Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა და ჯაზო საფაროვები სამართალდამცავთა წინააღმდეგ


სოზურ სუბელიანი, თბილისი თბილისის 109 სკოლის პედაგოგს ტერეზა საფაროვას პროკურატურა სერიოზულ ბრალდებებს უყენებს.

ექვსი სხვადასხვა მუხლით წაყენებულ ბრალდებებს შორის პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებაც ფიგურირებს. მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საფაროვების ოჯახში აღსრულების პოლიციის 9-კაციანი ჯგუფი შეიჭრა, რის შემდეგაც ტერაზა საფაროვა და მამამისი, პირველი ჯგუფის ინვალიდი ჯაზო საფაროვი საავადმყოფში მოხვდნენ. სამი თვის განმავლობაში საფაროვები დაზარალებულად იყვნენ მიჩნეული, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრალი თავად ტერეზა საფაროვას წაუყენა.

რამდენიმე წლის წინ საფაროვების ოჯახში ერთი შეხედვით სრულიად ბანალური საშინაო კონფლიქტი დაიწყო: 72 წლის ჯაზო საფაროვის უმცროსმა ვაჟმა, ფერეზ საფაროვმა ჯერ საკუთარი ბინა გაყიდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მამამისის საცხოვრებელი ბინაც მიეყოლებინა და ცოლ-შვილიანად უცხოეთში გადასახლებულიყო. მან ჯერ კიდევ 1993 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ მოახერხა, ბინის პრივატიზება თავის სახელზე გაეკეთებინა.

როგორც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, მან პრივატიზება კანონდარღვევით, ამ სახლში ფაქტობრივად მცხოვრები მამისა და დის ნებართვის გარეშე გააკეთა. 4 წლის წინ ფერეზ საფაროვმა ბინიდან საკუთარი მამისა და ორი დის გამოსახლება მოითხოვა, დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს მოსამართლეებმა მარინა გაბუნიამ და სოსო მუმლაძემ კი მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. მამა, პირველი ჯგუფის ინვალიდი ჯაზო საფაროვი აცხადებს, რომ მოსამართლეებმა მას სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მისცეს: [ჯაზო საფაროვის ხმა]. “ეს ოთხი წელია, ეს საქმე სასამართლოშია. გაბუნია საერთოდ არ მინახავს, არც ვიცი, ქალია თუ კაცია, მუმლაძემ კიდევ, სიტყვა ვთხოვე და გარეთ გამაგდო, ჩემთვისაც არ უნდა ეკითხა ერთი სიტყვა, კაცო? მე ვარ მამა, ბინა ამიშენებია 1949 წელს, ცოლი მომიყვანია 1951-ში, ეს ბავშვი, ახლა რომ მიჩივის, 1960 წელს არის დაბადებული. მის დაბადებამდე 11 წლით ადრე ბინა მქონია… მეორე ბინაც გაყიდა, ახლა ამას ყიდის, მე გარეთ დავრჩე, კაცო? რას მიშვრება, ვერ გავიგე, კაცო”.

ჯაზო საფაროვი 4 წლის წინ სრულიად დაბრმავდა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისევ ფერეზ საფაროვი იყო, რომელიც მამას სასტიკად სცემდა ხოლმე: [ჯაზო საფაროვის ხმა]. “ერთი ხუთ-ექვს ადგილზე ვმუშაობდი მე, დიდუბის რაიონის სახლმმართველობაში, ტაჩკაცა მქონდა, მაროჟნის ვყიდიდი კიდე, დავდიოდი კაცო, ვმუშაობდი. შვილმა დამაბრმავა ბინის გულისთვის! თქვენ არ იცით, რაშია საქმე? სანამ კოვზი პირამდე მიმიტანია, ხან ცხვირს ვარტყამ, ხან ტუჩებში, ხან დაბლა – არ შემიძლია კოვზი პირდაპირ ტუჩებთან მივიტანო. ვოფშემ, ჩემი შვილები ნემსებს იკეთებენ, მორფინისტები არიან, დასამალი რა არის!..”

ჯაზო საფაროვმა და მისმა ქალიშვილებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქოში გაასაჩივრეს. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყება 10 თვით გაჭიანურდა და მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა მკვდარი წერტილიდან, როცა მოსარჩელეებმა უზენაესი სასაამართლოს თავმჯდომარეს, ლადო ჭანტურიას მიმართეს განცხადებით. ამის შემდეგ, გასული წლის 4 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახელი განხილვისთვის იმავე სასამართლოში დააბრუნა. თუმცა, სასამართლომ აღსრულების შეჩერების დადგენილება არ გამოიტანა, რაიონულ სასამართლოშიც გაჭიანურდა საქმის განხილვა და მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საფაროვებს სააღსრულებო პოლიციის ცხრაკციანი რაზმი მიადგა: [ჯაზო საფაროვის და სოზარ სუბელიანის ხმა].
-
“2 საათი იყო, როცა მოვიდნენ, კარი გააღეთო. მე არ ვაღებ, რატომ უნდა გავაღო, კაცო, დამანებეთ თავი. მერე აკოშკიდან შემოვარდნენ. ფანჯრიდან, ფანჯრიდან, აი, აკოშკიდან, მანქანა დააყენეს და გადმოხტნენ. ვჭყურივარ, ვჭყავივარ, გული მიმდის, წყალს მასხამენ. ვინ აკეთებს, ნემენცი არ აკეთებს ამ ამბავს, რაც არის ჩვენს თავზე, რა. თავში დამარტყეს, კიდევ ისა მაქვს თავზე, რა.”
-
“ხელი დაგარტყეს?”
-
“დამარტყეს, რა ვიცი, დამარტყეს, მე ვხედავდი, რა დამარტყეს? როგორც ბურთი, ისე მაგდებდნენ იქით-აქეთ. გული მიმდის, წყალს მასხამენ… სამჯერ წყალი დამასხეს, გული მიმდიოდა, მერე კიდევ წყალს მასხამდნენ”.

ჯაზო საფაროვთან ერთად სახლში მისი ორი ქალიშვილი ცხოვრობს. ერთ-ერთი, როზა საფაროვა პირველი ჯგუფის ინველიდია და მამასაც და დასაც ტერეზა საფაროვა უვლის. ტერეზას თქმით, პოლიციელებმა მასაც სცემეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ტანზე სიგარეტი მიაწვა. ამის შემდეგ მან მოახერხა ჯერ მეზობლებთან გაქცეულიყო, შემდეგ კი სახალხო დამცვველის ოფისში მივიდა. იმ ღამეს ჯაზოც და ტერეზაც საავადმყოფოში გახდნენ მისაყვანი, სადაც თავზე დიდუბის რაიონის პოლიცია დაადგათ. პოლიციამ დაზარალებულებს ჩვენებები ჩამოართვა, ექსპერტიზა ჩაუტარა და ჟურნალისტებსაც გააცნო საქმის ვითარება. ამ საქმის გახმაურებით თვით ქალაქის პოლიციის მაშინდელი უფროსი, სოსო ალავიძე დაინტერესდა, რაც, როგორც ჩანს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი დაპირისპირებებით აიხსნება – აღსრულების პოლიცია სწორედ იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.

სამი თვის განმავლობაში საფაროვები დაზარალებულებად იყვნენ მიჩნეულნი, რის შემდეგაც ვითარება შეიცვალა და მთავარ ბრალდებულად ტერეზა საფაროვა იქცა. დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც გამომძიებელი ხვედელიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ძიებით დადასტურდა, რომ აღსრულების პოლიცია, რომელსაც პაატა კაკულია ხელმძღვანელობდა, კანონის ფარგლებში მოქმედებდა: [ხვედელიძის ხმა]. “ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იქნა შეწყვეტილი”.

სამაგიეროდ, ძიებამ სააღსრულებლო პოლიციის ნაცვლად ახალი ბრალდებული აღმოაჩნია: [ხვედელიძის ხმა]. “ამჟამად ბრალდებული უკვე ტერეზა საფაროვაა და მიცემულია სისხლი სამართლის პასუხისგებაში: ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით; სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა; მფლობელობის ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარით ბინაში უკანონოდ შესვლა, რამაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის წინააღმდეგ მოქმედება; ასევე აღსრულების პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარა და ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით თვითონ პოლიციელების მიმართ”.

თავად პაატა კაკულიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის მიმართ ძიება, პრაქტიკულად, დამთავრებულია:

[სოზარ სუბელიანის და პაატა კაკულიას ხმა].
-
“თვითონ ტერეზა საფაროვას მიმართ თქვენ შეიტანეთ საჩივარი?
-
დიახ!
-
რა მუხლებია, ხომ ვერ გვეტყვით?
-
ვერ გეტყვით!”

ტერეზა საფაროვას მიმართ წაყენებულ ბრალდებებში რამდენიმე საჩოთირო მომენტია. მაგალითად, საკმაოდ საეჭვოა ბრალდება, რომელიც ბინაში უკანონო შესვლას შეეხება. ჯერ ერთი, ტერეზა საფაროვა ინვალიდი მამისა და დის კანონიერი მეურვეა. მეორეც, 9 აგვისტოს, როცა საფაროვების ბინას აღსრულების პოლიცია მიადგა, სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ უკვე შეჩერებული იყო და სასამართლოს შესაბამისი დადგენილებაც უნდა გამოეტანა, რაც არ გააკეთა. კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საქართველოს იეზიდთა კავშირის თავმჯდომარე როსტომ ატაშოვიც მიუთითებს: [როსტომ ატაშოვის ხმა]. “თუ ის პოლიციელები და ის აღმასრულებლები მართლა არის ნაცემი ბრმა, უსინათლო კაცისა და მარტოხელა ქალის მიერ, მაშინ რატომ არ მიმართა ექსპერტიზას რომელიმე აღმასრულებელმა ან პოლიციელმა? რატომ არ მიმართეს საავადმყოფოს, როცა პირიქით ხდება – ამ ხალხმა მიმართა სასამართლოს და მიმართა ექსპერტიზას…”

ჯაზო საფაროვი იმასაც ამტკიცებს, რომ მის სახლში შეჭრილი აღმასრულებლები მთვრალები იყვნენ:

[სოზარ სუბელიანის და ჯაზო საფაროვის ხმა].
-
“რომელი ბანდიტია ეს ჩემი გოგო, მუშაობს ამდენი წელია, განათლებულია, მე კიდევ, შრომითა ვარ, შრომითა ვარ, შრომითა ვარ. ახლა ესენი წერავენ, კაკულიას მოკვლა უნდოდაო… აბა, მიდით, დაიჯერეთ, მიდით, რა, მიდით!”
-
“მთვრალები რომ იყვნენ, საიდან იცით?”
-
“როგორ, ვა, პირზე არ ეტყობა, ეს სუნი რომ მოდის? საიდან რომელია?”

ჯაზო და ტერეზა საფაროვებს შუამდგომლობას სახალხო დამცველის ოფისი, საქართველოს იეზიდთა კავშირი და იეზიდების სულიერი ლიდერები უწევენ. სახალხო დამცველის რწმუნებული, ცირა თელოიანი კი გენერალურ პროკურორს მიმართავს თხოვნით, შექმნას საზოგადოებრივი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც ამ საქმის მიუკერძოებლად და კომპეტენტურად გამოძიებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG