საწევროს იხდიდა.

საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის უფლებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიებაზე, საბჭოთა კავშირმა რატიფიცირება მოახდინა 1977 წელს. თავად კომისია შეიქმნა 1949 წელს, ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში, მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.

1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჟენევის მეოთხე კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმად იქცა, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდა ყველა ქვეყნისთვის.

კონვენციის მთავარი მუხლი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უშუალოდ ომში მონაწილეთა ერთმანეთისგან გარჩევას.

თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა და სანქციების საკითხზე ისაუბრა.

„ათათურქმა ჩვენ, თურქებს დაგვიბარა – თუ საკითხი შეეხება სამშობლოს, სხვა ყველაფერი არის დეტალები“, - დიპლომატის განცხადებას „პირველი არხი" აქვეყნებს. მისი თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე თურქეთმა თავად უნდა იზრუნოს.

როგორც ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური ინტერესები.

„ყველა ქვეყნის ინტერესებში შესაძლოა, არ შედის თურქეთის უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა. ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები და რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, თუ ეს ზეგავლენას იქონიებს, მზად ვართ ამისთვის. თუ არ გვექნება სამშობლო და ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, მას არანაირი ფასი არ ექნება”, - ამბობს ელჩი.

აშშ-მა საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაუბლოკა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებსაც და მათთან ფინანსური ურთიერთობა აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

სანქციებით ვაშინგტონმა უპასუხა სირიის ჩრდილოეთში, ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც 9 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

ზალკალიანი სირიის საკითხზე: ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს, რომ მის საზღვრებთან უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარემო. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ, რომ ორ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს – შორის, იყოს მიღწეული შეთანხმება, რადგანაც ეს დიდწილად განაპირობებს რეგიონში შემდგომ უსაფრთხოებას”, – დავით ზალკალიანის განცხადებას ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.

დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობა „სერიოზულად ფიქრობს და აანალიზებს” სირიაში თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით.

„ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელია ამაზე როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით, მუდმივი მონიტორინგის და კონსულტაციების რეჟიმში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც თურქეთთან, ისე ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – დასძინა ზალკალიანმა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის

ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო.

20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს, ფინალის გზაზე დაამარცხა უნგრელი ანდრეა კარმანი, სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მიბერგი და სამხრეთკორეელი მიმი ჰუმი. საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ კანაკო ჰაკამატას დაუპირისპირდა და 57 წამში იპონით მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე 57 კილოგრამში მოჭიდავე 42 ძიუდოისტს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი. შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ის ძიუდოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ვებსაიტმა judoinside-მა მსოფლიოს ხუთ უმთავრეს ტალანტს შორის დაასახელა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მაიკ პენსი და მაიკ პომპეო ანკარაში ხვდებიან რეჯეპ ტაიპ ერდოანს

მარცხნიდან: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, მაიკ პენსი და მაიკ პომპეო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში, საპრეზიდენტო სასახლეში, ხვდებიან თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანს. მათი ვიზიტის მიზანია, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ ჩრდილოეთ სირიაში, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალები მეცხრე დღეა ებრძვიან. თურქეთმა იერიში წამოიწყო, რათა გაწმინდოს რეგიონი ქურთების შეიარაღებული ძალებისგან და ბუფერული ზონა შექმნას იქ სირიელი ლტოლვილების ჩასასახლებლად.

ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში მოულოდნელად გადაწყვიტა ჯარების გამოყვანა ჩრდილოეთ სირიიდან, სადაც ისინი ქურთ მებრძოლებს ეხმარებოდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ სირიის ქურთი მებრძოლები წარმოადგენენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ფრთას, პარტიისა, რომელიც პარტიზანულ ომს აწარმოებდა თურქეთის ტერიტორიაზე 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, აშშ და ევროპის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ თურქეთში პენსისა და პომპეოს შეხვედრა წარმატებული იქნება. თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდება, ტრამპის თქმით, „სანქციები, ტარიფები და სხვა რამეები“ გამანადგურებელ ზემოქმედებას იქონიებს თურქეთის ეკონომიკაზე.

გიორგი გახარია: შატილში დამწვარი სკოლის ნაცვლად ახალი აშენდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას.

პრემიერი შატილის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდება.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ - აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა.სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობდა.

შატილის ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძარის შედეგად შენობა დაიწვა. დაშავებულები არ არიან.

ეს შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი იყო, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა კაბინეტის წარმომადგენელმა ჯეიკობ რის-მოგმა.

მისი თქმით, დეპუტატთა წინაშე იქნება შესაძლებლობა აირჩიონ ევროკავშირიდან შეთანხმებით და შეთანხმების გარეშე გასვლას შორის. ორივე შემთხვევაში ბრიტანეთმა 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს ევროკავშირი.

ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა უკვე განაცხადეს, რომ წარმოადგენენ შესწორებას იმის თაობაზე, რომ შეთანხმება რეფერენდუმზე უნდა იქნეს მოწონებული. მოსალოდნელია სხვა შესწორებებიც.

ბრექსიტის ახალი პირობების შესახებ დღეს შეთანხმდნენ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ მას მოიწონებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება. შეთანხმების ძალაში შესასვლელად მას რატიფიკაცია უნდა გაუკეთონ ევროპის პარლამენტმა და ბრიტანეთის პარლამენტმა.

შეთანხმების ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

მოლაპარაკებებზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოახერხა იმის მიღწევა, რომ შეთანხმება არ შეეხოს ე.წ. „ბეკსტოპს“. „ბექსტოპი“ არის ჩრდილოეთ ირლანდიის ავტომატური ყოფნა ევროკავშირის საბაჟო კავშირში და ერთიან ევროპულ ბაზარზე მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო შეთანხმებები ირლანდიასთან საზღვრის თაობაზე. მაგრამ ამის სანაცვლოდ ბრიტანეთს მოუწია იმაზე დათანხმება, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში დე ფაქტო მოქმედებდეს გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ტერიტორიისგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმი.

ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას. მაგრამ ბევრ მიმომხილველს ეჭვი ეპარება ამაში.

შატილში სკოლის შენობა იწვის

საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის 3 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არ არიან.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ფხია ჭინჭარაულმა გაავრცელა.

კახა კოჟორიძე: ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატი კახა კოჟორიძე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი, რომელიც აქიმიძე-დვალმა 17 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანეს საკუთარი 60%-ის დასაბრუნებლად, ხანდაზმულობის პრობლემის მქონეა.

„ცოტა უცნაურია, ბატონი პაატასგან ამის თქმა, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის პრობლემა დაისვა ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვის დროს და მაშინ ხალვაშის ადვოკატები ამას იმით ხსნიდნენ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო 2012 წლის არჩევნებამდე, განხორციელებული იძულება გაგრძელდა არჩევნებამდე და პროკურატურაში სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან. უზენაესმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაშიც 2012 წელს დასრულდა. აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს“, - აცხადებს კოჟორიძე, რომელიც ამავდროულად გამოთქვას მზაობას, ნებისმიერ ეთერში ესაუბროს პაატა სალიას ამ საქმესთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

თბილისის აეროპორტში ტაქსის ახალი კომპანია შემოვიდა, მგზავრობა 30-40 ლარი ეღირება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ (Bene Exclusive) ტაქსები მოემსახურებიან.

მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით, 30-დან 40 ლარამდე იქნება.

„აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group-ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს“,- ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi 2012 წლიდან დღემდე ახორციელებდა.

პაატა სალია ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე: მათი სარჩელი არის დაგვიანებული

დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. სარჩელი ხანდაზმულია,- ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

მამუკა ხაზარაძე: არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი, უწმინდესთან რომ არ მივსულიყავი მაკეტით

არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის,- უთხრა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პატრიარქს სამომავლო გეგმების და ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა.

„შევხვდი უწმინდესს. მოვუყევი მას ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი – ბორჯომი, ლისის ტბა, თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია და მას არ დაელოცა, ასე ვთქვათ, არ გადაესახა ჯვარი ამ ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პატრიარქს ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს პროექტად მიაჩნია.

„დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდაიცვალა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი

ელაიჯა კამინგსი

აშშ-ში გარდაიცვალა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი. ის 68 წლის იყო. მისი კომიტეტი ერთ-ერთია წარმომადგენელთა პალატის იმ სამი კომიტეტიდან, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიებას აწარმოებენ. რამდენიმე დღის წინ მან სხვა კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა გამოძიებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტს. ელაიჯა კამინგსი ცნობილი იყო, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი. კონგრესში ის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პოლიციაში თავად მივიდა

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, გუშინ, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც საღამოს შინ დაბრუნდნენ, მოგვიანებით სახლიდან გავიდნენ, გვიან ღამით კი მამაკაცი პოლიციაში თავისი ავტომობილით მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაში იყო. წყაროს ცნობით, ქმარმა ცოლი გაგუდა.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომელთაგან 2 ტყუპია.

შსს-ს ცნობით მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში კაცმა ცოლი მოკლა. შსს-ს ცნობით მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დამატებითი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია

20-21 ივნისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული მუხრან ფანგანი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ორი ათასი ლარის გირაოთი შეუცვალა 20-21 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ მუხრან ფანგანს. მან ბრალი აღიარა, რის შემდეგაც დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს შესახებ, ბრალდების მხარე დაეთანხმა.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ შორის არიან პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები: ქიბარ ხალვაშის არგუმენტები მისსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული

„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავის ახალ ეტაპს იწყებენ. როგორც 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ჟურნალისტებს უთხრეს, მათი სტრატეგია მარტივია: გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.

აქიმიძე-დვალის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ, რომელმაც სარჩელი მოამზადა, ახსნა, რომ ამ სტრატეგიის შედეგად მოსამართლეს, რომელსაც საქმის განხილვა მოუწევს, მხოლოდ ორი არჩევანი ექნება: ან უნდა დააკმაყოფილოს რუსთავი ორის თანადამფუძნებლების სარჩელი, ან უნდა უარყოს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების უარყოფა კოჟორიძის თქმით საკმაოდ პრობლემური იქნება - გამომდინარე კანონიდან, რომლის თანახმადაც, ამ ინსტანციის განმარტებას აქვს კანონის ძალა და ყველა მოსამართლეს მართებს მისი გათვალისწინება.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელის საქმის სასამართლოში დაბრუნება ერთის მხრივ კიდევ ერთი მცდელობაა, დაიბრუნონ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი, მეორეს მხრივ კი გამოცდა სამართლიანი სასამართლოსთვის. 17 ოქტომბერს მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, არ შეუშალოს ხელი სასამართლოს სარჩელის განხილვის პროცესში და კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ ტელეკომპანიის სრულად გადაცემა ქიბარ ხალვაშისთვის სამარლიანობის აღდგენად ვერ ჩაითვლება - მათი პოზიციის თანახმად რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღსდგება, როდესაც ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 2014 წლის 16 ივნისს იძულებით დადებულ ხელშეკრულებამდე მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ორგანიზებული შეტევაც გაიხსენეს: მათი თქმით ამ პერიოდში ისინი იყვნენ მუდმივი თვალთვალისა და შანტაჟის მსხვერპლები, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათო ოჯახის წევრებზე და მუდმივი დაკვირვებისა და დევნის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნული პაატა სალია თვლის, რომ აქიმიძე-დვალის და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამფუძნებლების შემთხვევაში შესაძლოა ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე"- თქვა პაატა სალიამ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ბრიფინგის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მთავრობას ურჩევენ, არჩევნებამდე თავი შეიკავოს პენსიის და ხელფასის გაზრდისგან

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები.

ძირითად მიგნებებს შორისაა მთავრობის გადაწყვეტილება, ხელფასის და პენსიის გაზრდის შესახებ:

- 194 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მილიონი ლარით. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი);

- 2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, „ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.“

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს.

იუნკერი: მიღწეულია ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გაავრცელა ცნობა ტვიტერის საშუალებით, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე შეთანხმება შედგა.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმება საშუალებას აძლევს გაერთიანებულ სამეფოს დატოვოს ბლოკი. შეთანხმება ახლა ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს.

იუნკერმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება სამართლიანი და გაწონასწორებულია. მხარეებს შეთანხმებისთვის ვადა ეწურებოდათ 31 ოქტომრებს.

"სადაც ნებააა, იქ არის შეთანხმება და შევთანხმდით", დაწერა იუნკერმა ტვიტერში. "რეკომენდაციას ვუწევ შეთანხმებას ევროპის კავშირის საბჭოსთან მხარი დაუჭიროს მას", დასძინა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

17 ოქტომრებს 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურები ბრიუსელში იმსჯელებენ შეთანხმების გარშემო.


შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უწოდა "დიდებული ახალი შეთანხმება ბრექსიტის შესახებ". თუმცა, მოელიან, რომ მას წინააღმდეგობა ექნება სამშობლოში, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია მხარს არ დაუჭერს შეთანხმებას.

დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს ბრიტანეთის პარლამენტმაც.


ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG