Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის არაფორმალური შეხვედრა ქართველებსა და აფხაზებს შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 25 დეკემბრის საღამოს გადაცემაში თქვენ გაეცანით ინფორმაციას ბერლინის არაფორმალური შეხვედრის შესახებ, რომელიც ქართულ-აფხაზური სემინარ-დიალოგის ჩარჩოებში გაიმართა.

დღეს ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ.

ბერლინის შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სამი საკითხი; პირველი: იძულებით ადგილნაცვალი პირები და ლტოლვილები, მეორე: უსაფრთხოების პრობლემა, მესამე: საერთაშორისო საზოგადოების როლი.

საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზთა მხარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს ლტოლვოლთა დაბრუნების საკითხში, როცა პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებისათვის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეალურად კი დაბრუნების პროცესს ეწინააღმდეგება.

სემინარზე პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან სოხუმის ხელისუფლება, ფაქტობრივად, უარს ამბობს ლტოლვილთა დაბრუნებაზე, ანუ ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების რეალიზაციაზე, ამიტომ აფხაზეთის დემოკრატიულ განვითარებაზე საუბარიც კი აზრს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, აფხაზთა მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას მოიპოვებს და დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნის.

რაც შეეხება უსაფრთხოების პრობლემას: აფხაზთა მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობა სჭირდებათ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ამ საკითხში რუსეთის დახმარების იმედი აქვთ. ბუნებრივია, სემინარზე დაისვა შეკითხვა, თუ რატომ არ ითხოვენ ისინი უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსაგან, რაზეც გაისმა პასუხი, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების გაცემის უნარი არ შესწევს.

პაატა ზაქარეიშვილმა კი საქართველოს ხელისუფლება იმისთვის გააკრიტიკა, რომ მას დღემდე არ შეუმუშავებია უსაფრთხოების მექანიზმები და აფხაზთა მხარისათვის არ მიუცია საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტია.

ბერლინის სემინარის მონაწილეებს შეხვდათ დიტერ ბოდენი: გაეროს საგანგებო წარმომადგენელი კონფლიქტის ზონაში. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, [პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “დიტერ ბოდენი ძალიან გონიერად და ძალიან ზომიერად გამოვიდა ჩვენთან, მონაწილეობა მიღო ერთ დღეს ჩვენს მუშაობაში და საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიციები და პრეტენზიები როგორც აფხაზების, ისე ქართველების მიმართ და მე მიმაჩნია, რომ იგი კიდევ უფრო ლმობიერი იყო ქართველების მიმართ და მე პირდაპირ დავუსვი კითხვა აფხაზების წინაშე: როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ჩუმი, ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, წამხედური პოლიტიკა ქართველების მიმართ. როცა ქართველები რაღაცას არღვევენ, კეთილი ინებონ, გაერომ, და მოგვცხონ კარგად, შემოგვილაწუნონ ცოტა.”

წინა გადაცემაში ითქვა, რომ ბერლინის შეხვედრაში არაოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები კერძო პირების სტატუსით. ქართულ ჯგუფში იყვნენ პარლამენტარები არმაზ ახვლედიანი და ფიქრია ჩიხრაძე, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი შალვა ფიჩხაძე, საგარეო ურთიერთობების ექსპერტი არჩილ გეგეშიძე. აფხაზთა მხარეს წარმოადგენდნენ ასტამურ აპბა, მანანა გურგულია, ლეონიდ ლაკერბაია, რუსლან ქიშმარია და სხვები.

პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს: [პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ჩვენ არ ვღებულობთ არანაირ გადაწყვეტილებებს, არაფერს ხელს არ ვაწერთ, ეს არ არის მოლაპარაკებები და მხოლოდ შეხვედრა, ამიტომ არაფორმალური შეხვედრა ფორმალური ხალხისა საკმაოდ საინტერესო შედეგს იძლევა ორივე მხარისათვის მეტ-ნაკლებად სრულმასშტაბიანი ინფორმაციის მისაღებად.”

ქართველებისა და აფხაზების შემდეგი არაფორმალური შეხვედრაც ბერლინში, მომავალი წლის აპრილში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG